„ბიძინა ივანიშვილმა 20 მილიონი ვანო მერაბიშვილს მისცა, რომლის მცირე ნაწილი „რუსთავი 2“-ის წილის გამოსყიდვისას დათო დვალს გადაუხადეს. დანარჩენი ვანომ და მაგ ბიჭებმა სად წაიღეს, მათ გარდა არავინ იცის“, – წერს საკუთარ მოგონებებში „რუსთავი 2“-ის დამფუძნებელი, გაურკვეველ ვითარებაში გადაცვლილი ეროსი კიწმარიშვილი.
მოგონებებები, რომელსაც „2020NEWS“ ექსკლუზიურად გთავაზობთ, სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციასაც მოიცავს, საქართველოს უახლესი წარსულიდან.
„არჩევნებსა და რევოლუციის წინა პერიოდში ივანიშვილი მიშა სააკაშვილის მთავარი დონორი იყო. ზურაბ ჟვანიას და კიდევ სხვა პარტიებს პატარკაციშვილი აფინანსებდა. ჟვანია ცდილობდა, რომ სააკაშვილისგან ცალკე გამოსულიყო არჩევნებში, რასაც მე ვაპროტესტებდი, ვინაიდან ვფიქრობდი, რომ ერთიანი ძალით უფრო იოლად დავამარცხებდით შევარდნაძის რეჟიმს. ეს მცდელობა ჯერ კიდევ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებისას მქონდა, მაგრამ ამათი გაერთიანება არც მაშინ მოხერხდა. ჟვანიას გარემოცვის წევრები სააკაშვილს კრიმინალებისაგან დაფინანსების გამო აკრიტიკებდნენ. ამბობდნენ, რომ სააკაშვილი თვითმართველობის არჩევნებში კანონიერმა ქურდმა ტარიელ ონიანმა დააფინანსა, რაც ფანტაზიის სფერო სულაც არ არის. სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია, მეგობრობს ბიზნესმენ მიხეილ სურგულაძესთან, რომელიც თავის მხრივ ტარიელ ონიანის უახლოესი მეგობარიცაა.
სააკაშვილმა მე და ბიძინა ერთმანეთს გაგვაცნო და რამდენიმე ხნით მარტო დაგვტოვა. ბიძინამ საუბარი ძალაუფლებას შეჩვეული კაცის ტონალობით დაიწყო. ის შეჩვეულია ამ ტიპის საუბარს, როცა მისი ნათქვამი განხილვას აღარ ექვემდებარება.
„მიხარია რომ გაგიცანით და ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ იმისთვის, რაც გააკეთეთ. თქვენ რომ არ ყოფილიყავით, ეს რევოლუცია არ მოხდებოდა. სულ მქონდა განცდა, რომ „რუსთავი 2“-ს გაყიდდით. მე ვიცოდი, რომ ბადრის თითქმის გადაწყვეტილი ჰქონდა ამ ტელევიზიის ყიდვა. ამის გამო ვაფინასებდი „მე-9 არხს“, რომ მთელი სატელევიზიო სივრცე მას არ გაეკონტროლებინა”, – მითხრა ბიძინა ივანიშვილმა.
ბადრის მიმართ უარყოფითად საუბრობდა, რაც გულზე სალბუნივით მომხვდა. გამეხარდა იმ ფონზეც, რომ სააკაშვილი და ჟვანია მასთან დამეგობრობას ცდილობდნენ. ჩემთვის ეს დიდი სიურპრიზი იყო.
„მე მინდა მადლობა გამოვხატო თქვენ მიმართ და რახან ბადრი დამარცხდა, მე მე-9 არხი აღარ მჭირდება, თქვენ გაჩუქებთ მის ტექნიკას, სიხშირეს, შენობებს და რაც მოგეწონებათ – ყველაფერი წაიღეთ”, – მითხრა მან. გამიხარდა. კაცი მეცენატია, გჩუქნის. რაც შეეხება პერსონალს, თუ ვინმეს საჭიროდ ჩათვლით, თქვენათან გადაიყვანეთ. დანარჩენებზე მე ვიზრუნებ, ქუჩაში რომ არ დარჩნენო.
ასე მოხვდა „რუსთავი 2“-ში ანუკა ქინქლაძე, ჩართვის მეორე მანქანა, ტოიოტას ჯიპზე დამონტაჟებული უძვირფასესი ტექნიკა. ბევრი არაფერი წამომიღია. ძირითადად, ბიძინასაც წეწავდნენ, ბევრი ფული ჰქონდა გადაყრილი.
მეცხრე არხის ტერიტორიაც დავათვალიერეთ, ნაგებობები ვნახე, ფეხით მოვიარე და ჩვენთვის ეს ადგილი უინტერესო აღმოჩნდა. ახლა სადაც „ორთაჭალის ტურფა“ შენდება, ეს ის ტერიტორიაა. მერე ამ მიწის გამო დიდი ხმაური ატყდა და ნაცემი დეპუტატი გელაშვილი რეანიმაციაშიც მოხვდა. ჩვენ გვაჩუქეს და უარი ვთქვით.
ივანიშვილმა იცოდა, რომ ჩვენ ტელევიზიის აქციების დარიგებას და მის საზოგადოებრივ მაუწყებლობად გადაქცევას ვაპირებდით. ამ თემაზე თვითონ ჩამოაგდო საუბარი. თავად შემომთავაზა დახმარება ამ პროექტის განსახორციელებლად.
მან მითხრა, რომ „რუსთავი 2“-ის ანგარიშზე 20 მილიონ დოლარს ჩარიცხავდა, რათა ტელეკომპანიას დეფიციტი აღარ შექმნოდა, ხოლო მომავალი აქციონერების სია ერთად უნდა ჩამოგვეწერა. ის აპირებდა ჩვენთვის ტელევიზიის დამფუძნებლებისთვის მატერიალური კომპენსაცია გადაეხადა.
მას სურდა, რომ ტელევიზიის გენერალურ დირექტორად ისევ მე დავრჩენილიყავი, თუმცა მე ვიუარე, ვინაიდან ზუსტად იმიტომ გავდიოდი ტელევიზიიდან, რომ ჩემი სახელი უკვე ხელს უშლიდა მას ობიექტურობაში.
„ერთადერთი თხოვნა მაქვს, ეს ჩვენი შეთანხმება საიდუმლოდ დარჩეს, მე რუსეთში ვშოულობ ფულს და არ მინდა პუტინმა და რუსეთის ხელისუფლებამ გაიგოს აქ რას ვაკეთებ. ამის გამო შესაძლოა, პრობლემები შემექმნას,”- მთხოვა მან.
მე ვუთხარი, ერთადერთი ადამიანი, ვისაც ყველაფრის საქმის კურსში ვაყენებ, არის ჩემი პარტნიორი დათო დვალი, მას ჩემს თავზე მეტად ვენდობი და პასუხს ვაგებ. თან ჩემს ინტერესში არ შედის ამ პროექტის ხელისშეშლა.
ამ საუბარს სააკაშვილიც ესწრებოდა, ისიც კმაყოფილი ჭყლოპინებდა. ერთმანეთს კარგად დავშორდით. ამის შემდეგ ერთი კვირის განმავლობაში ორჯერ შევხვდით ერთმანეთს. “ქართუს” შენობაში ერთად ვისადილეთ – მე, ბიძინამ და კახა ლომაიას ძმამ, რომელიც “ქართუ ჯგუფს” ხელმძღვანელობდა. ჩვენი პროექტის ირგვლივ დეტალებს ვათანხმებდით, თითქმის დავმეგობრდით. მართლა სასიამოვნო იყო ჩემთვის ასეთი ალტრუიზმი. ადამიანი, მხოლოდ იმიტომ, რომ დაგვეხმაროს, ამხელა მატერიალურ დანახარჯზე მიდიოდა.
ერთ მშვენიერ დღეს ბიძინა გაქრა. მე მასთან შეხვედრაზე მივედი და მის ნაცვლად ლომაიას ძმა დამხვდა, რომელმაც გადმომცა, რომ ივანიშვილს ჩხარტიშვილმა დაურეკა და ჰკითხა – მართლა „რუსთავი 2“-ს ყიდულობო?
ამის მერე ბიძინა ივანიშვილი საერთოდ აღარ მინახავს. არც მიცდია მისი მოძებნა, მაგრამ გამოვიდა, რომ მან რაღაც მთხოვა და მე ეს ვერ შევასრულე. ვიღაცამ ჩვენი შეთანხმება გაახმაურა, რაც პირობის დარღვევა იყო. ზუსტად ვიცი, რომ მე და დვალს არავისთვის არაფერი გვითქვამს, ეს არანაირად გვაწყობდა. ლომაიას ძმა ივანიშვილის თანამშრომელი იყო და ამას ნამდვილად ვერ გაბედავდა, ეს მისთვის თვითმკვლელობა იქნებოდა. რჩება მხოლოდ მიშა სააკაშვილი. შედეგიდან გამომდინარე დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეთანხმება მან ჩაშალა. მას დამოუკიდებელი საზოგადოებრივი სატელევიზიო არხი არ ჭირდებოდა. ასეთ არხს ვერც ხელში ჩაიგდებდა, როგორც ეს მოგვიანებით გააკეთა და ძნელადაც თუ გააკონტროლებდა, ვინაიდან აქციებს საზოგადოებისთვის ნაცნობ წესიერ და პრინციპულ ადამიანებს ვჩუქნიდით. ისე როგორც აკონტროლებს ვითომ საზოგადოებრივ მაუწყებლად გადაკეთებულ 1 არხს. ამიტომ, ზუსტად შემიძლია ვთქვა, რომ მიშას ინტერესში არ იყო ჩემი და ივანიშვილის შეთანხმება. ამ პერიოდში მახსოვს, ირაკლი ჩუბინიშვილმა საკრალური ფრაზა მითხრა, რომელიც თავში ჩამრჩა: „მიშას რუსთავი 2“-ის ეშინია და იძახის – არ მინდა რაღაც დროის მერე რუსთავი 2-ზე, “60 წუთში” ჩემზე ჟურნალისტური გამოძიება მოამზადონ, სადაც აღწერილი იქნება, რომ მე სახლი მაქვს ლონდონშიო. მას ეშინოდა “60 წუთში” მოხვედრის, ამ გადაცემის ნახევარი თანამშრომლები უშიშროების სამსახურში გადაიყვანა სამუშაოდ და ბიძინას შემოთავაზება დაბლოკა. ისე გააკეთა ყველაფერი, რომ ვითომ თავად მე დავარღვიე შეთანხმების პირობა.
ბიძინამ სიტყვა შეასრულა. ყველაფერი რასაც დაგვპირდა – გადმოგვცა, მაგრამ გაქრა. როგორც ვიცი, შემდეგ, მან ის 20 მილიონი ვანო მერაბიშვილს მისცა, რომლის მცირე ნაწილი „რუსთავი 2“-ის წილის გამოსყიდვისას დათო დვალს გადაუხადეს. დანარჩენი ვანომ და მაგ ბიჭებმა სად წაიღეს, მათ გარდა არავინ იცის“, – წერს ეროსი კიწმარიშვილი საკუთარ მოგონებებში.
2020ნიუსი
კომენტარები