“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია ყოფილი თანაგუნდელის დავით ბაქრაძის განცხადებას დოკუმენტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით არაკორექტულად აფასებს. მისი თქმით, ცუდი შედეგის შემთხვევაში ბაქრაძე საერთოდ არ აპირებდა პარლამენტში შესვლას, შემდეგ კი პარტია საერთოდ დატოვა.
ბოკერიამ ასევე შეაფასა თანაგუნდელების არმაზ ახვლედიანისა და შალვა შავგულიძის პოზიცია, რომლებმაც დოკუმენტზე ხელის მოწერის მზაობა გამოთქვეს. მისი შეფასებით, ევროპული საქართველოს წევრების გადაწყვეტილება მცდარია:.
„ვწუხვარ, მცდარ გადაწყვეტილებად მიმაჩნია ასეთ ეტაპზე ამ განცხადების გაკეთება. ეს ორი ადამიანი, შალვა და არმაზი ჩვენს პარტიულ სიაში იყვნენ, ამიტომ მცდარ გადაწყვეტილებად მიმაჩნია ამის დაფიქსირება.
რაც შეეხება დავით ბაქრაძეს, აქ კიდევ უფრო უხერხული და არაკორექტული ვითარებაა. ბატონმა დავითმა არჩევნებამდე ჯერ ჩვენ პოლიტიკურ გუნდში და შემდეგ საჯაროდ თქვა, რომ ცუდი შედეგის შემთხვევაში, საერთოდ არ აპირებდა პარლამენტში შესვლას, მერე პარტიული პოლიტიკიდან მივდივარ და ვერ ვხედავ საკუთარ თავსო. უხერხული და არაკორექტული ამბავია რბილად რომ ვთქვა, თუ ეს ყველაფერი იმ კონტექსტში იყო, რომ საკუთარ თავს პოლიტიკაში ვერ ხედავდა, მაგრამ პარლამენტში ხედავდა“, – განაცხადა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, დავით ბაქრაძიემ განაცხადა, რომ რიგგარეშე არჩევნების ბმა ადგილობრივ არჩევნებზე არ არის საუკეთესო და სწორი გზა რიგგარეშე არჩევნების დასანიშნად, მაგრამ სასწორის მეორე მხარეს დიდი პოლიტიკური ფასი და ინტერესი დევს. როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, ის დოკუმენტის შესახებ იფიქრებს და გადაწყვეტილებას პარტიებთან ერთად ლოგიკურ ვადაში გაახმოვანებს.
კომენტარები