მე მაწამეს, მაგრამ ვერ გამტეხეს. მე დამაკავეს, მაგრამ თავისუფლება ვერ წამართვეს, – ამის შესახებ საბა სხვიტარიძემ სასამართლო დარბაზში განაცხადა. რეჟიმი მას პოლიციელ მირიან ქავთარაძეზე თავდასხმას ედავებიან.
სხვიტარიძემ დეტალურად ისაუბრა მისი საქმის გარშემო და თქვა, რომ “რასაც აბრალებენ აბსურდია”.
თუ ვინმეა დამნაშავე, ის “ტიტუშკა” მირიან ქავთარაძეა, ამ საქმეში დაზარალებულადაც მცნეს და არც ერთი პოლიციელი არაა დაკავებული – განაცხადა კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრმა.
სხვიტარიძემ საქმის პროკურორსაც მიმართა – “ბატონო პროკურორო, თქვენ როგორ მოიქცეოდით, თავს რომ დაგსხმოდნენ, თქვენთან მყოფ ქალისთვის სახეში რომ დაერტყათ”.
ობიექტური გადაწყვეტილების იმედი არ მაქვს, პოლიტიკური პატიმარი ვარ და ეს პროცესიც პოლიტიკურ ხასიათს ატარებს.პატარა იმედი მაქვს, რომ სასამართლო პატარა ლოიალობას გამოიჩენს. დამაკავეს იმის გამო, რომ მე და ჩემთან ერთად მყოფებს თავს დაგვესხვა ე.წ. ტიტუშკა, რომელსაც არანაირი ამომცნობი საშუალება არ ეკეთა, “კაპიშონი” ეცვა, პირბადე ეკეთა, მან იძალადა ქალზე, გვაგინებდა, მე ის მოვიგერიე. ამის შემდეგ გამიტაცეს, იძალადეს ჩემზე და განყოფილებაში ორჯერ მაწამეს, ამის შემდეგ მკაცრი რეჟიმის იზოლატორში გამამწესეს. პოლიციელზე ძალადობა დამაბრალეს, რაც აბსურდია. თუ ვინმეა დამნაშავე, ის “ტიტუშკა” მირიან ქავთარაძეა, ამ საქმეში დაზარალებულადაც მცნეს და არც ერთი პოლიციელი არაა დაკავებული.
ბატონო პროკურორო, თქვენ როგორ მოიქცეოდით, თავს რომ დაგსხმოდნენ, თქვენთან მყოფ ქალისთვის სახეში რომ დაერტყათ, თავს დახრიდით და არაფერს მოიმოქმრდბედით, გაატარებდით ქალზე ძალადობას და გინებას. სამწუხაროდ ესაა თქვენი სამართალი.
მე მაწამეს, მაგრამ ვერ გამტეხეს. მე დამაკავეს, მაგრამ თავისუფლება ვერ წამართვეს.
სასამართლოს ყოველი უსამართლო გადაწყვეტილებით, საქართველოს დემოკრატიულ მომალავას უქმნით საფრთხეს, ირანსა და ჩინეთში მიგვაქანებთ.
ეს არის დიქტატურა, ეს არის უსამართლობა. ახალგაზრდების ცხოვრების დანგრევისთვის და უკანონობის დაკანონებისთვის არ ვიცი რას გიხდიან, ან რით გაშინებენ, მაგრამ მოვა დრო და ხალხი გამოგიტანთ განაჩენს თითოეული თქვენი ქმედების გამო. დღეს მე შეიძლება დამაკავეს, მაგრამ ყველას ვერ დაგვიჭერთ, ქართველი ხალხი ევროპულ მომავალს არ დათმობს და პოლიციური რუსული რეჟიმის წინაშე არ დაიჩოქებს. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, თავისუფლება მზია ამაღლობელს”,- განაცხადა სხვიტარიძემ.
ამ წუთებში, საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნატო ხუჯაძე საბა სხვიტარიძის საქმეს განიხილავს. სხდომას ამერიკის საელჩოს წარმომადგენელი და ევროკავშირის დელეგაცია ესწრება. დღევანდელ პროცესზე აღკვეთი ღონისძიების გადასინჯვაზე მსჯელობენ.(tvpirveli)
კომენტარები