მიხეილ რამიშვილმა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო დატოვა.
ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატი თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის გახსნის პროცედურას ესწრებოდა.
როგორც რამიშვილმა ჟურნალისტებს სამხარაულის ბიუროდან გამოსვლის შემდეგ უთხრა, ბიუროში მისვლის დროს, მას კომპიუტერის პაროლი მოხსნილი დახვდა, თუმცა ამოღებულია თუ არა იქიდან რაიმე სახის ინფორმაცია, ექსპერტიზის ბიუროსა და გამოძიების მიერ, რამიშვილი ვერ აკონკრეტებს.
ადვოკატი ამბობს, რომ ამჟამად კომპიუტერში არსებული ინფორმაციის კოპირება მიმდინარეობს, რასაც სავარაუდოდ, რამდენიმე საათი დასჭირდება.
„მიმდინარეობს ექსპერტიზა და სკანირება, რასაც გარკვეული დრო დასჭირდება, ლეპტოპის გახსნას ჩემთან ერთად პროკურორი და ექსპერტები ესწრებოდნენ. სკანირების დასრულების შემდეგ, ინფორმაცია გადაეცემა გამოძიებას და ამის შემდეგ გავეცნობი მეც“
რაც შეეხება თამარ ბაჩალიაშვილის გაუქმებულ “ფეისბუქ-გვერდს”, რამიშვილი ამბობს, რომ ექსპერტიზის ბიუროს სპეციალისტები ამ ფაქტსაც სწავლობენ, ამ ეტაპზე კი რაიმე მოსაზრების გამოთქმისაგან, ადვოკატი თავს იკავებს.
კომენტარები