გიორგი ჯავახაძე, ალია
როგორ იმოქმედა მიშას ჩამოსვლამ ამომრჩეველზე?
მარტივ მაგალითს მოვყვები, ჩემი ნაცნობი „ოცნების“ ამომრჩეველია, მისი ცოლი კი „ენმ“-ის. ხუმრობის გარეშე, ჩუმ-ჩუმად უყურებენ ტელევიზორში თავიანთ საყვარელ ლიდერებს, ქმარი რომ მიდის სამსახურში, ცოლი უცქერს ნაცების გამოსვლებს და ცოლი რომ საქმეზე მიდის, მაშინ ქმარი ახვევს ღარიბაშვილის ბრიფინგს, ერთად მხოლოდ ფილმებს უყურებენ. დააწყდათ ნერვი პირველ ოქტომბერს, ჯერ ერთი ნერვიულობდა, მიშა ჩამოვიდაო, მეორე მეორე – მიშა დააკავესო. საღამოს, ორივემ ერთად მკითხა, აბა, რა ხდებაო… მერე კი, ის, ვინც „ოცნების“ მომხრე და ამომრჩეველია, მეუბნება – ახლა ერთადერთი გამოსავალი კოალიციური მთავრობააო… ის, ვინც, აქამდე არასოდეს დაუშვებდა, რომ „ოცნებას“ კოალიცია შეეკრა ნაცებთან და დანარჩენ ოპოზიციასთან. ვკითხე, ასე რატომ ფიქრობდა, მიპასუხა, ის გიჟი (სააკაშვილს ეძახის ასე) აქამდე არ ჩამოსულა და რადგან ახლა გარისკა, ესე იგი, გარანტიები აქვსო.
დიახ, დიახ, ოპოზიციის მომხრეებსა და ე.წ. შუაშისტებში კი არა, ოცნების მომხრეებშიც კი გააჩინა ეჭვი, რომ მორჩა, იცვლება მთავრობა. და რამდენიმე საათში შეეგუა ეს ადამიანი „ოცნების“ ხელისუფლების შეცვლას ჩემ თვალწინ! არჩევნებზე არ წასულა, ეტყობა, ჩათვალა, რო მის ერთ ხმას, მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, წაგებულად გამზადებული „ოცნებისთვის“, სამაგიეროდ, მისი ცოლი 8 საათზე უკვე საარჩევნო უბანთან იდგა.
ასე რომ, იმოქმედა, იმაზე მეტად იმოქმედა, ვიდრე ვინმეს ჰგონია და ახლა წარმოიდგინეთ, როგორ იმოქმედებს 20 ქალაქი, სადაც მეორე ტური უნდა გაიმართოს, საკრებულოების ლამის სრულად გადაცემა ნაცებისთვის…
რაც შეეხება გახარიას – გახარიამ 7-8 პროცენტი მართლაც წაართვა „ოცნებას“, წესით, ახლა გახურებული ვაჭრობა უნდა მიდიოდეს, ვის გადაულოცავს ამ პროცენტებს, მაგრამ… არ დაგავიწყდეთ, რომ გახარიაც ოცნების იყო, ის 7-8 პროცენტიც ოცნების იყო და ჯიბიდან ჯიბეში ფულის გადანაწილებით, ფულს არა აკლდება რა.
შთაბეჭდილება რჩება, რომ „ოცნებას“ არ სურდა მეტის აღება, თორემ, აბა, როგორ ავხსნათ, რომ წელს მხოლოდ ღარიბაშვილი „მუშაობდა“ მუხლჩაუხრელად? დადიოდა და აფრქვევდა აგრესიას, მიუხედავად იმისა, რომ ყველა კვლევის მიხედვით, ცუდი ეფექტი მოაქვს ამ სისხლსა და აგრესიას. როგორ ავხსნათ, რომ სადაც გავიკითხე, არსად მისულან ოცნების აგიტატორები?
„ბევრ ჩემ მეზობელს უბრალოდ დაეზარა წასვლა, რადგან წვიმდა… ასე მარტივად, დაეზარა, უამინდობის გამო. საკუთარი ამომრჩევლის მიყვანა ვერ უზრუნველჰყო უბნებამდე „ოცნებამ“, იცის კალაძემ, ნეტავი, რომ მხოლოდ ერთხელ დარეკეს აქა-იქ რამდენიმე ადამიანთან? იცის, რომ არავინ მოსულა კარდაკარზე, არავის უთხოვია არჩევნებში მოსვლა? არავის გადაუმოწმებია მერე, მოვდივარ, თუ არა? იცის, ეს ყველაფერი კახა კალაძემ? და თანახმა იყო, კამპანიის არჩატარებაზე?“ – ეუბნება „ალიას“ მისი მომხრე.
ხო, ვაკელებმა ისიც მოგვწერეს, ერთ კანდიდატს მაინც რომ მოეფიქრებინა წამლად, დაგვპირებოდა – ჭავჭავაძეზე მოძრაობას შევცვლითო, მთელი ვაკე იმას მისცემდა ხმას, მაგრამ, აბა, რა დაპირება, რის პროგრამა, ლანძღვის მეტი არავის არაფერი უკეთებია, მხოლოდ ხაზარაძემ იმღერა, მაგრამ იმანაც კი არ იმღერა ვაკეში და ვაკეზეო…
„როგორც წინაზე გიამბეთ, ეს ერთი საერთო სცენარის ნაწილებია, მალე შეერთდება ყველა ფაზლი და მეტად ადვილად იქნება აღსაქმელი. ბიძინა, მიშა, გახარია – ყველანი ერთი სცენარის ნაწილები არიან და ამ სცენარს ჰქვია კოალიცია. საქმე იმაშია, რომ ამ კოალიციაში მთლიანი „ოცნება“ ვერ მოხვდება, მოხვდება მხოლოდ მისი ნაწილი, ამიტომ, ახლა იმას არკვევენ გუნდში ვინ გააგრძელებს პოლიტიკოსობანას თამაშს და ვინ დარჩება თამაშგარეშე… სწორედ ამას ემსახურება ის, რომ ზოგი ინფორმირებული არაა, ზოგს, ფეხს დაუდებენ წინ. საერთო ჯამში, არც მეორე ტურის წინ გამოვრიცხოთ ფარული კადრების, ან რამე ბინძური ამბების გავრცელება, არ დაგავიწყდეთ, წინ მთელ თვეა და მუხტი არ უნდა დავარდეს, „ოცნების“ ამოცანაა ახლა, არც იმდენად აიწიოს მუხტი, რომ ერთ დღეს, ნაცები არ მოუტრიალდნენ და არ უთხრან, რა კოალიცია, თქვენ საერთოდ ვის დაკარგვიხართ, დაახვიეთო… მეორე ტურის მერე აქციებსაც ველოდოთ უნდა და ვადამდელის მოთხოვნასაც, ჯერ საბოლოოდ ელოდებიან ნაცები მეტი და მეტი პროცენტის დამტკიცებას. პირველივე ტურის მერე რომ დანებებოდა „ოცნება“, ყველასთვის ადვილი მისახვედრი იქნებოდა, ამიტომ, მეორე ტურის მერეც ცხელი დღეები გველის…“ – გვიყვება ყოფილი ძალოვანი და ვნახოთ, ბოლოს და ბოლო ერთი თვეში 4 კვირაა და დღევანდელ, 4 ოქტომბრის ნომერს თუ არ ჩავთვლით, „ალიას“ 3 ნომერი. სამ ნომერში კი, კიდევ მეტი და მეტი დეტალის მოყოლას მოვასწრებთ.
კომენტარები