ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი.
– ბატონი ზაზა, მეჩვენება თუ მართლა ასეა? კვირაზე მეტია, ყველა ოპოზიციური ტელევიზიის მთავარი ნიუსი „ნაცმოძრობის“ თავმჯდომარის მომავალი არჩევნებია და ვფიქრობ, ამით უფრო მნიშვნელოვანი თემების გადაფარვა ხდება.
– არაფერი არ გეჩვენება, ნამდვილად ეგრეა. ქვეყანა იქცევა და შეიძლება მთელი დღე, სამმა ტელევიზიამ „ნაცმოძრაობის“ არჩევნებზე ილაპარაკოს? ახლა ჩემზე ვერავინ იტყვის, რომ საზოგადოებრივი და პოლიტიკური პროცესები არ მაინტერსებს, პირიქით, ყველაფერს აქტიურად ვადევნებ თვალს, მაგრამ სიმართლე გითხრა, ახლა ის უფრო მინტერესებს, ვინ გახდება მსოფლიოს ჩემპიონი ფეხბურთში, ვიდრე ის, თუ ვინ გახდება „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე. ერთი მკვდარი და წყალწაღებული შეცვლის მეორეს, ეგ იქნება მაგათი არჩევნების შედეგები. როგორ შეიძლება „ნაცმოძრაობაზე“ ვილაპარაკო აღმატებით ტონში, როდესაც მისი მმართველობის დროს, 4500 ადვოკატიდან 170 ადვოკატი გაასამართლეს და იმავე პერიოდში, ბელარუსში, 8000 ადვოკატიდან მხოლოდ 8 ადვოკატი გაასამართლეს. მიშა სააკაშვილს მაინც „დემოკრატიის შუქურას“ ეძახდნენ, ლუკაშენკოს კიდევ დიქტატორს. ლუკშენკო იყო და არის დიქტატორი, მაგრამ არანაკლები იყო სააკაშვილი.
– რას ემსახურება ამ არჩევნების ასეთი ხანგრძლივი, მასშტაბური პიარი?
– რას ემსახურება და იმ რეალობის გადაფარვას, რაც ქვეყანაში გვაქვს. ტოტალური უსამართლობა, არნახული სიდუხჭირე… მე ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილი შლის „ნაცმოძრობას“, ამ არჩევნების შედეგი ეგ იქნება. „ნაცმოძრაობის“ რომელიმე ლიდერი რაღაცას მიაღწევს თუ არა, ეგრევე პარტიიდან გარბის. გიგა ბოკერია „ნაცმოძრობის“ სიით მოხვდა პარლამენტში, მერე დატოვა პარტია და ბლომად ხალხიც გაიყოლა. 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნები გაიხსენე. გრიგოლ ვაშაძე მეორე ტურში გავიდა, სალომე ზურაბიშვილმა 1%-ით ძლივს მოუგო. ხომ გახსოვს, მთელი „ქართული ოცნება“ დაირაზმა ზურაბიშვილის გადასარჩენად, ბიძინა ივანიშვილიც კი გამოვიდა და ხალხს მიმართა, გვერდში დაგვიდექითო. ვაშაძემ რა გააკეთა? მეორე ტურამდე ერთი შეხვედრა არ გაუმართავს. შეეშინდა, მართლა არ გავხდე პრეზიდენტიო. კიდევ ბევრი ფაქტის გახსენება შეიძლება. რა დროს „ნაცმოძრობის“ არჩევნებია, ქვეყანა დაიცალა ხალხისგან, ქვეყანა გვეცლება ხელიდან. ეს ოპოზიციური ტელევიზიები ივანიშვილის წისქვილზე ასხამენ წყალს. გეუბნები, ამ თავმჯდომარის არჩევნების მერე, „ნაცმოძრობა“ გახდება პატარა პარტია, რომელსაც მთავარ ოპოზიციურ ძალაზე პრეტენზია აღარ ექნება, რასაც ომახიანად გაიძახიან-ხოლმე მათი ლიდერები. ამ სტატუსს მალე სხვა პარტია ან პარტიათა ერთობა მიიღებს. ნახე, რა ხდება – ნიკა მელია და ლევან ხაბეიშვილი იღებენ არჩევნებში მონაწილეობას. სხვებიც აპირებენ. მაგრამ ამ ორიდან ერთ-ერთი გაიმარჯვებს. ნიკა მელია მოიგებს, მისი მომხრეები გაჰყვებიან პარტიიდან, ხაბეიშვილი მოიგებს და ის გაიყოლიებს მომხრეებს. მერე, ეს წასულები, ისეთ ამბებს გადმოალაგებენ ყოფილ პარტიაზე, იქ დარჩენილ ლიდერებზე, გაუნულებენ რეპუტაციას პარტიას. ჯერ ისე რა რეპუტაცია აქვს და აღარც ეგ ექნება. ეს საკმაოდ რეალური სცენარია მოვლენების განვითარებისა. ეს ოპოზიციური ტელევიზიები არიან ბიძინა ივანიშვილის მოკავშირეები. ამ ტელევიზიების მესვეურთ ჰგონიათ, რაც მეტს ალაპარაკებენ მელიას თუ ხაბეიშვილს, მათ მომხრეებს, ამით კარგს გაუკეთებენ. არადა, პირიქით ხდება. ხაბეიშვილი არ იყო, ამოუგდეს ძველი ვიდეო, დავით კეზრაშვილს, რომ ლანძღავდა და თავი იმართლა, ვიცრუე, კეზერაშვილზე რაც ვთქვი, ტყუილი იყოო. მეტი რაღა უნდა დამართონ?
– ზოგი ვარუდობს, რომ ამ არჩევნების მერე, „ნაცმოძრაობა“ გაძლიერდებაო…
– მე ეგრე არ ვფიქრობ, მაგრამ, რომც გაძლიერდეს, ეს არაფერს შეცვლის. ის „მთავარ ოპოზიციურ ძალას“ მაინც ვერ გასცდება. ქართველი ხალხი არ მოუშვებს „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლებაში არჩევნების გზით. სახელმწიფო გადატრიალების გზით თუ მოვიდნენ, ეგ უკვე არ ვიცი. ისე, რამდენი სიბინძურე აქვთ ჩადენილი, რამდენი დაუშავეს ხალხს და რამდენი და რამდენად გაამწარეს, რომ 10 წელი გავიდა და ხალხი არ პატიობს და არც მომავალში აპატიებს, დარწმუნებული ვარ! ძალიან ბევრს, ეს აუტანელი ყოფა, ეს გაჭირვება ურჩევნია მიშას და „ნაცებს“. მით უმეტეს, ხაბეიშვილის მხარეს გამოჩნდნენ მერაბიშვილი და კეზერაშილი. რაც მათ დააწიეს ხალხს, იმ უბედურებებს აღარ გაგახსენებ, უდანაშაულო ადამიანების ციხეში გამოკეტვის, წამების და მკლელობების ჩათვლით. მარტო „ნაცმოძრობის“ თავმჯდომარის არჩევნები, კაცო? პირველი შემთხვევაა, რომ ოპოზიციური ტელევიზიები თითიდან გამოწოვილი თემებით, სოციალური და სხვა პრობლემების გადაფარვას ცდილობენ? ვაკის პარკის ტარგედია, რომელიც მერიაში არსებულმა კორუფციამ გამოიწვია, დასრულდა? მისი გამომწვევი მიზეზები გაირკვა? კორუფცცია აღარ არის მერიაში? აღარ არის კახი კალაძე დამნაშავე და აღარ უნდა გადადგეს მერის პოსტიდან? ეს ტელევიზიები არ გვიმტკიცებენ, უდანაშაულო ხალხი დაიჭირეს, ქვედა რგოლები, მთავარი დამნაშავე კალაძე და მერიის სხვა მაღალჩინოსნები არიან, მერიაში სხედან დასაჭერი ხალხიო? რამდენი ხანია, კალაძე საერთოდ აღარ უხსენებიათ!
კომენტარები