„ზოგადად, ბავშვებში, ორსულების მსაგვსად, არის დაბალი იმუნიტეტი, ბრძოლის უნარიც შედარებით დაბალია“,- ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა ექსპერტმა, პროფესორმა, აკადემიურმა დოქტორმა მაკა ბულეიშვილმა „ფორტუნას” ეთერში, ნატალი ხარაიშვილის გადაცემაში – „სტუმრად ექიმთან” განაცხადა.
კლინიკური ექსპერტი განმარტავს, რომ კორონავირუსი ბავშვებში განსაკუთრებით საფრთხილოა, რადგან მათ, ორსულების მსგავსად, შედარებით სუსტი იმუნური სისტემა აქვთ.
„დელტა“ შტამის შემთხვევაში, ბავშვებში ინფიცირების ძალიან დიდი მაჩვენებელი გვაქვს. ამ დროს, ზოგადად, ბავშვებში, ორსულების მსგავსად, არის დაბალი იმუნიტეტი, ბრძოლის უნარიც შედარებით დაბალია. რა თქმა უნდა, მწვავე რესპირატორული დაავადებები ბავშვებში ისედაც ხშირია. კოვიდის შემთხვევაში, „დელტა“ შტამის სწრაფი გავრცობადობისას, სხვადასხვა გამოხატული მკაცრი სიმპტომიდან გამომდინარე, ბავშვები ამას ხშირად ვერ უძლებენ და მათი მდგომარეობა მძიმდება. ბავშვებს განსაკუთრებული მოფრთხილება სჭირდებათ. მწვავე რესპირატორული დაავადებების გამწვავების რისკი ყოველთვის არის განსაკუთრებით ასეთ სეზონზე: ოქტომბერი, დეკემბერი, იანვარი – ეს არის პერიოდი, როცა ხშირია ბავშვთა ავადობა. მშობლებმა მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ სიფრთხილე, თუკი ჩვენ ხშირი კონტაქტები გვაქვს”,- აღნიშნავს მაკა ბულეიშვილი.
მედიკოსი მშობლებს მოუწოდებს, რომ, სიმპტომების აღმოჩენისთანავე, ბავშვები სკოლასა და საბავშვო ბაღებში არ გაუშვან და აუცილებლად ჰქონდეთ მჭიდრო კონტაქტი პირად პედიატრთან.
“მოგეხსენებათ, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, როდესაც საბავშვო ბაღებში, სკოლებში შევამჩნევთ, რომ ბავშვს აღენიშნება მწვავე რესპირატორული დაავადებისთვის დამახასიათებელი თუნდაც ელემენტარული სიმპტომი – სურდო, ცემინება. ასეთ დროს კონკრეტულად ეს ბავშვი არავითარ შემთხვევაში სკოლაში ან ბაღში არ უნდა მოხვდეს. აუცილებელია და ვთხოვთ მშობლებს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ოჯახის წევრები ვაქცინირებულები არ არიან და აღენიშნებოდათ მსგავსი სიმპტომები, კონტაქტი არ ჰქონდეთ ბავშვებთან. ბავშვებში სიმპტომების აღმოჩენისთანავე აუცილებელია კონტაქტი პედიატრთან და მათი კოვიდტესტირება. ვირუსის დადასტურებისას ასევე აუცილებელია – კონტაქტი პედიატრთან. ბავშვის იმუნურმა სისტემამ შეიძლება ვერ გაუძლოს ასეთ ძლიერ დარტყმას იგივე „დელტა“ შტამის შემთხვევაში, როცა სხვადასხვა სახის გართულებით არის წარმოდგენილი”,- აცხადებს ბულეიშვილი.
კომენტარები