რამდენიმეთვიანი ავადმყოფობის შემდეგ 14 თებერვალს ზურა დოიჯაშვილი ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა. მომღერალი ოჯახთან ერთად საქართველოდან ორი წლის წინ წავიდა. სახლის დაკარგვის შემდეგ, გადაწყვიტეს, რომ ოჯახის ყველა წევრს ემუშავა და სამ-ოთხ წელიწადში საქართველოში დაბრუნებულიყვნენ.
ჩასვლიდან რამდენიმე თვეში ზურა დოიჯაშვილმა თავი ცუდად იგრძნო და მალე საბედისწერო დიაგნოზი, ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი დაუსვეს.
267 დღე ებრძოდა კლინიკაში სიკვდილს…
ქეთი ვადაჭკორია მეუღლის გარდაცვალების შემდეგ საქართველოშია, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს და პრობლემა წლების შემდეგაც მოუგვარებელია.
ზურა დოიჯაშვილის მეუღლე “ამბები.ჯი”-თან ამბობს:
ზურა ბოლო დროს ძალიან დამძიმდა და ექიმებმა უფლება არ მოგვცეს, რომ საქართველოში გადმოგვეყვანა. რეანომობილი ძალიან დიდი თანხა ღირდა, თუმცა დათო ოქიტაშვილის წყალობით მარათონი შედგა და ეს თანხა შეგროვდა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ თურმე ორჯერ უფრო მეტი თანხა იყო საჭირო, რადგან პანდემიის გამო ფასი გაიზარდა, თუმცა ეს მაინც მეორეხარისხოვანი იყო, რადგან მარათონიდან ორ-სამ დღეში იმდენად ცუდად გახდა ზურა, რომ ექიმებმა გვითხრეს, ხელს არ მოგიწერთ გადაფრენაზე, რადგან ფაქტობრივად სიკვდილზე მიგყავთო. აფრენა და დაფრენა ამ მდგომარეობაში შეუძლებელიაო.
მე არავის ვადანაშაულებ ზურასთან დამოკიდებულებაში, არ ვიცი, მათი გულის ძახილი რა არის, მაგრამ მე მადლობის მეტი არაფერი მეთქმის მისი მეგობრებისთვის. არ მივიჩნევ, რომ რომელიმე მეგობარი ან ახლობელი ზურას წინაშე დამნაშავეა. დღე არ გავიდოდა, ზურა რომ არ მოეკითხათ.
ალბათ პირველი ორი-სამი თვე სანამ ზურა ძალიან დამძიმდებოდა, უფრო ადვილი იქნებოდა მისი გადმოყვანა. პანდემიამდე რეანომობილის თანხა სხვა იყო და შემდეგ გაიზარდა. დათო ოქიტაშვილმა ჩემი თხოვნის გარეშე შეუძლებელი შეძლო… როგორი მადლიერი ვარ მისი არ იცით. უბრალოდ მარათონით შემოვიდა ის თანხა რაც ვიცოდით, რომ რეანომობილს სჭირდებოდა, თანხის თავიდან შეგროვება რომ დაგვეწყო, აზრი არ ჰქონდა, ორ კვირაში გარდაიცვალა ზურა…
მართალია, ორმაგი მოქალაქეობა გვაქვს და ისრაელის მოქალაქეებიც ვართ, მაგრამ ქირით ვცხოვრობდით. დღისით მთელი დღე ზურასთან ვიყავი და ღამე ფიზიკურად ვმუშაობდი. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ჩვენი წასვლის ერთადერთი მიზეზი ბინის დაკარგვაა. ნულიდან ვიწყებდით ყველაფერს, რომ საქართველოში ჭერი გვქონოდა.
დიახ, ნოემბერში ჩავედით და ერთ წელიწადში ზურას გარკვეული ავადობები დაეწყო, მაგრამ ასეთ სერიოზულ დიაგნოზს არავინ ელოდა. ახლა ნაქირავებში ვცხოვრობ თბილისში, ორმოცამდე აქ ვიქნები და შემდეგ ისრაელში გავფრინდები, საბუთები მაქვს მოსაგვარებელი ზურასთან დაკავშირებით და შემდეგ საქართველოში დავბრუნდები, სამუდამოდ.
267 დღე ზურა ისრაელში რეანიმაციაში იწვა, აბსოლუტურად უფასო იყო მისთვის ყველაფერი. როგორც მოქალაქეს, დაზღვევა ანაზღაურებდა. ასევე რამდენიმეჯერ კერძო ექიმის მიყვანა დამჭირდა, რაც ძალიან დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული და ძალიან დამეხმარა კახი კალაძე. სარეზერვო ფონდიდან გამოყო ერთჯერადად თანხა, რითაც შესაძლებლობა მომეცა კერძო ექიმები მიმეყვანა ზურასთან. სულ მქონდა შეგრძნება, რომ რამეს ვაკლებდი. ასევე ძალიან მეხმარებოდნენ ზურას ებრაელი მეგობრები და დათო ლოლიაშვილი, სისხლის ბანკის დირექტორი საქართველოში, რომელიც მთელი ამ თვეების განმავლობაში გვერდში მედგა. დათო ოქიტაშვილმა რაც გააკეთა ბოლოს ზურასთვის, არ ვიცი, სიტყვები არ მყოფნის.
ბინის შეძენა ვერ მოვასწარით… ზურას სიცოცხლეში დაახლოებით ხუთი თვის წინ “ქართუ ბანკს” გავუგზავნე წერილი. მაშინ ვფიქრობდით, რომ ზურას გადმოყვანას რეანომობილით შევძლებდით და არ ვიცოდი მე სად დავბინავებულიყავი. ეს წერილი “ქართუ ბანკში” ახლაც დევს. ზურას ვარსკვლავის გახსნის წინა დღეს დამიკავშირდნენ “ქართუდან” და მითხრეს რომ ჩემი წერილი განხილვაში იყო და აუცილებლად დამიკავშირდებოდნენ. რა ვიცი, ახლა ზურა აღარ არის და დანარჩენს ვერ გეტყვით…
ძალიან მიჭირს ამ თემაზე საუბარი… ბინის დაკარგვა იყო მე და ზურას სიკეთე, უახლოეს ადამიანს დავეხმარეთ… გავაკეთეთ სიკეთე და დავრჩით ბინის გარეშე.
– არაჩვეულებრივი მამა და მეუღლე იყო, ზურასგან წყენა არ მახსოვს. იუმორით სავსე ადამიანი იყო. ძალიან უყვარდა სტუმრები, მეგობრები, სახლის კარს გასაღებით არასოდეს ვკეტავდით. სიცოცხლე უყვარდა, სტუმრები, ქეიფი, დროსტარება… შეწუხებულები ვიყავით, მისი ყოველთვის კარგ ხასიათზე ყოფნით. რაც არ უნდა პრობლემა ყოფილიყო მეუბნებოდა, ნუ გეშინია ქეთუშ, ნუ გეშინია „ჩვენ გამოვძვრებით“… მისი საყვარელი სიტყვები იყო ნიკო გომელაურის ლექსიდან…
მე სხვა განცდები და სენტიმენტები მაქვს, ბევრი რამ ტრიალებს ჩემს თავში, მაგრამ შვილები ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. რთულია დაკარგო ასეთი მამა, უსმინო იმას რასაც ადამიანები ზურას შესახებ ყვებიან. ამდენი სითბო, სიყვარული, მოფერება ზურას მიმართ, ამ გრძნობას რაც მის მიმართ გვქონდა, გვიასმაგებს…
ძალიან უჭირდა საქართველოსა და თბილისის გარეშე. ეს ხომ ჩვენი იძულებითი წასვლა იყო. ბინის პრობლემა რომ არ გვქონოდა, ზურა ხომ არ დატოვებდა საქართველოს. ვფიქრობდით, რომ სამი-ოთხი წელი ისრაელში ფიზიკურად გვემუშავა, იმისთვის, რომ საქართველოში ჭერი შეგვეძინა და დავბრუნებულიყავით. ზურას სიკვდილის შემდეგ ხომ საერთოდ… ერთადერთი “ქართუ” ფონდი იყო, ვისაც გავბედე და მივწერე ჩვენი ამბავი…
მე ზურას ბევრჯერ მოვუხადე ბოდიში, თუმცა ის არასოდეს ყოფილა ჩემზე ნაწყენი. ბოდიში მოვუხადე, იმისთვის რომ თბილისში ცოცხალი ვერ ჩამოვიყვანე.
წყარო – ambebi.ge
კომენტარები