ბერლინში პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა ეპიდემიოლოგიური დაცვის კანონში შეტანილი ცვლილებების მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციის დასაშლელად.
რადიო „თავისუფლება“ ბერლინის პოლიციის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ წყლის ჭავლი მას შემდეგ გამოიყენეს, რაც დემონსტრანტები არ დაემორჩილნენ დაშლისკენ მოწოდებას და კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებულ ჰიგიენურ ნორმებს არღვევდნენ.
„ბერლინის ცენტრში მიმდინარე აქცია, რომელშიც რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობდა, სამართალდამცავებთან დაირისპირებაში გადაიზარდა. პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულია 190-მდე პირი და დაშავებულია 9 პოლიციელი.
გერმანიის მთავრობის მიერ ინიცირებული და პარლამენტის მიერ 18 ნოემბერს დამტკიცებული ცვლილებები ითვალისწინებს ეპიდაფეთქებების დროს მკაცრი შეზღუდვების დაწესებას. ასეთი ზომების ჩამონათვალშია სოციალური კონტაქტების შეზღუდვა, დამცავი ნიღბების სავალდებულო გამოყენება, საგანმანათლებლო დაწესებულებების დახურვა და სხვა. ამასთან, დოკუმენტის თანახმად, შეზღუდვების დაწესებისას გათვალისწინებული უნდა იყოს შესაძლო სოციალური და ეკონომიკური შედეგები.
ცვლილებების მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ახალი კანონი მთავრობის უფლებამოსილებას აფართოებს და მოქალაქეთა უფლებებს და თავისუფლებას ზღუდავს“, – წერს რადიო „თავისუფლება“.
შეგახსენებთ, მსგავსი ცვლილება კანონში საქართველოში ჯერ კიდევ მაისში შევიდა, თუმცა, ის “ალიას” და რამდენიმე ადამიანის გარდა, არავის გაუპროტესტებია.
კომენტარები