ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ, ნეკა დოროყაშვილმა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ჩვენება მისცა, სადაც ვიდეოჩანაწერი აჩვენეს. დოროყაშვილის თქმით, ჩანაწერი 2018 წელს, აშშ-ში ყოფნისასაა გაკეთებული. მისივე თქმით, სასტუმროს ნომერში ბასილაშვილმა მას ჩანთა ჩაარტყა, რომელშიც ჩოგნები იდო. – ბარგს რომ ალაგებდა, თან ბრუნდებოდა და თან მირტყამდა …
ვიდეოჩანაწერის ახსნისას, დოროყაშვილი განმარტავს, რომ ძალადობა დიდხანს გრძელდება და ჩანთის ჩარტყმის შემდეგ, ბასილაშვილმა მას ხელიც დაარტყა
“გარდა იმისა, რომ ჩემოდანს მირტყამს, შემდეგ ხელს აყოლებს და ტანითაც მეცემა ზემოდან. იყო შეკითხვა, რატომ გამეთიშა ტელეფონი, ამხელა ჩოგნის ჩანთის ჩარტყმის შემდეგ და ამხელა ადამიანი რომ დაგეცემა ინსტინქტია, რომ ხელს იფარებ. როდესაც თვითონ ამ ჩანთის აღება უჭირს, თან მეუბნება “შე ნაბიჭვაროო”, შემდეგ მირტყამს და სხეულით მეცემა“, – ამბობს ნეკა დოროყაშვილი.
ვიდეოჩანაწერში ისმის მისი ხმაც – „გამაგებინე, რატომ, რის გამო მირტყამ. გაეთრიე თუ არ გინდა, მომშორდი საერთოდ, რაში მჭირდები. გული გამისკდა ნერვიულობით, საერთოდ რა ღირსი ხარ ცრემლებს ვღვრიდე“
ფიზიკურის შემდეგ, ბასილაშვილი ფსიქოლოგიურ ძალადობაზე გადადიოდა. დოროყაშვილის აზრით, ბასილაშვილი ასე იმ მიზნით იქცეოდა, რომ თავი მომეკლა – თქვა დოროყასილმა სასამართლოზე.
“ძალადობების შემდეგ ნიკოლოზი შედიოდა საპირფარეშოში და რთავდა მაღალ ხმაზე მუსიკას, განსაკუთრებით მაშინ თუ შემამჩნევდა, რომ ვტიროდი და ვიყავი ძალიან ცუდად. მაჩვენებდა, რომ მას კი არ ვეცოდებოდი, არამედ ფიზიკური ძალადობის შემდეგ გადადიოდა ფსიქიკურ ძალადობაზეც, ბოლო პერიოდში მქონდა განცდა, ამას ხომ არ აკეთებდა იმიტომ, რომ ჩემით მომეკლა თავი.” თქვა მან დღევანდელ სასამართლო პროცესზე.
შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
კომენტარები