სასამართლო მოგებულია – ბავშვებს, რომლებიც სიღარიბის გამო დედას ჩამოართვეს და მინდობით აღზრდაში გადაიყვანეს და რომლებიც ერთი წლის წინ, დედამ მაინც დაუბრუნა, სახელმწიფომ მორალური ზიანი უნდა აუნაზღაუროს და მათ 35 000 ლარი გადაუხადოს.
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის-PHR, განცხადებას ავრცელებს:
“სიღარიბის გამო ბავშვების ოჯახისგან დაშორება სასამართლომ უკანონოდ ცნო.
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. სიღარიბის გამო მინდობით აღზრდაში ბავშვების გადაყვანა და ოჯახთან დაცილება უკანონოდ ცნო და დაზარალებულ სამ ბავშვს მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 35 000 ლარი მიაკუთვნა.
ბავშვები, 2 წლის წინ, სოციალურმა სამსახურმა უკანონოდ, ოჯახის გაძლიერების გარეშე, გამოიყვანა სახლიდან და დედას დააცილა. ბავშვებმა ორი წელი მშობლისგან მოშორებით გამოწვეული სტრესის ქვეშ იცხოვრეს. ეს გარემოება სასამართლომ მიიჩნია უკანონოდ და დააკმაყოფილა PHR-ის სარჩელი.
საქმე განიხილა მოსამართლე დავით წერეთელმა.
სამართლებრივი მხარდაჭერა ხორციელდება პროექტ “ბავშვთა მართლმსაჯულების უფლების გაძლიერება საქართველოში” ფარგლებში USAID/PROLoG-ის ფინანსური მხარდაჭერით.”
შეგახსენებთ, 2019 წლის 18 ივნისიდან -დღემდე- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძეა, რომლის უწყებასაც, ამ დრომდე, აღნიშნულ ფაქტზე კომენტარი არ გაუკეთებია.
კომენტარები