სამგზის პარლამენტარს და ბიზნესმენს, ვალერი გელაშვილს, ამბიცია აქვს, რომ ხაშურის მაჟორიტარული ოლქიდან მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრიც გახდეს. ამის შესახებ გელაშვილმა “2020NEWS”-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
ვალერი გელაშვილი: ჩემთვის დეპუტატობის შემოთავაზება მოულოდნელი იყო. ამ თემაზე სასაუბროდ წინა პარასკევს დამირეკეს. ისე ვარ ჩემს საქმეებში გართული, რომ ყველაფერის გადალაგება მომიწევს. არც ვიყავი მზად იმისთვის, რომ პარლამენტში შევსულიყავი.
– დეპუტატობის პარალელურად, ბიზნესაქმიანობაში ჩართული კვლავ იქნებით?
– არა. დღეს უკვე ჩემი ბიზნესების აქციები ჩემს მეუღლეს უნდა გადავუფორმო. ჩემი ბიჭი დირექტორი იქნება, ისიც ვალერი გელაშვილია. მთელი ოჯახი საქართველოში წამოვედით.
– V, VI, VIII მოწვევის პარლამენტში ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი ბრძანდებოდით. 2016 წელსაც გსურდათ ამ ქალაქის მაჟორიტარობა, თუმცა არჩევნებში “მრეწველების“ კანდიდატ სიმონ ნოზაძესთან დამარცხდით. კვლავ დააყენებთ 2020 წელს ხაშურის მაჟორიტარად თქვენს კანდიდატურას?
– აუცილებლად. მსურს კიდევ ერთხელ გავხდე ხაშურის მაჟორიტარი.
– არჩევნებში “ქართული ოცნება“ მხარს დაგიჭერთ?
– არ ვიცი. მე მგონი მმართველი პარტია მხარს დამიჭერს. მოლაპარაკება მაქვს და ჯერჯერობით, არ ვიცი “ქართული ოცნება“ ხაშურის მაჟორიტარად წარმადგენს თუ არა. იმედი მაქვს, რომ წარმადგენს.
– იმ შემთხვევაში თუ “ოცნებამ“ არ წარგადგინათ, დამოუკიდებელ კანდიდტად იყრით კენჭს?
– ვარაუდებით საუბარს ვერ დავიწყებ. მოვა დრო და გავარკვევთ. კენჭს პარტიის გარეშე არ ვიყრი.
– რატომ გსურთ ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი მეოთხედ გახდეთ?
– მე რაიონი არ მიმიტოვებია. ჩემს რაიონში რაღაცებს ვაკეთებ. მინდა, რომ ჩემი რაიონი უფრო წინ წავიდეს.
კომენტარები