რუსეთის პრეზიდენტი აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ჯანმრთელობას უსურვებს. ასე გამოეხმაურა ვლადიმერ პუტინი ჯო ბაიდენის განცხადებას.
„რაც შეეხება ჩემი ამერიკელი კოლეგის განცხადებებს. რას ვუპასუხებდი მას? მე მას ვეტყოდი, ჯანმრთელად იყავით. მას ჯანმრთელობას ვუსურვებ.
ბავშვობაში, როდესაც ეზოში ერთმანეთს ვეკამათებოდით ხოლმე, ჩვენ ვამბობდით: „ვინც იძახის, იძახის, თავის თავზე იძახის და ეს არ არის შემთხვევითი. როდესაც ვაფასებთ სხვა ადამიანებს და სხვა ერებს, ჩვენ თითქოს სარკეში ვიყურებით და ჩვენს პრობლემებს სხვებს ვაკისრებთ”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
ვლადიმერ პუტინის განცხადებით, აშშ-ის ხელმძღვანელობაში ბევრი პატიოსანი და წესიერი ადამიანია და რუსეთი მათ დაეყრდნობა.
პუტინის თქმით, აშშ-ის ხელისუფლებას რუსეთთან ურთიერთობების წარმოება მხოლოდ ვაშინგტონის პირობებით სურს, რუსეთი კი იმუშავებს მხოლოდ მისთვის ხელსაყრელი პირობებით.
შეგახსენებთ, „ეიბისი ნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დადებითად უპასუხა შეკითხვას, მიიჩნევს თუ არა ის ვლადიმირ პუტინს მკვლელად. ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლება აშშ-ის 2020 წლის არჩევნებში ჩარევის გამო საფასურს გადაიხდის.
კომენტარები