საპარლამენტო უმრავლესობის წევრის კარლო კოპალიანის აღშფოთება გამოწვია პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ნიკანორ მელიას ადგილმონაცვლის, ბადრი ბასიშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის შესახებ საკითხის განხილვამ.
“რაც ამ წუთას ამ დარბაზში ხდება არის ჩვენი შეურაცხყოფა და თუნდაც იმ ინსტიტუციის შეურაცხყოფა, რასაც პარლამენტი ჰქვია. ადამიანები არ შემობრძანდნენ, არ იკადრეს, რადგან იციან რომ ჩვენ აუცილებლად უნდა გავხადოთ პარლამენტარი მათი პარტიის წევრი.
ვიცი, რომ ჭავჭავააძეები და ჯავახიშვილები არ ჰყავთ მათ სიაში, მაგრამ სია იმას ნიშნავს, რომ ბასიშვილის გარდა, იქ სხვებიც არიან, კეთილი ენებათ და სხვა წარმოედგინათ. თქვენი ლოგიკით აუცილებლად უნდა შეგვეწყვიტა უფლებამოსილება ნიკანორ მელიასთვის, მაგრამ დღის წესრიგში დადგა? ხომ იყო მსჯელობის საგანი და ასეა ეს საკითხიც.
ამ ადამიანის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობა აუცილებელი არ არის” მიმართა კარლო კოპალიანმა პარლამენტის საპროცედურო და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილს, რომელმაც აღნიშნული საკითხი რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განსახილველად გამოიტანა.
კოლეგებმა კარლო კოპალიანს განუმარტეს, რომ პარლამენტი აღნიშნული საკითხის განხილვის გარეშე, სხვა საკითხების განხილვას და კენჭისყრების ჩატარებას ვერ მოახერხებს, უმრავლესობა კი, გრძნობს საკუთარ პასუხისმგებლობას და ის იძულებულია დაიცვას კანონის მოთხოვნები.
კომენტარები