ანი დვალიშვილი
ძალიან, ძალიან ადრე თქვა ბიძინა ივანიშვილმა, ისეთ მთავრობაზე ვოცნებობ, მინისტრების სახელი და გვარი ნახევარ საქართველოს რომ არ ეცოდინება და ისინი თავის საქმეს გააკეთებენო. ვგონებთ, ეს მიზანი მიღწეულია, რადგან ჩვენ, ჟურნალისტებსაც კი გვარიანი დაფიქრება გვჭირდება, ესა თუ ის მინისტრი რომ გავიხსენოთ. ანუ, ბიძინამ სიტყვა სანახევროდ აასრულა – მინისტრების სახელები თუ სახეები ამომრჩეველმა ნაკლებად იცის, მაგრამ აკეთებენ თუ არა მთავრობის წევრები თავის საქმეს, სხვა საკითხია. რეალურად, პასუხისმგებელი არავინ არაფერზეა და თუ გნებავთ, რიგითობით მივყვეთ – მომატებული კრიმინალის გამო, შს მინისტრი მხრებს იჩეჩავს, ჩვეულებრივი ამბავიაო, სოფლის მეურნეობის ქართული პროდუქტის გაფუჭება-დალპობისა და უცხოური პროდუქტის გაზრდილი შემოტანის გამო, სოფლის მეურნეობის მინისტრია ჩუმად და იგივე მინისტრი, ბუნებრივი რესურსების განადგურებაზე (როგორც ცეცხლით, ისე ნაჯახითა და დენით) არაფერს ამბობს, ეკონომიკის მინისტრს წარმოდგენა არ აქვს, რატომ არ შემოდის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ჩვენს ქვეყანაში, ფინანსთა მინისტრი გაოცებულია ლარის გამყარება-გაუფასურებით, თავდაცვის მინისტრმა არ იცის, რაში სჭირდება ჯარი… ეს არის ჩვენი რეალობა და ახლა, ზემოთ ჩამოთვლილი მინისტრების გვარ-სახელებს თუ გაიხსენებთ, პრემია გერგებათ.
კომენტარები