პროფესორი გია ნოდია:
„ბათუმის გემის საწინააღმდეგო პროტესტის შეფასებაში ცოტა ზედმეტად ვართულებთ საკითხს. ხელისუფლების პოზიციაში ყველაფერი ცხადია: მისი ზოგადი პოლიტიკიდან გამომდინარე, მან ვერ გაბედა ან არ მოინდომა ელემენტარულად სწორი ნაბიჯის გადადგმა, რაც რუსული გემისთვის ბათუმში ვიზიტზე უარის თქმა იქნებოდა. მისი შემდგომი რიტორიკაც და ქმედებებიც ამ საწყისი არჩევანის ლოგიკური გაგრძელებაა. მათთან სალაპარაკო არაფერია.
ნაკლებ მესმის მათი, ვინც ამ პროტესტს სხვა მოტივებით აკრიტიკებს. ორი არგუმენტი შემხვდა. ერთი ასეთია: რატომ უნდა დავწვრილმანდეთ პრობლემის სიმპტომებზე, როცა ძირითად პრობლემას – რუსული ხელისუფლების შეცვლას, ვერ ვწყვეტთ. ეს უკანასკნელი ნამდვილად სამწუხაროა, მაგრამ ეს არ ნიშნავს მანამდე არაფერი ვქნათ და მხოლოდ ფეისბუქზე ვიმეოროთ, რომ „ავადმყოფი ერი“ ვართ. ეგრე არც გავრილოვის ინციდენტის და არც აგენტებზე „რუსული კანონის“ გაპროტესტება იყო სწორი. რუსული გემის ვიზიტის გაპროტესტება გამართლებული და აუცილებელი იყო და ნაწილობრივი გამარჯვებითაც დამთავრდა. ასეთი პატარ-პატარა გამარჯვებები უნდა შევირგოთ; ისინი უფრო დიდი გამარჯვების შანსს ზრდის (თუმცა გარანტიას არ ქმნის).
მსგავსი არასწორი არგუმენტია „აბა ლარსიდან რატომ ვუშვებთ რუსებს“ და ა.შ. რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას და მათი აქ ყოფნის უფრო მკაცრ რეგულაციებს მეც ვუჭერ მხარს, მაგრამ ინდივიდუალური რუსების და გემის შემოსვლა პრინციპულად სხვადასხვა „წონის“ მოვლენებია და მათი აღრევა არ შეიძლება. რუსული გემების, ისევე როგორც თვიმფრინავების მიღება პოლიტიკური აქტია და მასზე შესაბამისი რეაქცია უნდა გვქონდეს, რაც არ დაიყვანება რუსეთის ინდივიდუალური მოქალაქეების მიმართ დამოკიდებულებაზე.“
კომენტარები