მერიისა და სკოლის დირექციის წარმომადგენლებთან დახურული შეხვედრის შემდეგ ჩხოროწყუს მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლებმა რადიკალურად შეცვალეს მათი პოზიცია და აცხადებენ, რომ მათი შვილებისთვის მერიის ტუალეტების დასუფთავება არავის დაუძალებია და მეტიც, ისინი სათამაშოდ შევიდნენ მერიის ტუალეტში – ასე, გაკვეთილების შემდეგ, უცებ მოაფიქრდათ, წამო, მერიის ტუალეტში გავერთოთო. სად იყვნენ მერიის თანამშრომლები, როცა ამდენი ბავშვი შევიდა შენობაში?
ჰქონდა თუ არა სკოლის დირექტორს მშობლების თანხმობა, სანამ ბავშვებს მერიის ტუალეტების დასახეხად გაუშვებდა? – არც ამ კითხვაზეა პასუხი.
“ჩვენი შვილებისთვის მერიის ტუალეტების დასუფთავება არავის დაუძალებია და მოსწავლეებმა ეს საკუთარი ნებით გააკეთეს – ვითომ წმენდდნენ, გადაუღეს სურათი, რომ სამახსოვროდ ჰქონოდათ, გაითამაშეს, თორე არავის წაუყვანია ტუალეტის გასახეხად” – ამბობს ერთ-ერთი მშობელი.
მშობლების პასუხი, ძალიან უცნაურია, რადგან მერიის თანამშრომელმა უამრავი ადამიანის თვალწინ, ღიად გვიამბო, რომ მივიდა სკოლაში და ბავშვები წაიყვანა მერიის ტუალეტის დასასუფთავებლად, თან თქვა, მერიაში იმიტომ წავიყვანე, რომ ამ ბავშვებიდან კი ზოგი მერიც გახდება, მაგრამ ოჯახს რომ გაუჭირდება, არც ეს საქმე უნდა ითაკილონო.
შეგახსენებთ, ფაქტი უკვე შეაფასა პრემიერმა აღმაშფოთებლად.
ბავშვებისთვის იმის დაბრალება, რომ უბრალოდ ითამაშეს და ამას ტყუილად მოჰყვა ამხელა ამბავი, ორმაგად აღმაშფოთებელი იქნება, ალბათ, პრემიერისთვის, ვნახოთ.
ამასობაში, განათლების სამინისტრო დუმს – იქნებ, სწორედ შეხვედრიდან გამოსული მშობლების განცხადებას ელოდა. ვნახოთ.
აი, მშობლებთან შეხვედრისა და შეხვედრიდან გამოსული მშობლების განცხადების შემდეგ, ისმის უკვე ლეგიტიმური კითხვა – რა ხდება ჩხოროწყუს მე-2 საჯარო სკოლაში? ვინ გაბედა, მშობლებისთვის თუნდაც მიენიშნებია პოზიციის შეცვლა? სად არის სკოლის განცხადება? – მერიის თანამშრომელი, რომ სკოლის პედაგოგებს აბრალებს, სპეციალურად მომიწყვესო – რას პასუხობს სკოლა? მერიის თანამშრომელი რომ არასრულწლოვანის გვარს ასახელებს, სავარაუდოდ, ამან გადაიღო ვიდეოო – სად არის სკოლის პასუხი?
კომენტარები