ლევან ჯავახიშვილი
კურორტი ბახმარო, რომელიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, უნიკალური სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა. მთის კლიმატური კურორტია პროფილაქტიკური და პულმონოლოგიური პროფილით. თუმცა, მალე შესაძლოა, ბახმარო, როგორც სამკურნალო კურორტი, აღარ გვქონდეს და ერთ ჩვეულებრივ მაღალმთიან სოფლად იქცეს. საქმე იმაშია, რომ ბახმაროში, მდინარე ბახვისწყალზე, ჰესის მშენებლობას აპირებს ამერიკული კომპანია „სი-სი-ი-ეიჩ ჰიდრო VI“. ჰესის დადგმული სიმძლავრეც 10.9 მეგავატი იქნება. ჰესი „ბახვი–1“ 60 მილიონი ლარი დაჯდება და მისი წლიური გამომუშავება 43.1 მილიონ კილოვატს შეადგენს. სულ 3 ელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება ბახვისწყალზე, მაგრამ დანარჩენი ორი ბევრად ნაკლები სიმძლავრისა და სავარუდოდ, კურორტს ნაკლებ საფრთხე შეუქმნის. თუმცა, გურიის მკვიდრნი ამბობენ, რომ არც ამ ორი ჰესის მშენებლობის შემთხვევაში არ არსებობს გარანტია, რომ მთავარი სამკურნალო ფაქტორი არ დაირღვევა – მთისა და ზღვის შერეული ჰავა.
ეკონომიკის სამინისტროს დიდი ჰესის მშენებლობაზე ნებართვა დიდი ხანია გაცემული აქვს და როგორც გურიაში ამბობენ, კომპანია ამ ზაფხულს უკვე სამშენებლო სამუშაოების დაწყებას აპირებს. თუმცა, მოსახლეობის დიდი ნაწილი ჰესის მშნებლობის წინააღმდეგია . მართალია, ბახმარო ზამთარში დაცლილია, ადგილობრივი მოსახლეობა ბარშია ჩამოსული, მაგრამ საკუთარი სახლები არავის გაუყიდია და ზაფხულში ბრუნდებიან და სახლებს და საოჯახო სასტუმროებს აქირავებენ, რაც ბევრი მათგანისთვის შემოსავლის ერთდერთი წყაროა. ეს ხალხი ხომ ამ შემოსავალს დაკარგავს, მაგრამ ეს არ არის მთავარი. ჰესის მშენებლობის შემთხვევაში, ქვეყანას აღარ ექნება კურორტი, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს საკავშირო დანიშნულებისა იყო და ტუბერკულიოზის, ფილტვების და სუნთქვის ორგანოთა სხვა და სხვა დაავადებებს კურნვდა თავისი უნიკალური ჰაერის მეშვეობით. ასევე, ბახმარო გამოიყენება სისხლნაკლებობის, ნევრასთენიისა და ლიმფადენიტის სამკურნალოდ.
უფრო დეტალურად ჰესის მშენებლობის შესახებ, „ალიას“ ესაუბრება ქალაქ ოზურგეთის მკვიდრი, „ბახმაროს გადარჩენის“ საინიციატივი ჯგუფის წევრი, გიორგი მუხუზლა.
– ამერიკული კომპანია კომპანია „სი-სი-ი-ეიჩ ჰიდრო VI“ 10.9 მეგავატიანი ჰესის, „ბახვი–1“–ის აშენებას აპირებს, რაც ბახმაროს კურორტის სტატუსს დაუკარგავს, რადგან სრულად შეცვლის კურორტზე ეკოლოგიურ მდგომარეობას. ჰესი შენდება ბახმაროში მზის ჩამავალ გორაზე, ადგილობრივები ასე უწოდებენ მას. ამ გორაზე რომ დადგეთ, დაინახავთ, როგორ ჩადის ზღვაში მზე. ამერიკული კომპანია 3 ჰესის მშენებლობას აპირებს მდინარე ბახვისწყალსა და ნაკადულის, ბაისურას შენაერთთან. ამ ტერიტორიებზე, 9 ჰექტარზე უნდა მოხდეს ტყის მასივის მოჭრა. ლაპარაკია ასწლოვან წიწვოვან ხეებზე. არადა, ბახმაროს რეკრეაციული ზონის სტატუსი აქვს მინიჭებული და წესით, იქ ერთი ხის მოჭრაც არ შეიძლება. ვინმემ რომ მოჭრას, უშველებელ ჯარიმას აკიდებენ. წარმოიდგინეთ ახლა, 9 ჰექტარზე რამდენი ხე გაიჩეხება. 14 კოლიმეტრიანი ბახვისწყალი უნდა მოაქციონ 4 კილომეტრიან მილში. ჩვენ კომპანიის ხელმძღვანელობასთან გვქონდა შეხვედრა და ვკითხეთ, რამდენი პროცენტი წყალი დარჩებოდა კალაპოტში, ჰესის აშენების შემთხვევაში. გვითხრეს, რომ ევროპული სტანდარტით 30% წყალი დარჩებოდა. თუმცა, მოგვატყუეს. ეკონომიკის სახელმწიფოს მიერ გაცემულ ნებართვაში წერია, რომ წყლის 10% დარჩება. სადაც კაშხალი შენდება, იქ 8000 კუბური მეტრი წყლის დაგუბება უნდა მოხდეს. კომპანია, რომელიც დასაწყისშივე გატყუებს, ცხადია, ხალხს მის მიმართ ნდობა არ გააჩნია. კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თუ 9 ჰექტარ ტერიტორიაზე ხე–ტყეს მოვჭრით, სამგიეროდ, 20 ჰექტარზე გავაშენებთო. ასწლოვან ხეებს ვერ ჩაანაცვლებენ ვერაფრით, ეს ერთი. მეორეც ამხელა ტერიტორიაზე ხეების მოჭრა, მეწყერს და კიდევ რა უბედურებას გამოიწყვევს, კაცმა არ იცის. ასევე, კომპანია სანაცვლოდ ხეებს თუ მართლა დარგავს, ის ხეები როდის გაიზრდება? ბახმაროში დარღვეული მიკროკლიმატი აღარასოდეს აღდგება. რაც შეხება „ბახვი–2“–ს და „ბახვი–3“–ისინი ბახმაროს ტერიტორიზე არ შენდება, ქვემოთ, ოზურგეთის ტერიტორიაზე აშენებენ. ეს ორი ჰესი კიდევ დამატებით რა საფრთხეს შეუქნიან ბახმაროს, ეს ჯერ კიდევ გასარკვევია.
– სოფლები არის იმ ტერიტორიაზე, რომლის გაჩეხვასაც აპირებენ?
– არა, ტყის მასივია, მთლიანად ნაძვნარია. ბახმაროს უნიკალურობა არის იმაში, რომ იქ ზღვისა და მთის ჰაერის შერწყმა ხდება და ეს ჰაერის ტუბერკულოზისა და სხვა დაავადებების სამკურნალო ბუნებრივი საშუალება. ბახმაროში ეს შერწყმული ჰაერი, ღრუბლის სახით შემოდის და იმ ღრუბელს სუნთქავს ხალხი. მერე ღრუბელი იშლება ჰაერის მასად და ზღვისა და მთის ჰაერს ერთდროულად სუნთქავს ხალხი. თუ ჰესი აშენდა, ამ ღრუბელმა უნდა გამოიაროს იმ დაგუბებულ წყალში, აიღებს ნესტს და მერე შემოვა ბახმაროში. გამოდის, ნესტიანი ჰაერის სუნთქვა მოუწევს ხალხს და ეს უკვე სამკურნალო ჰაერი კი აღარ იქნება, პირიქით სახიფათო გახდება, რადგან ვინც ამ ჰაერს ჩაისუნთქავს, ნესტიანი ჰაერი მოხვდება მის ფილტვებში და ფილტვისა და სასუნთქი გზების დაავადებებს გამოიწვევს. ჰესი კი არა, ჩემი ნება რომ იყოს, ავტომობილებს არ ავუშვებდი ბახმაროში, რომ მათ გამონაბოლქვს არ დაებინძურებინა ჰაერი, იმდენად უნიკალური კურორტია. კონკრეტული ადამიანების ინტერესების გამო, უნდა განადგურდეს კურორტი, რადგან მათ ასე უნდათ.
– ბახმაროს დაცული ტერიტორიის სტატუსი არ აქვს?
– არა, სამწუხროდ, ეს სტატუსი ბახმაროს არ გააჩნია. ამ თემაზე იყო საუბარი, ერთ–ერთი არასამთავრობო ორანიზაცია მუშაობდა ამ საკითხზე, უნდოდათ, დაცული ტერიტორიის სტატუსი მინიჭებოდა ბახმაროს, მაგრამ ვერ მოხერხდა. ვფიქრობ, იმ ხალხმა დაბლოკა ის საკითხი, ვინც ამერიკულ კომპანიას მისცა ბახმაროში ამხელა მშენებლობის უფლება. კომპანიას უკვე დიდი რესურსი აქვს დახარჯული და ახლა ამას არავინ გააკეთებს.
…კომპანიას შექმნილი აქვს ე.წ. საინიციატივო ჯგუფი, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები და ჟურნალისტები არიან გაერთიანებულნი. წესით, ისინი ჰესის აშენების წინააღმდეგ უნდა იბრძოდნენ, მაგრამ ხმას არ იღებენ და თუ იღებენ, ჰესის აშენებას უჭერენ მხარს.
– თქვენ თვლით, რომ გარკვეული საშულებებით გააჩუმეს ის ხალხი, ვინც უნდა აპროტესტებდეს და ხმას არ იღებს ჰესის მშენებლობის შესახებ?
– მე ვერაფერს დავამტკიცებ ამ ეტაპზე, ხელს ვერავის დავადებ, მაგრამ მათი დუმილი სერიოზულ ეჭვებს იწვევს. ერთი სტატია არ დაწერილა დღემდე, რომ ამდენი ხე–ტყე უნდა მოიჭრას და ბახმარო განადგურდება. თუ რაიმე წამიკითხვს ამ თემაზე, მხოლოდ დადებით კონტექსშია მოხსენიებული კომპანია, ჰესი და იმაზე კეთდება აქცენტი, რომ მისი აშენება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობიასთვის აუცილებელია. ეს არის იმის მიზეზი, რომ თქვენ დაგიკავშირდით და თქვენი და „ალიას“ იმედადღა ვართ.
–„ბახვი–1“ სადაც შენდება, იმ ტერიტორიაზე რა ხდება? უკვე დაწყებული აქვს მშნებლობა კომპანიას? სამშენებლო ტექნიკა შეყვანილია?
–იმ ტერიტორიზე არავის უშვებენ, ეს ნამდვილად ვიცი. ბახმაროში ახლაც თოვლია და სამშნებლო და სხვა სახის სამუშაოების წარმოება შეუძლებელია. მაისის ბოლომდე ვერ დაიწყება მშნებლობა. როგორც ვიცი, ბახმაროს გვერდი რომ აუარონ და ტექნიკა ისე შეიყვანონ ბახვისწყალთან, ოზურგეთიდან ამოყავთ გზა. ეს ჯერ დაუდასტურებელი ინფორმაციაა, მაგრამ მე რეალურად მეჩვენება. შარშან, შემოდგომით დავაფიქსირეთ ტრაქტორები იმ ტერიტორიაზე, სადაც მდინარის დაგუბება უნდა მოხდეს. გადავუღეთ სურათები, სოც–ქსელებით გავავრცელეთ და ვფიქრობ, ამის მერე გადაწყვიტეს და შეაჩერეს ტრაქტორების მუშაობა. ის ტრაქტორები ისევ იქ იქნება, უკან გამოყვანილი არავის უნახავს. არ შეიძლება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მიზეზით ბახმაროს განადგურება, მაგით აშინებენ ხალხს. ვერ გავიგე, „ნამახვანჰესისა“ არ იყოს, ენერგოდამოუკიდებლობას უნდა შევწიროთ ყველაფერი? სხვათაშორის, „ნამახვანჰესის“ აშენების წინაღმდეგ ვინც იბრძოდა, ვარლამ გოლეთიანი და მისი მომხრეები, ჩვენ მხარს გვიჭერენ. მეც ვიბრძოდი „ნამახვაჰესის“ აშენების წინააღმდეგ, 7 თვე ვიყავი მათთან კარავში. ვიღაცები ჯიბეებს ისქელებენ და ქვეყანას ანადგურებენ. ჰესის აშენების შემთხვევაში, ნადგურდება ფაუნაც. მაგალითად, ამ ამერიკულმა კომპანიამ ჩაატარა კვლევა. იმ ტერიტორიებზე, სადაც უნდა მოიჭრას ხეები და მოხდეს ბახვისწყალის დაგუბება. ვითომ წელიწადის ოთხივე თვეს უნდა განეხორციელებინათ მონიტორინგი, რომ დაედგინათ, რა სახეობის ცხოველები და ფრინველები ბინადრობდნენ იმ მოდამოებში. სინამდვილეში, ივლისში ერთი თვით დააყენეს კამერები და დასკვნა დადეს, რომ არც მურა დათვია ბახმაროში, არც კავკასიური ფოცხვერი. არადა, მურა დათვი და კავკასიური ფოცხვერი არის ბახმაროში და ორივე წითელ წიგნშია შეტანილი. გესმით? მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ბახმაროში ეს ცხოველები ბინადრობენ და ამერიკული კომპანია გვიმტკიცებს, ასე არ არისო. რა კველევებიც აქვს ამ კომპანიას ჩატარებელი, არც ერთი არ არის სანდო, მათ შორის კლიმატოლოგიური დასკვნა, ბახმაროში ჰესის აშენების შემთხვევაში თუ რა კლიმატაური ცვლილებები მოხდება. ჰესის აშენების წინააღმდეგნი არ ვართ, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაც გვინდა, მაგრამ არა უნიკალური ბუნების, კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლების განადგურების, სოფლების დატბორვისა და ჩაძირვისა და უნიკალური კურორტების განადგურების ხარჯზე.
– ხელისუფლების წარმომადგენლებს ხომ არ შეხვედრიხართ?
– ჯერ არა, მაგრამ თუ ტექნიკა აიყვანეს ზემოთ და დააპირეს სამუშაოების დაწყება, ჩვენ არ გავჩერდებით. დავიწყებთ საპროტესტო აქციებს და მერე მოვითხოვთ ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას. იმასაც ვიტყვი, რომ მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისა არ არის ბახმარო, ყველას მისახედია და ყველამ ერთად უნდა გადავარჩინოთ. ბოლოს და ბოლოს, ადგილობრივი თუ თბილისელი ჩინოვნიკების უმრავი სახლია ბახმაროში, უმეტესობამ ბოლო წლებში აიშენა და თუ ჰესი აშენდა, ჩათვალეთ, რომ ბახმაროში ნესტიანი ჰაერის ჩასაყლაპად, დასასვენებლად აღარ ჩამოვლენ, ის სახლები დაკარგულია, კაპიკი გახდება მათი ფასი…
კომენტარები