ჟურნალისტი, თამო კეშელავა:
“-ბატონო ბიძინა, გთხოვთ, კობახიძისა და ღარიბაშვილის უმსგავსო ქცევასთან დაკავშირებით, გამოცხადდეთ ევროკავშირისა და ამერიკის საზღვართან..
– სადა აქვს ევროკავშირსა და ამერიკას საზღვარი, სახე ჩამოიხოკა ოლღამ
– სიყვარულს რას გოუგებ, ჩემო ოლღა – მუხლზე ხელი დაირტყა ილარიონმა
– გახარია, ჩამიპაჭუნე, აბა, თვალი? – ასლოკინდა ილიკო.
ნოდარ დუმბაძემ შევარდნაძესთან საუბრის შემდეგ ღამე თეთრად გაათენა და… მერე, არც ისე მალე და არც ისე შორს, დარდისგან მოკვდა…
თერგდალეულებმა ყველაზე უკეთ იცოდნენ, უკან დაბრუნება რატომ არ ღირდა!
ალექსანდრე ყაზბეგმა სოხუმისა და ცხინვალის ოკუპაციამდე დაწერა, რას უზამდა რუსეთი დაპყრობილ ქალაქებს… მაგრამ, ის ვეღარ წარმოიდგინა, როგორ შევეგუებოდით ქართველები დაპყრობას…
დავით აღმაშენებელმა რუის-ურბნისის კრება მოიწვია და ანდრია ჯაღმაიძე და ძმანნი მისნი არ მივიდნენ, არ გვცალია ცეცხლის წვიმაზე ვეძებთ ძველ აღთქმაში აბზაცებსო…
ილია ჭავჭავაძემ, კაცია-ადამიანიო? – ხო, ხო, ქალია ადამიანიო, ბაიამ და კაცი ადამიანის თანამგზავრიო… აიტაცეს წილოსანმა და პაპუაშვილმა და კაცების უფლებები უნდა გავუთანაბროთ ქალებისას, კაცებს ჩაგრავენო, გაჰყვირიან, თუმცა, პაპუაშვილი ჯერ ქალებს ფიზიკურად ერევა, ფსიქოლოგიურადაა ჩაგრული…
წულუკიანმა მიკროფონში გამოაცხადა, არც კაცია ადამიანი და არც ქალი, მე ვარ ადამიანი და წერტილიო…
წერტილმა გააპროტესტა, მაგრამ მურუსიძეს რომ შეხედა, სამართალი ვირით დადისო, კობახიძეს უთხრა!
“იავნანამ რა ჰქმნაო?” – იკითხეს და უპასუხეს – “სფიჩის ავთენტურობა ტრანსფარენტული უნდა იყოსო ..”
-ოკეიო – თქვა პირველი სიტყვა 9 თვის ბავშვმა.
-ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო, ამოგვძახა ხმელმა წიფელმა… მეც ეგრე მეგონაო, ხაზარულამ და ფესვები დაჭიმა კობახიძესავით…
აჭარის სოფლებში ტაძრებს კეტავენ შობას და აღდგომას მღვდლები და უყურებენ, როგორ იკვლება შვლის ნუკრი… როგორ იცლება სისხლისგან შვლის ნუკრი და დამტირებელიც არავინ ჰყავს, რადგან არც დედა დარჩა და არც შვილი…
-შენი იცოდე და მაინც სხვისი გესმოდესო – დაგვსდევს საუკუნის წყევლა საუკუნეა…
-საყვარლის საფლავი მაინც შემარჩინეთო, დაიკვნესა აკაკიმ.
-ავი მეზობლისგან ცეცხლიც ნუ გინდაო, ჩაიბურტუნა დევმა და ნაცარქექიას გადახედა…
-მოვა, მაგრამ როდისო? – ჩაიქირქილა ნატომ…
-ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო – მაინც ჯიუტობს მიწას შეზრდილი, ნეშომპალადქცეული ხმელი წიფელი, მთებს ბანის მიცემა უნდათ, მაგრამ ტყე ისეა გამეჩხერებული, მდინარეს ხმას ვერ აწვდენენ…
დავით გარეჯმა თქვა, ღარიბაშვილი ჩემია, ჩემი ლუკმაა და 100 წლის მერე მაინც მოვთხოვ პასუხს, ჩემი სახელით მანიპულირებისთვისო…
-ღამის 4 საათია და ყველაფერი იდეალურადააო, თქვა ღარიბაშვილმა.
-მოსკოვის დროითო? – იკითხა კობახიძემ
– ნუ ხარ სულსწრაფიო, თავში წამოარტყა ივანიშვილმა ხელი და შემოსწრებულ თურქეთს თვალი ჩაუკრა.
ვარსქენი შეწუხებულა, ამდენი ასტამიანი გიჟი სად იპოვეთ, მეგონა მარტო მე დავრჩებოდი ისტორიასო…
ფულმა თქვა, ეს ჩინოვნიკები რავა ყველა უსუნო და ამოუპირავიაო…
-ქინაქინის ფული მაინც დაგვიტოვეთო, ხალხმა…
– ჩემ მეზობლად ბავშვი გარდაიცვალა, წესის ასაგებად მღვდელი მოვიყვანეთ, ნაცნობი დაინახა და შესძახა, ჩემი გოჭის ვალი როდის უნდა მომცეო? გავშრით ყველანი, მერე გვითხრეს ღორების ფერმა ჰქონია და გაყიდული გოჭის ფულს ითხოვდა და უფრო გავშრითო, მომიყვა მეგობარი.
-ხალხი ბრძენიაო, მაგრამ რეგვენი ბრძენზე ბრძენია, რაშიდაც გამოცდილიაო…
-ღმერთი ღარიბებს ძვირი ცოდვებისგან იცავსო – ებრაული ანდაზა მოგვამადლა ივანიშვილმა.
– წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო, ვამშვიდებ წინაპრების სისხლით და ოფლით გაპოხილ მიწას და ყურს ვარიდებთ ერთმანეთს, რადგან არც ერთს გვაქვს პასუხი კითხვაზე: – როდემდე?
– ჩემ შვილს რომ შიოდა და არაფერი მქონდა, პური ვიყიდე და ერთი პატარა “მარგარინი”, “მარგარინს” წყალში ვხსნიდი და პურთან ერთად ვაძლევდი, ერთი კვირა გვეყოო, არიგებს ერთი დედა მეორეს…
– დღეს სკოლაში ვერ მივდივარ, ერთი ფეხსაცმელი დამეხა და მეორე დამიპატარავდა, ნახე, როგორ მომიჭირაო – დაწითლებული ტერფები მაჩვენა 8 წლის გოგომ.
ვეღარ ვითვლი ემიგრანტებს და უდედოდ, უმამოდ გაზრდილ შვილებს…
მაღაზიაში შევედი და კონსულტანტი ტირილით საუბრობდა ტელეფონზე, 380 ლარი უნდა ამეღო ამ თვეში და საერთო დანაკლისის გამო, ნახევარს მაძლევენ, ქირა როგორ გადავიხადოო…
ძვირადღირებული მანქანებით, მდიდრულ სახლებში მიბრძანებული პოლიტიკოსები, “აიფონიდან” და “ეფლიდან” შემოვლენ სოც. ქსელში და იკითხავენ:
– ხალხი სად არის, ხალხს ვერ ვხედავთო…
ზოგი მარგარინს ხსნის წყალში, ზოგს სკოლაშიც ვერ დაჰყავს შვილი, ზოგს ასტამით გაუჩეჩქვეს თავი, ზოგს ქინაქინის ფული არა აქვს და უყურებს, როგორ უწამლოდ ეღუპება ახლობელი, ზოგს კიდევ, თქვენი “იავნანა” არ ესმის, ზედმეტად არაქართულადაა ნამღერი, ზოგს ესმის, მაგრამ პასუხის გაცემის თავიც არ აქვს, ისეა მისავათებული, ზოგს ესმის, პასუხის გაცემის თავიც აქვს, მაგრამ ისიც არ იცის, აქვს თუ არა სიტყვის თქმის უფლება, რადგან წლებია, იმას ვერ არკვევს, თუ მუშაობს, ხელფასს რატომ ვერ იღებს და თუ იღებს, საჭმლის ფული მაინც რატომ არ აქვს ..
აქაა ხალხი, აქ ვართ…
-აბა, ამდენი კორპუსი რომ შენდება, ამ ბინებს ვინ ყიდულობსო? – ყასიდად ამაგდებენ ბანზე… ერთი და იგივე ხალხი, სულ ერთი და იგივე გვარები, ყიდულობენ ბევრს, ბევრს, ბევრს, იმდენს, რომ საცხოვრებლად აღარ ეჰყოთ…
ბოლო მჭადის ფქვილი მიუტანა ნიკო ლორთქიფანიძემ პატარების მამას და აღარ მინდა ვიცოდე, რა მოხდება შემდეგ…
ისრებმა კონა უნდა ვიპოვნოთ…
უნდა ვიპოვნოთ, თუ გადარჩენა გვინდა, ერთმანეთი და ჩვენი თავი უნდა ვიპოვნოთ, რათა ჯერ ერთმანეთი და მერე ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს, არ გვაქვს სხვა გზა!”
კომენტარები