დეკანოზი თამაზ ლომიძე:
“ფოტოები ვრცელდება, გავსებულა თბილისის სპორტის სასახლე ვიღაც ინდოელი გურუს დარიგებების მოსასმენად მისული ხალხით. თან მაგ ხალხის უმრავლესობას რომ ჰკითხო, მონათლულები არიან და ქრისტიანები ჰქვიათ. დარწმუნებული ვარ, ბიბლიური სწავლების, ქრისტეს მოძღვრების და ქრისტიანული აზროვნების შესახებ რომ გამართულიყო მაგ სასახლეში შეხვედრა, მაგის მეათედიც არ მივიდოდა; სადა აქვთ წიგნის გადაშლის და ქრისტეს მოძღვრებაზე დაფიქრების თავი?! გურუ კი ძალიან აინტერესებთ; იქნებ რამე ეგზოტიკური, რაღაც უცხო და “მაგარი ფოკუსები” ასწავლოს და უცბად ეშველებათ. ბიბლია სახლებში უდევთ უქმად და ვიღაც წარმართ გურუს დასდევენ დარიგებებისთვის.
არა, მე ეს არ მიკვირს. ეს სიმართლეს გვაჩვენებს იმის შესახებ თუ ვინ ვართ დღეს ქართველი ერი. რეალურად მორწმუნე ქრისტიანი ძალიან მცირეა ჩვენში. სადღაც 5% თუ იქნება მთელი მოსახლეობის, შეიძლება მაგდენიც არა. მეორეს მხრივ, ის უფრო დიდი სიყალბე და თავის მოტყუება იყო, როცა ლამის მთელი საქართველო ქრისტიანი გვეგონა და ამპარტავნულად თავს ვიწონებდით. ძალიან ცოტაა საქართველოში ქრისტიანი. ესეც ასე უნდა იყოს; არათუ ყველა, საბოლოოდ ძალიან ცოტა ადამიანი გადარჩებაო, ამბობს უფალი.”
კომენტარები