ბათუმში, მარუხის ქუჩის #11-ში სამსართულიანი სახლის ნაწილი პირდაპირ ქუჩაზე დგას. მესაკუთრის თქმით, ტერიტორია მისი ოჯახის საკუთრებაა, თუმცა აღიარებს, რომ სახლი მერიის ნებართვის გარეშე ააშენა.
„ჩემი შეცდომა მხოლოდ ესაა, რომ უნებართვოდ ავაშენე. მივმართე მერიას, მაგრამ ნებართვა არ მიმიღია. ნაკვეთი ძველი დროიდან ჩვენი ოჯახის საკუთრებაა და კარგად დააკვირდით, ძველ შენობებს უსწორდება“, – გვითხრა პირმა, რომელიც მესაკუთრედ გაგვეცნო. თუმცა სახელი და გვარი არ დაგვისახელა. „ანონიმად ჩამწერეთ“, – უთხრა მან “ბათუმელებს”
სახლი ისეა აშენებული, რომ მისი შესასვლელი პირდაპირ სამანქანე გზაზე გადის. ათვისებულია ტროტუარიც. ქუჩის ამ მონაკვეთს სოხუმის ქუჩის მხრიდან თუ შევხედავთ, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ახალი სახლი ძველი სახლების ფასადების გაგრძელებაზეა, თუმცა სხვა ვითარება დაგხვდებათ ივანე ანდრონიკაშვილის ქუჩის მხრიდან.
მესაკუთრის თქმით, ძველი სახლი და მასზე დამაგრებული დამხმარე ნაგებობები, მიწის ნაკვეთის ჩათვლით, ერთი ოჯახის საკუთრება იყო, შემდეგ ოჯახი გაიზარდა და საკუთრება გაიყეს, ერთ-ერთ ნაკვეთზე კი ააშენეს ახალი სამსართულიანი სახლი. პირმა, რომელიც მესაკუთრედ გაგვეცნო, გვითხრა ისიც, რომ მაშინ, როცა აქ მისი წინაპრები ცხოვრობდნენ, ქუჩა არ გადიოდა – „სამოციან წლებში გაუკეთებიათ გზა, მაგრამ ეს სახლები არ აიღეს და ქუჩა არ გააფართოვეს“.
აქ გვითხრეს ისიც, რომ ქუჩის ამ მონაკვეთში სახლები წითელ ზოლშია და შესაძლოა აიღონ, თუმცა საიდან აქვთ ეს ინფორმაცია, არ დააკონკრეტეს.
ქუჩაზე აშენებულ სახლში მიყვანილია კომუნიკაციები, მაგრამ უცნობია, რამდენად კანონიერად და უსაფრთხოდ, რადგან ბუნებრივი აირის მილი პირდაპირ ფანჯრებზე გადის.
უკვე დასრულებული სახლის გვერდით კიდევ ერთი მიმდინარე მშენებლობა დაგვხვდა.
კომენტარები