“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი, სოციალურ ქსელში სკანდალურ განცხადებას და ფოტოებს ავრცელებს:
“ყოველი ახალი დღე ახალი პროვოკაცით იწყება. დღეს აქტუალური ბათუმის ბანერის თემა გახდა. ეს ბანერი სრულიად განსხვავებული სახით მივიღეთ პოლიტსაბჭოზე. ბანერზე აქცენტირებული იყო აჭარა, მაგრამ არა წითელ ფერში, არამედ როგორც ყურადღების მიპყრობის ცენტრი, წარწერით – sos! რასაც ფოტოზე ხედავთ!
მართალია, წითელი ფერიც იხილებოდა, შავიც და ყავისფერიც და კიდევ ბევრი სხვა ვარიანტი, მაგრამ საბოლოოო ვარიანტი ეს იყო!
დღეს მთელი დღეა ჟურნალისტებს ვპასუხობ კითხვაზე, რატომ უნდა დავიცვათ აჭარა, რა ხდება იქ განსაკუთრებული. აჭარაში რომ თურქეთის მხრიდან მიზანმიმართული ეკონომიკური და იდეოლოგიური ექსპანსია ხორციელდება, ამაზე მრავალი წელია საჯაროდ ვსაუბრობთ. ვსაუბრობთ არა მარტო ტელეთერებში, არამედ პარლამენტში მქონდა რამდენიმე საჯარო მოხსენება აჭარის თემაზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს პარლამენტის ტრიბუნიდან რამდენჯერმე მივმართე, რომ დაეწყოთ გამოძიება აჭარაში მიმდინარე პროცესებზე, მაგრამ ამ თემაზე ჩვენ კიდევ ბევრჯერ ვისაუბრებთ და რა თქმა უნდა, დასაცავია აჭარა, დასაცავია ჩვენი წილი საქართველო!
ვიდრე ბანერის თემაზე გიპასუხებთ, მინდა ერთი საგულისხმო ინფორმაცია მოგაწოდოთ: ეს ინფორმაცია 100%-ით სანდო და სარწმუნოა. სააკაშვილმა და ბოკერიამ გადაწყვიტეს და მოქმედებენ უკვე, რომ 50 000- დან 1 000 000 ლარს ზემოთ გადაუხადონ იმ ადამიანების, რომლებიც ჩვენი პარტიიდან შიდა ინფორმაციას გაიტანენ. სჭირდებათ ყველანაირი ინფორმაცია, რაზე ვსაუბრობთ, ვინ მოდის ჩვენთან, რას ვგეგმავთ, ვის ვეკონტაქტებით ტელეფონით და ა.შ. სჭირდებათ ფოტო, აუდიო მასალა. მოკლედ, უკანონო გამოძიებას აწარმოებენ. ამ თანხების ფონზე, ვინმეს 10 000 ლარი რომ გადაუხადონ, ცხადია, ის თავისუფლად გააგზავნის არასწორად შეფერადებულ ბანერსაც და გააკრავს კიდეც იმ ადგილზე, რომელიც მერიასთან დღემდე არ შეგვითანხმებია. ისე გააკრავს, რომ მეც, დავით თარხან-მოურავიც და პოლიტსაბჭოს წევრებიც ამას სააკაშვილ-ბოკერიას ტელევიზიებიდან გავიგებთ. დღეს ასეც მოხდა.
ანუ რას ვამბობ? იმას ვამბობ, რომ არ გამოვრიცხავ შიდა და გარე პროვოკაციას. ბანერიც სხვა ფერებში დაბეჭდეს, შეუთანხმებელ ადგილზე დაკიდეს, მერე თვითონვე მოხსნეს. ამით იაფფფასიანი პიარი გაიკეთეს, ჩვენ კი ეს ყველაფერი ტელევიზიებიდან გავიგეთ!
თანაც, ანჩისხატობის დღეს. რა შუაშია ანჩისხატობა? პირდაპირ შუაშია. ტაძრიდან მოვედი, არაფერი არ ვიცი, ოფისში ვისაც ეს საქმე ეხება, არავინაა და კომენტარებს საღამომდე ისე ვაკეთებ, რომ თვითონ არა ვარ თემაში გარკვეული.
მოკლედ, ეს ყველაფერი მტრების მიერ დაგეგმილი და მოფიქრებული მგონია. თუმცა, შეიძლება შემთხვევითობების ჯაჭვია და ვცდები.
მთავარი კი ისაა, რომ დაუდოღლუს და ერდოღანის გამონათქვამებზე უნდა გავბრაზდეთ, აჭარაში მიმდინარე ეკონომიკურ და იდეოლოგიურ ექსპანსიაზე უნდა გავბრაზდეთ და არა ბანერის ფერის გამო, მოვაწყოთ ჭიქაში ქარიშხალი.
დღეს ბანერის თემას მდინარაძე, კობახიძე და კობახიძის მრჩეველი -შარმანაშვილი გამოეხმაურნენ. ფეიკი მეგონაო, -მდინარაძემ.
მე თვითონ მდინარაძე მგონია პოლიტიკური ფეიკი. კობახიძე შმატრიოტებზე რომ საუბრობს, ალბათ, თავის თავს გულისხმობს, ვინაიდან დღემდე ვერ გაიგო და კიდევ დიდიხანს ვერ გაიგებს, რა არის ეროვნული ცნობიერება და ასეთი ადამიანი პარლამენტის თავმჯდომარე რომ იყო, ესეც ფეიკი მგონია და არა რეალობა. შარმანაშვილზე არაფერს ვიტყვი, ის უბრალოდ ნულია.
P.S. ისე, “ქართული ოცნების” აჭარის კანდიდატების პრეზენტაცია წეღან თურქული გემის ფონზე რომ მიმდინარეობდა, ეს, ერთობ ეხმიანება ოცნების ლიდერების პათოსს.”
კომენტარები