ვაგრძელებთ ინტერვიუებს ქართველ მწერლებთან, პოეტებთან და ხელოვნების მოღვაწეებთან. ჯერჯერობით არ ვასახელებ მათ ვინაობას, რომლებიც გაექცნენ თავიანთი პოზიციის დაფიქსირებას. ერთმა ცნობილმა პოეტმა განაცხადა, ვერც „ალია“ და ვერც ვერავინ უშველის საქართველოს, ამიტომ ჩემს აზრს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რას ვიტყვიო. საინტერესოა, მაშინ რატომ ქმნის ეს ადამიანი ლიტერატურულ ნაწარმოებებს, თუ მის აზრს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. ბევრმა მწერალმა კატეგორიულად უარი განაცხადა. არადა, ეს მწერლები სხვადასხვა პერიოდულ პრესაში კარგად ჭიკჭიკებენ. ასევე რადიოში, ტელევიზიაში. „ფეისბუქზე“ ვეფხვებივით ღრენენ და ტურებივით კივიან, ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ მმართველობას ხოტბას ასხამენ.
ერთ ლიტერატურულ კრიტიკოსს ვკითხე, თუ ვინმე გეგულებათ ისეთი, სამწერლო, სამეცნიერო, სახელმწიფო და საზოგადოებრივი მოღვაწეობით იყოს გამორჩეული, თან გამბედავიცაა, ზნეობრივი, აქტიური და მებრძოლი მწერალი-მეთქი. – ასეთს ცოცხალს არ ვიცნობ, ვისაც ვიცნობდი, ყველა გაღმაა გასული, ხოლო ვინც ცოცხლები დარჩნენ, ხან ერთ ბანდას, ხან მეორეს, ხან მესამეს ემსახურებიანო. და თუ ვინმე პატიოსანი მწერალი და პოეტი შემოგვრჩა, მათ ისე უკეტავენ ყველა გზას, მკითხველამდე არ უშვებენ და ისინი ჩრდილში არიანო. ახლა, ამ არჩევნების წინ, რეჟიმების მსახური მწერლები და პოეტები განსაკუთრებით აქტიურდებიან. მაგათთვის სულ ერთია, ვის შეასხამენ ხოტბას, მთავარია, მაყუთი მიიღონო.
ამას წინათ ერთმა პოლიტიკანმა აქუბარდიას ტელევიზიაში განაცხადა: ვისაც არ უნდა მიშა, იმას უნდა ბიძინა, ვისაც ბიძინა არ უნდა, იმას მიშა უნდა – ეს არის, ბატონო, პოლიტიკაო. დღეს ეს კაცი რომ პოლიტიკოსობას ჩემულობს, ის არ იცის, რომ პოლიტიკური არჩევანი ძაღლის მხედველობა არ არის – მხოლოდ ორ ფერს ხედავდეს – თეთრს და რუხს. პოლიტიკა მრავალწახნაგოვანია და მრავალფეროვანი და მარტო მიშასგან და ბიძინასგან არ შედგება. ისე, ამას ის ამბობს, რომელსაც ერთიც აწყობს და მეორეც. მესამე, ალბათ, რეზერვში ჰყავს. მისგან ხომ კარგად იხეირა…
დავუბრუნდეთ ქართულ მწერლობას. ჩვენ გვახსოვს მწერლები და პოეტები, ლიტერატურული კრიტიკოსები, ინტელიგენტობაზე პრეტენზიის მქონენი, რომლებიც ქვეყნიდან განდევნილი საქართველოს პრეზიდენტის გადმოცემას თხოვდნენ სომხეთის რესპუბლიკის ინტელიგენციას და მოითხოვდნენ პრეზიდენტ გამსახურდიას, მისი ოჯახისა და თანმხლები პირების ე.წ. სამხედრო საბჭოსთვის გადმოცემას. სამხედრო საბჭოს, მოგეხსენებათ, ტერორი ჰქონდა გაჩაღებული თბილისში და რეგიონებში და კანონიერი ხელისუფლების მხარდამჭერებს ადგილზე ხვრეტდნენ. ჩვენ გვახსოვს მწერლები და პოეტები, ტირან შევარდნაძის გადაფურთხებულს რომ ლოკავდნენ რუსთაველზე. ზოგი მწერალი მაშინ სახელმწიფო საბჭოს წევრი იყო. ჩვენ გვახსოვს მწერლები და პოეტები, რომლებიც ჯალათ მიშა სააკაშვილს დასდევდნენ და გაიძახოდნენ: ვერ ხედავთ, რამდენი რამ შენდება და კეთდებაო?! და ვის ხარჯზე კეთდებოდა და შენდებოდა, ეს არ აინტერესებდათ. ჩვენ გვახსოვს ზოგიერთი მწერალი, ახალაიების პოლიტიკურ-პოლიციურ კლანთან რომ დადიოდნენ, არიქა, ჩვენი ახლობელი ციხიდან იხსენითო. იმათმაც არ დააყოვნეს და მალევე გაათავისუფლეს. ახლა ვეკითხები იმ მწერალს, თვითონ რამდენჯერ მიუტანა „პერედაჩა“ ბაჩო ახალაიას. ან თუ გაუგზავნა ფულადი შემწეობა საბერძნეთში გაქცეულ დათა ახალაიას? ერთი საგაზეთო წერილი ეყოფა ახალაიებთან ძმაკაცობის დადასტურებას? ალბათ, ახლა ნანობს, ვინმე მლიქვნელმა „მეოცნებემ“ არ გაუხსენოს და არ ჩაუშვას, რომ დეპორტაცია არ გაუკეთონ „ოცნების“ სასახლიდან, რაღა ეგ და რაღა „ოცნების“ დეპუტატი დავით მათიკაშვილის მამა, სააკაშვილის სუფრაზე რომ თამადობდა და ახლა სააკაშვილს ქოქოლას აყრის. ჩვენ ახლა ვუყურებთ მწერლებსა და პოეტებს, როგორ ხოტბას ასხამენ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის „გასაოცარი დემოკრატიის მმართველობას“. ამიტომ მართლა სანთლით უნდა ეძებო ისეთი მწერალი და პოეტი, ამ დამანგრეველ რეჟიმებს აკიდებული რომ არ იყოს. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, ერთი ნიჭიერი პოეტი იმედა ჯახუა შემხვდა. გული მომიკვდა, რომ შევხედე. გამომიტყდა და მითხრა, მიჭირსო, ასევე ცნობილი პოეტი ნაზი კილასონია, რომლის ლექსებზეც გავიზარდეთ, ის გამომცემლობა „სამშობლოში“ ჟურნალ „საქართველოს ქალის“ რედაქციაში მუშაობდა. ერთი სართული გვყოფდა. ასეთი ნიჭიერი მწერლები სისტემამ შიმშილისთვის გაიმეტა. მან მწერალთა კავშირს ერთი სიტყვით მიმართა: „მწერალთა კავშირო, მშია“… ხოლო ფინანსური ოლიგარქია სამშობლოს მოღალატე ვაიპოეტებს უფრო აფინანსებენ და მაღალი პრემიებითაც აჯილდოვებენ, რაღაც უბადრუკ ლექსებს რომ ჯღაბნიან და ლიტერატურულ ხულიგნობას ეწევიან. ახლა ასეთი პოეტები დუმილში არიან… ამიტომ მართლაც რომ დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე შემოქმედი მეპოვა, როგორ პატიოსნადაც ცხოვრობს, ასევე რომ წერს. ჰოდა, ასეთი სწორედ არც მეტი, არც ნაკლები, უნიჭიერესი პოეტი, ვაჟა-ფშაველასა და გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ლაურეატი გოჩა ხარანაული აღმოჩნდა, რომელიც არც კი დაფიქრებულა, ისე მისცა „ალიას“ ძალიან საინტერესო ინტერვიუ.
ყველაზე მთავარი: პოეტის შესახებ სრულყოფილი წარმოდგენა რომ ჰქონდეს ქართველ საზოგადოებას, გოჩა ხარანაულს ოჯახში ვესტუმრე, სადაც ნამდვილი საქართველო ვიხილე. გავიცანი პოეტის დედა, რომელმაც შვილი ობლობაში გაზარდა, გავიცანი პოეტის მეუღლე, უსათნოესი ადამიანი, ექიმი, ქალბატონი ხათუნა და შვილები: ლილე, მათე და ხვარამზე ხარანაულები.
-ბატონო გოჩა, მეტისმეტად რთულ დროში გვიწევს ცხოვრება. თქვენ როგორ ხსნით, ასეთი სულიერი დაკნინება და ასეთი სიხარბე რამ განაპირობა ქვეყანაში? თან ყველა სფეროში თითქმის ანალოგიური ვითარებაა. ამბობენ, რომ ქვეყანაში 800-მდე მწერალი და პოეტია. სამხედრო ბატალიონში 800 კაცია. თუ კარგად უმეთაურებენ, ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ ქვეყნისთვის და ხალხისთვის, თუ არადა, იქნებიან სამხედრო ტყვეებივით. „ოფიცერი ტყვეები“ არაფერს გააკეთებენ. მათ კანონი არაფერს ავალდებულებს. ამის გამო ბევრი რიგითი მწერალი და პოეტი დიდ გაჭირვებაშია. რას იტყვით ამაზე?
-ეროვნული დაკნინება განაპირობა უცხოთა დუდუკზე ცეკვამ, რომლებმაც მხოლოდ სისხლისღვრა გვიწყალობეს. ეროვნული დაკნინება, ეროვნული ცნობიერების დასუსტება ეროვნული ღირსების შელახვას იწვევს. თქვენ რაც მკითხეთ, იმის პასუხი ჩემს წიგნში „ვეძებ სამშობლოს“ ზუსტად არის გაცემული:
„მე ჩემი საქართველო მაქვს,
თქვენ, თურმე, თქვენი გქონიათ,
თქვენი დედების დედობამ,
რა ხრიკი მოგიგონიათ.
ვინ შეგასწავლათ ხელობა,
ქვიშის საბელად მგრეხელი,
მე ჩემი საქართველო მაქვს,
თქვენ იმას ვერ შეეხებით“.
სიმართლე უნდა ვთქვა: მაყვალა გონაშვილმა ჩემი ლექსები სამი წელი დადო და მის დაბეჭდვაში არანაირი როლი არ შეასრულა. ჩემი ლექსები შემდეგ „მწერლის გაზეთში“ დავბეჭდე. ერთადერთი წიგნი „ვეძებ სამშობლოს“ ჩემმა მეგობრებმა 50 წლის იუბილეზე გამომიცეს. უამრავი ლექსი მაქვს, მაგრამ სხვა წიგნი ვერ გამოვეცი. აი, პოემაც დავწერე. ამანაც მზის შუქი ვერ ნახა. არც წიგნის გამოცემა შემიძლია და აღარც წიგნის პრეზენტაცია, რადგან ყველაფერს სახსრები სჭირდება. ჰოდა, სანამ ცოცხალი ვარ, პოეზიის საღამოს ალბათ მოვაწყობ.
-ბატონო გოჩა, პირველი ლექსი რა ასაკში დაწერეთ? თქვენ ხართ ზოგისთვის ცნობილი, ზოგისთვის – სრულიად უცნობი პოეტი, რადგან მუდამ ჩრდილში ჰყავხართ ერთმანეთის მონაცვლე რეჟიმებს. ამ დროს თქვენ ხართ გაბედული პოეტი. აქტიური და მტკიცე პიროვნება.
-სკოლის ასაკში, მეცხრე კლასში, პოეზიის საღამო მომიწყვეს. 61-ე სკოლა დავამთავრე. მთელი ცხოვრება ვშრომობ და ვიბრძვი.
–ეროვნული მოძრაობის დროს მოვლენების ცენტრში იყავით, ალბათ.
-9 აპრილის ღამეს იქ ვიყავი. ბოდიში, რომ არ მომკლეს და გადავრჩი. სტუდენტი ვიყავი. ვმუშაობდი „გეპეის“ კორპუსში დარაჯად. ახლაც ფიზიკის ინსტიტუტში ვმუშაობ დარაჯად. მე საქართველოს დარაჯი ვარ. ერთი დღე ხელფასს რომ ავიღებ, კაცი ვარ და 29 დღე – მათხოვარი. მეუბნებიან, ღარიბი პოეტების პრეზიდენტი ხარო. პირველ პრეზიდენტს რამდენიმე ლექსი მივუძღვენი: „ვინც სამშობლოს სამსახურშია, ზვიადი გახლავთ, გამსახურდია“. როდესაც ეროვნული ხელისუფლება დაამხეს, პოლიტიკურ უღრანში დავიკარგე. მერე შევარდნაძის ტირანიას ვებრძოდი. მოგკლავენო, მეუბნებოდნენ. სიტყვით და კალმით ვებრძოდი. შევარდნაძეს ბევრ უბედურებასთან ერთად გოჩა ესებუას მკვლელობას ვერ ვაპატიებ. მას ხომ არაფერი დაუშავებია. დამკვირვებლები მიიპატიჟა კოლხმა კაცმა თავის ოჯახში და გატაცებაში ჩაუთვალეს და მოკლეს. გამოვეხმაურე ლექსით: „ქვებს რატომ ესვრით მერცხლებს, მოხუცებულო სესე“. იცით, რატომ ვაფასებ გოჩა ესებუას? იმიტომ, რომ ის იყო საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო ფიცის ერთგული და კიტოვანის მსგავსი ნაძირალებივით სამხედრო ფიცისთვის არ უღალატია. შევარდნაძის ჩინ-მედლებს არ დახარბებია. დღეს ვხედავთ, საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო ფიცის მოღალატე ოფიცერს ზოგიერთი პოლიტიკური პარტია დეპუტატობის კანდიდატად ასახელებს. მათ ხომ კაცობაზე წარმოდგენაც არა აქვთ. ნახეთ, როგორ ადვილად იკვრებიან ეს არაკაცები. ბრიყვები მეკითხებოდნენ, რატომ ხარ გოჩა ესებუას ჭირისუფალიო. რატომ და ის ჩემი ძმაა და ასეთი ვაჟკაცები ყოველთვის ჩემი ძმები იქნებიან, რომლებმაც იციან ერთგულების ფასი.
-ვიცი, სააკაშვილის რეჟიმს ხმალამოღებული ებრძოდით.
-რომ იტყვიან, არ ამოვასუნთქე ჩემი ლექსებით. 2005 წელს „ნაციონალებს“ გავუგზავნე წერილები, სათაურით „გიჟების მანიფესტი“, „წერილები ვირებს“, „წერილები წეროებს“. მე მათ ვუწინასწარმეტყველე, რომ მალე აფრინდებოდნენ. როცა ეკლესია შეანგრიეს 2004 წელს, მაშინ დამთავრდნენ ისინი.
-ბატონო გოჩა, რატომ არ იწერება დღეს სოციალური პროტესტის შემცველი ნაწარმოებები?
-იმიტომ, რომ ისინი სხვა არხებისგან იკვებებიან. თუ მწერალი ხარ და პოეტი, შენი ხალხის ტკივილით უნდა იცხოვრო და წერო. ამას ვინც ვერ აკეთებს, ის რა მწერალია, ან რა პოეტია. ერთმა მწერალმა მითხრა, რა ძალა გადგას, ხან შევარდნაძეს ებრძვი, ხან ნაცებს, ახლა – „ოცნებასო“. დიახ, ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი, რაც შეიძლება ნათლად და მკაფიოდ. მტერს მტერი უნდა ვუწოდოთ, მოყვარეს კი – მოყვარე. უნდა ვიბრძოლოთ და ვიღვაწოთ. მწარე რეალობა გვაქვს და როგორ, გულხელდაკრეფილებმა უნდა ვუყუროთ ამ ყველაფერს?
-ბატონო გოჩა, „ქართული ოცნების“ მიმართ რა აზრი გაქვთ?
ეს უბედურები რომ მოვიდნენ, გაზეთი ჰქონდათ გახსნილი „ქართუ ბანკში“. ეს გაზეთი ეზოში გადმომიგდეს არჩევნებამდე. დავინტერესდი და წავიკითხე. იმ გაზეთში ეროვნული ცნობიერების ნატამალი არ იყო. ოღონდ მიშა წასულიყო და მთელი ჩემი ოჯახი ივანიშვილის მიტინგებზე დავდიოდით. ჩემი ფეხმძიმე მეუღლეც კი ყოველდღე მიტინგებზე იყო. ერთმა მეგობარმა მითხრა, ნუ აჩქარდებითო.
-ვინ იყო თქვენი მეგობარი?
ერთი გურული კაცია, იურისტი. მან პირდაპირ მითხრა, არაფრის მაქნისები არ არიანო. გურულებს სხარტი აზროვნება აქვთ. გადავწყვიტე, ტესტი ჩამეტარებინა. ეროვნულ თემაზე დაწერილი ჩემი ლექსი გავუგზავნე რედაქციას. გაზეთის რედაქციიდან მომწერეს: ჩვენს ფორმატს არ შეესაბამებაო. მაშინ დავრწმუნდი, რომ ესენი ქართულ საქმეს არ გააკეთებდნენ. გვიან გავიგე, 1991 წლის 31 მარტს მოსკოვში გამსახურდიას გახსნილი ჰქონდა სარეფერენდუმო უბანი, მაგრამ შევარდნაძის მსგავსად არც ივანიშვილი არ მისულა ამ უბანში და ხმა არ მიუცია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისთვის. ჩემი გურული ამხანაგი მართალი იყო. ამათმა რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღეს, სინამდვილეში ზნეობის დისკრიმინაცია მოახდინეს. ამაზე მუშაობა ჯერ კიდევ „ნაცებს“ ჰქონდათ დაწყებული, „ოცნებამ“ კი გააგრძელა „ნაცების“ საქმიანობა. კონკრეტული ფაქტი გნებავთ? ჩემი ერთი წერილის გამოქვეყნებიდან მესამე დღეს მოდის ჩემს სახლში ეროვნული აღსრულების ბიურო და სახლს გვიყადაღებენ, რადგან 20 წლის წინათ „თელასის“ ვალი გვქონდა. სახლი დაგვიყადაღეს. ამ ვალს დღემდე ვიხდი. ეს იმიტომ გააკეთეს, რომ დავეთრგუნეთ მე და ჩემი ოჯახი. ესენი გლობალისტ-მასონების ხელის მსახურები არიან. ყველა მწერალს ვუთხარი, თუ ქრისტიანული პრინციპები არ გინდათ, ნუ ასაღებთ მართლმადიდებლებად თავს-მეთქი.
-თანამედროვე ლიტერატურაზე და პოეზიაზე რას იტყვით?
-ვერ ვიქნები მკაცრი და ვიტყვი, რომ ბევრი კარგი მწერალი და პოეტი გვყავს: ენდი ნემსიწვერიძე, დევი დედაბრიშვილი, ზეინაბ მეტრეველი. ეს ქალი, საერთოდ, დედამიწის გულშია ჩასმული.
-თანამედროვე ნეოლიბერალურ ცრუ იდეებს აყოლილი ზოგიერთი ლიტერატურული კრიტიკოსი აუგად მოიხსენიებს საბჭოთა საქართველოს პოეტებსა და მწერლებს, მათ დანაშაულად უთვლის მშომელი ხალხის ქება-დიდებას, თანასწორობის იდეის მხარდაჭერას. ამაზე რას იტყვით?
-გალაკტიონის შემდეგ ჩემთვის შოთა ნიშნიანიძეა საოცრება. ის მთის ბროლია. მან დაწერა ლექსი „რომ კომუნისტის სახელი გვერქვას, ყველა როდია ღირსი“. კაპიტალისტების მლიქვნელები შეედარონ.
-ბატონო გოჩა, ნიშნიანიძემ ერთ-ერთ გაზეთში დაწერა, გოჩა ხარანაული XXI საუკუნის ლადო ასათიანიაო. ამ თაობაში უფრო აღმატებული ნიჭის პოეტს არ ვიცნობო. ხვალ რა იქნება არ ვიციო, ხომ სწორად მახსოვს?
-დიახ, ასე იყო. გავიხსენებ ერთ ეპიზოდს: ის, როგორც მამა გაყვება შვილს მისაღებ გამოცდებზე, ისე გამომყვა – შენ უნდა ისწავლოო. იმიტომ კი არ გამომყვა, რომ ჩემთვის საგნები ჩაეწყო, ჩემი ცოდნა რომ არ დაკარგულიყო, იმიტომ. ფილოლოგიურზე ვაბარებდი და ბრწყინვალედ ჩავაბარე.
-მაინც, საიდან ასეთი ნიჭი?
-ვაჟა-ფშაველას ბებო იყო დოჭურ ხარანაულის შვილი. ვაჟას ძარღვებში ხარანაულების სისხლი ჩქეფდა. ეს არის უტყუარი ისტორია.
-როგორ ცხოვრობს დღეს გოჩა ხარანაულის ოჯახი?
-აი, გაიხედეთ, ქალბატონო ნანა, როგორც ხედავთ, ასე, შეჭირვებულად ვცხოვრობთ, ოჯახის ყველა წევრი ვმუშაობთ და კაცს სიგარეტი ვერ მიყიდია.
საუბარში ჩაგვერთო პოეტის ქალიშვილი – ულამაზესი ლილე ხარანაული, რომელმაც წელს ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა გამოცდები. აი, რა გვითხრა მან:
მამას არასდროს ესირცხვილებოდა მისი სოციალური მდგომარეობა იმიტომ, რომ მას აქვს ის, რაც ბევრად მაღლა დგას მატერიალურ კეთილდღეობაზე. მამას არ უყვარს შვილების ქება. მეც ვწერ, თუმცა პროფესიული კუთხით არასდროს მაქებს. მამისგან ჩვენ გამოგვყვა სამართლიანობის გრძობა. ხშირად გვეტყვის ხოლმე: პროფესიას უნდა დაეუფლოთ, მუქთად არაფერი უნდა მიიღოთ, შრომა სჭირდება ყველაფერსო. მამაჩემი პურს რომ გატეხავს სახლში, მაშინაც კი სხვებზე ფიქრობს. რამდენჯერ უთქვამს, რაც ახლა მე მაქვს, სხვას თუ აქვსო. არაფერი აქვს, მაგრამ ყველას მხარში უდგას. მამამ ყველა სტერეოტიპი დაამსხვრია.
-ბატონო გოჩა, თქვენი მფარველი ანგელოზი ვინ არის?
მერაბ ელიოზიშვილი ამბობს, ჩემი მფარველი ანგელოზი ჩემი ცოლიაო. მეც იგივეს ვიმეორებ. მახსოვს, როცა მერაბ ელიოზიშვილმა წაიკითხა ჩემი ლექსების კრებული, მითხრა: რას მერჩოდი, ეს რა დაგიწერიაო, შავი ჩოხა-ახალუხი შენ შიგნიდან გაცვიაო.
-ბატონო გოჩა, ვინც ქართულ ლიტერატურას ოდნავ მაინც იცნობს, ილია ჭავჭავაძის „კაკო ყაჩაღში“ არის ერთი ასეთი სცენა: ბატონი ყმა-გლეხს შვილს რომ ართმევს. ამ გაგანია დემოკრატიის დროს ოლიგარქიამ ისეთი კანონი მიიღო, სათაურიც კი რა დახლართულია და ურთირთგამომრიცხავი. ეს კანონი მარტო ალალ-მართალ და მშრომელ ინტელიგენციას წაართმევს შვილებს, თორემ ოლიგარქის ოჯახში არავინ მივა მათი ნაშიერის წასაყვანად. ალბათ, იცით, რა მოხდა ხელვაჩაურის რაიონში. გაღარიბებულ დედას ამ კანონის საფუძველზე სოციალურმა მუშაკებმა პატრულის დახმარებით ცხრა შვილი წაართვეს. ლევან ბერძენიშვილის მოწოდება გამახსენდა, დავსაჯოთ ღარიბები, რატომ არიანო. მაშინ გვეგონა, ხუმრობდა, როგორც აღმოჩნდა, მუქარა ყოფილა. თქვენ როგორ შეაფასებთ?
-ცხრა ძმა ხერხეულიძეების დედებმა დაწყევლონ ესენი და ცოცხალი დეპუტატის – ემზარ კვიციანისგანაც დაწყევლილები არიან უკვე. აი, ასეთია ბურჟუაზიული დემოკრატია. დემოკრატია ბურჟუებისთვის არის, ხოლო დიქტატურა – ღარიბებისთვის. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ გატაცებული ბავშვები გადააგვარონ. არ გამოვრიცხავ, რომ უცხოეთში გაყიდონ გოჩა და ხვიჩასავით, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ბავშვის ორგანოებით ვაჭრობა მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს და ამ კანონის მეხოტბეები მაგარ მაყუთსაც აკეთებენ. დააკვირდით, ხალხო, ოჯახს კი არ ეხმარებიან, არამედ ბავშვები უცხო ოჯახში მიყავთ. ამ მიმღებ ოჯახებში რამდენად დიდია ბავშვებზე იმის შანსი, რომ ბავშვებზე იძალადონ, მოახდინონ მათი ექსპლუატაცია, ცემა და გაუპატიურება. და ეს ასე რომ მოხდეს, ამ ბინძური კანონის მეხოტბეები პასუხს როგორ აგებენ? ერთი იმ ამომრჩევლების ტვინში ჩამახედა! ვინც აპირებს, ასეთ დეპუტატებს ხმა მისცეს, ისინი ხმას მისცემენ ქართული ოჯახების დანგრევის კანონს.
-გამოსავალს რაში ხედავთ?
-მოდუნება არ გვმართებს. ჩაძინებას და ძილ-ბურანში ყოფნას ის დროა, განგაში ავტეხოთ. საქართველო მხოლოდ ჩვენი გეოგრაფიული ადგილი კი არ არის, არამედ, პირველ რიგში, სისხლის გაღების სახატე. ამიტომ დროზე უნდა ვუწოდოთ ყველაფერს თავისი სახელი. არიან უსახელო უფლისციხელი გმირები და არიან უსახელო ვაიპოეტები და ვაიმწერლები. დუმილის დრო არ არის, ნუ იმალებიან, ამოიღონ ხმა, რა დროს არჩევნებია!!!
გოჩა ხარანაულის წიგნს „ვეძებ სამშობლოს“ ცნობილი მწერლები ჭაბუა ამირეჯიბი, ჯანსუღ ჩარკვიანი და სხვები მაღალ შეფასებებს აძლევენ. ლიტერატურული კრიტიკოსი ამირან ხეცაძე ამბობს: „ვიდრე ერთი ჯანსაღი ქართველი დადის ამ დალოცვილ მიწაზე, შენ ივლი შენი მბორგავი, აჯანყებული, შეუდრეკელი მალამო ლექსით. შენ შორი სიღრმეებიდან მოდიხარ და მოგდევს მთისა და მდინარის, მინდვრისა და ტყის სინაზეც და სიხისტეც. შეუპოვრობაც და ლმობიერებაც. მადლობა ღმერთს შენ გამო!”
ნანა სულავა, ალია №28
კომენტარები