ბირთვული იარაღის გამოყენების რისკმა ცივი ომის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია და, სავარაუდოა, რომ ბირთვული შეიარაღება კვლავ გაიზრდება. – ამის შესახებ სტოკჰოლმის მშვიდობის საკითხების კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტმა (SIPRI-მა) 2022 წლის დასკვნები გამოაქვეყნა.
“მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს მნიშვნელოვანი მიღწევები იყო ბირთვული იარაღის კონტროლისა და ბირთვული განიარაღების კუთხით, ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი ცივი ომის შემდეგ ყველაზე მაღალია”. – აღნიშნა SIPRI-ის დირექტორმა, დენ სმიტმა.
9 ატომური შეიარაღების მქონე სახელმწიფო – აშშ, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი, ინდოეთი, პაკისტანი, ისრაელი და კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ბირთვული არსენალის მოდერნიზაციას აგრძელებენ. მიუხედავად იმისა, რომ ბირთვული იარაღის მთლიანი რაოდენობა 2022 წელს 2021-თან შედარებით ოდნავ შემცირდა, მომდევნო ათწლეულში ბირთვული შეიარაღება სავარაუდოდ გაიზრდება.
“ატომური შეიარაღების ყველა სახელმწიფო ზრდის ან აუმჯობესებს არსენალს. ამასთანავე, აძლიერებენ ბირთვულ რიტორიკას და მეტ ყურადღებას უთმობენ მათ სამხედრო სტრატეგიებში ბირთვული იარაღს […] ეს შემაშფოთებელი ტენდენციაა”. – თქვა SIPRI-ის მასობრივი განადგურების იარაღის პროგრამის დირექტორმა, ვილფრედ ვანმა.
ანგარიში, ასევე, შეეხო ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაუარესებას. ექსპერტთა შეფასებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, აშშ-სა და რუსეთს შორის სტრატეგიული სტაბილურობისთვის მოლაპარაკებები თითქმის არ განიხილება.
“მკაფიო ნიშნები არსებობს იმისა, რომ ცივი ომის შემდეგ დაწყებული გლობალური ბირთვული არსენალის შემცირების ტენდენცია სრულდება”. – ამბობს ვილფერდ ვანი.
კომენტარები