დაჯგუფება „ვაგნერის“ დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის განცხადებით, ბახმუტის ბრძოლებში 10 ათასი ყოფილი პატიმარი დაიღუპა.
მისი თქმით, „ვაგნერმა“ 50 ათასი პატიმარი გადაიბირა, მათ შორის 20 პროცენტი განადგურდა. მისივე თქმით, ასეთივე დანაკარგია სხვა კატეგორიის მებრძოლებს შორისაც.
შეგახსენებთ, 21 მაისს პრიგოჟინმა განაცხადა, რომ ვაგნერის“ სამხედროებმა უკრაინის ქალაქ ბახმუტის ტერიტორია, დაპირებისამებრ, დაიკავეს. 22 მაისს კი განაცხადა რომ მისი მებრძოლები ბახმუტის მოწინავე პოზიციებიდან უკანა ხაზზე გადავლენ და ეს პროცესი პირველ ივნისამდე დასრულდება.
„25 რიცხვიდან ვტოვებთ სამხედრო მოქმედებების ზონას. პირველი ივნისიდან „ვაგნერის“ არცერთი მებრძოლი არ იქნება მოწინავე პოზიციებზე, ვიდრე ჩვენ არ აღვიჭურვებით და ხელახალ ფორმირებას და სწავლებას არ გავივლით“, – თქვა მაშინ პრიგოჟინმა.
ამასთან, უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები ბახმუტის ნაწილს ამ დრომდე აკონტროლებენ.
უფრო ადრე, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა, რომ უკრაინელმა დამცველებმა ბახმუტი ნახევრად ალყაში მოაქციეს, რაც ოკუპანტების განადგურების შესაძლებლობას იძლევა. მისივე თქმით, უკრაინელები ბახმუტის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში სამრეწველო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე კონტროლს ინარჩუნებენ.
„ჯი-ეიჩ-ენი“
კომენტარები