ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბათუმის ყოფილი მერის, გიორგი ერმაკოვისა და მერიის კიდევ ექვსი ყოფილი მაღალჩინოსნის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება.
გიორგი ერმაკოვის ადვოკატის, ლევან მახარაშვილის განცხადებით, საქმეში არანაირი დანაშაული არ იკვეთება, ეს არის მხოლოდ სამოქალაქო დავა და არა სისხლის სამართლის დანაშაული.
„გიორგი ერმაკოვი იყო ბათუმის მერი. ედავებიან, თითქოს ბათუმის მერიის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად გაფლანგა ბათუმის მერიის კუთვნილი თანხები. კერძოდ, უნდა აშენებულიყო ე.წ. იაფი სახლი, რომლის აშენებაც ვერ განახორციელა სამშენებლო კომპანიამ. პროკურატურამ და ფინანსურმა პოლიციამ ჩათვალეს, რომ თითქოს ამაში ბრალი მიუძღვით ერმაკოვს და სხვა თანამდებობის პირებს. რეალურად გამოძიება მიმდინარეობდა სამი წლის განმავლობაში. ჯერ იძიებდა ფინანსური პოლიცია, შემდეგ პროკურატურა. დაახლოებით 17 ტომია ეს საქმე. საქმეში არ მოიპოვება არც ერთი მტკიცებულება. გაფლანგვა გახლავთ ბუნებით განზრახი დანაშაული, შესაბამისად, უნდა დასტურდებოდეს უტყუარად დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი. არც ერთი და არც მეორე არ დასტურდება. ძალიან მარტივად რომ გითხრათ, წარმოიდგინეთ, ვიქირავეთ სამშენებლო კომპანია სახლის ასაშენებლად, ამ სამშენებლო კომპანიამ სრულყოფილად არ შეასრულა ვალდებულება. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ჩვენ იმთავითვე არ გვინდოდა აშენება. არათუ გიორგი ერმაკოვი, შვიდი ბრალდებულიდან არც ერთი არ აღიარებს, ფიზიკურად ვერ აღიარებენ არარსებულ დანაშაულს. ანუ აქ საუბარი იმაზე კი არ არის, დანაშაული ვინ ჩაიდინა, საუბარი იმაზეა, რომ არ არსებობს ამ საქმიდან გამომდინარე არანაირი დანაშაული. ანუ ეს ქმედება არის სამოქალაქო დავა და არა სისხლის სამართლის დანაშაული. თვეზე მეტია, ველოდებით განაჩენის გამოცხადებას და ექვსჯერ გადაიდო. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან დამაფიქრებელია, მაინც ამ საქმის შინაარსიდან გამომდინარე ვიმედოვნებ, რომ მოსამართლე ერთადერთ დასაბუთებულ და კანონიერ განაჩენს გამოიტანს, რაც იქნება გამამართლებელი განაჩენი შვიდივე ბრალდებულის მიმართ. ვინაიდან არც ერთი მათგანის ქმედებაში არანაირი დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება“, – განაცხადა ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა.
ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი და მერიის კიდევ ექვსი ყოფილი თანამშრომელი გასული წლის 30 მაისს ე.წ. იაფი სახლის პროექტთან დაკავშირებით დააკავეს, რომელიც ვერ განხორციელდა. პროკურატურა მათ მილიონ 370 ათასი ლარის გაფლანგვას ედავება. მერიის ოთხი ყოფილი მაღალჩინოსანი მოსამართლემ გირაოს სანაცვლოდ 24 სექტემბერს გაათავისუფლა.
კომენტარები