ექიმი, თამარ ჟამურაშვილი, მეთიუ ბრაიზას 19 ოქტომბრის ინტერვიუს ავრცელებს სოციალურ ქსელში და წერს:
“საინტერესო ფენომენია, რომ ჩემი როგორც არაპოლიტიკოსის და ზოგადად პოლიტიკისგან მკვეთრად გამიჯნული ადამიანის პოზიცია მსოფლიო პოლიტიკოსის, ბ-ნი მეთიუ ბრაიზას პოზიციას ემთხვევა, მაშინ როცა საქართველოს წამყვენი პოლიტიკოსები ზედაპირული მჭევრმეტყველებით არიან დაკავებულნი!
ჩვენ ვაღიარებთ თუ არა, ფაქტია რომ მსოფლიო აღიარებს საქართველოს ღრმა კრიზისს!
ფაქტია, რომ ამის თავიდან აცილება შეიძლებოდა!
ფაქტია და აუცილებელია დიპლომატიური გზით პოლიტიკური გამოსავლის მოძებნა და მაგალითად საერთაშორისოდ აღიარებული სამართლიანი სასამართლო ერთ-ერთია მათ შორის.
აუცილებელია მოლაპარაკებების დაწყება!
ზოგადად ხარაკირის გაკეთების უნარი მხოლოდ ძლიერთა ხვედრია, მაგრამ ნუთუ ვერ ხვდებით, რომ სააკაშვილის ხარაკირი თქვენთვის ცელის გამოსმის ტოლფასი იქნება?!
ნუთუ აუცილებელია კიდევ ერთი რევოლუცია ქვეყანაში? თუ ვინმეს მართლა ჰგონია რომ მორიგი რუსიფიკაცია შესაძლებელია საქართველოში?
ცეცხლს ნუ ვეთამაშებით! მმართველმა გუნდმა, ხომ ყველაზე კარგად იცით მოსახლეობის რა კატერგორიის ხმები გაქვთ მიღებული? უმრავლესობას სააკაშვილთან პირადი წყენა აკავშირებს ან 50 ლარი სჭირდებოდა ან ჩვეულებრივი მედროვეა, საბჭოთა კავშირიც რომ მოსწონდა, რადგან ლუკმაპური ედო მაგიდაზე და სულ არ ადარდება ქართული წიგნების გამოცემისთვის თუ ფილმების გადაღებისთვის რუსების თანხმობა რომ იყო საჭირო და არც ის, მსოფლიოში რუსებად რომ გვიცნობდნენ ამხელა ისტორიისა და კულტურის პატრონებს!
პანდემიის პერიოდში ექიმებისთვის არ დაჯერება, საჭირო რეგულაციების არ დაწესება, მიტინგების მოწყობა – ნონსენსია! მიკვირს, ივნისიდან მოყოლებული მიკვირს, ჩემი კოლეგების დუმილი, მაგრამ ეს სხვა თემაა…
ერთი ქართველის თხოვნა:
ვიპოვოთ დროულად გამოსავალი ურმის გადაბრუნებამდე!
ნუ ვწირავთ ამდენ ხალხს ამდენი თავყრილობებით, პანდემია მართვადია სწორი სტრუქტურის შემთხვევაში!
ნუ დავაკარგინებთ საქართველოს სახეს და ნუ ვიქცევით ისევ ბარბაროსებად!
… და ბოლოს! არ ვიცი სააკაშვილამდე ჩემი სიტყვები მივა თუ არა, მაგრამ ბ-ნო მიშა, ასეთი ოპოზიციის იმედად მე პირადად შიმშილობას არ დავიწყებდი!
ნურავის გეწყინებათ, მაგრამ ნუთუ სულ ეს ხართ?
P.S: ეს მხოლოდ ჩემი პოზიციის დაფიქსირებაა და დებატებში შესვლას არავისთან ვაპირებ. თუ ვინმეს განსხვავებული აზრი გაქვთ, იქნებ ჰკითხოთ საკუთარ თავს, თქვენი აზრი უფრო მნიშვნელოვანი და კორექტულია თუ მეთიუ ბრაიზასი?!”
შეგახსენებთ, 19 ოქტმბერს, მეთიუ ბრაიზამ თქვა:
“ჩიხიდან გამოსავალი შესაძლოა სააკაშვილის ხელახალი, საერთაშორისოდ აღიარებული სამართლიანი სასამართლო იყოს”
კომენტარები