ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს სასამართლო პროცესი 2 თვით გადაიდო. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ამის მიზეზი კორონავირუსი გახდა, რომლის გავრცელების პრევენციის მიზნით ისრაელის სასამართლოები საგანგებო რეჟიმში მუშაობს და მხოლოდ სასწრაფო და გადაუდებელ საქმეებს განიხილავს. ისრაელის სასამართლოს განცხადების მიხედვით, პრემიერს სასამართლო პროცესის პირველი მოსმენა 17 მარტს უნდა დაწყებულიყო და 24 მაისამდე გადაიდო.
ისრაელის პრემიერმინისტრს ბრალი იანვარში წაუყენეს, მას შემდეგ რაც მან კნესეტიდან საპარლამენტო იმუნიტეტის მინიჭების შესახებ თხოვნა გაიწვია. იმ შემთხვევაშიც კი თუ ნეთანიაჰუ დამნაშავედ ცნეს, ის ვალდებული არ იქნება პოსტი დატოვოს სააპელაციო პროცესის დასრულებამდე, ამ ყველაფერს კი სავარაუდოდ რამდენიმე წელი დასჭირდება.
ნეთანიაჰუს წინააღმდეგ ბრალდებები დაკავშირებულია მექრთამეობასთან, თაღლითობასა და ნდობის ბოროტად გამოყენებასთან. ეს არის ისრაელის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც ბრალს მთავრობის მოქმედ ხელმძღვანელს უყენებენ. ნეთანიაჰუ თავს უდანაშაულოდ თვლის.
კომენტარები