საკრებულოს დეპუტატი, თარაშ შურღაია, რომელმაც ლევან ხაბეიშვილს თავში წამოარტყა, რასაც ჩხუბი და დაპირისპირება მოჰყვა, სოციალურ ქსელში წერს:
„პირველ რიგში, მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ვიაზრებ იმ თმენის ვალდებულებას, რომელსაც საჯარო სამსახური მაკისრებს და აქედან გამომდინარე, მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას და ჩემს შვილებს, იმის გამო რისი ნახვაც მოუწიათ.
ამავდროულად მოგახსენებთ, რომ ფართო საზოგადოებამ იხილა ამ კონფლიქტის ესკალაცია და არ არის საქმის კურსში, რა პრეისტორია უძღოდა წინ ამ ინციდენტს.
ლევან ხაბეიშვილმა არაერთხელ მოგვაყენა პირადი შეურაცხყოფა.
ორი კვირის წინ მას პირადად ვესაუბრე მის სამუშაო ოთახში, რომ მისი განცხადებები ხშირად სცდება ყველანაირი პოლიტიკის, თუ ეთიკის ჩარჩოებს და ვთხოვე, თავი შეეკავებინა პერსონალური შეურაცხყოფისგან.
მან სიტყვა მომცა, რომ მსგავს საქციელს აღარ გაიმეორებდა. ამ საუბარს ესწრებოდა მისი თანაგუნდელიც.
ამის შემდეგ, რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია კავკასიის ეთერით ჩვენს მიმართ მან გააჟღერა აბსურდული ბრალდება, თითქოს ჩვენ შეგვიძლია და ხელფასს არ ვუმატებთ კერძო კომპანიის თანამშრომლებს. მას ასეთი ტყუილი მრავლად უთქვამს და ცხადია, ეს კონფლიქტის მიზეზი არ გამხდარა.
კონფლიქტის მიზეზი გახდა ის, რომ მან პირდაპირ ეთერში საკრებულოს უმრავლესობის ყველა წევრს – ფარჩაკი, იდიოტი, არაკაცები გვიწოდა და თქვა, რომ ვიმსახურებთ თავების გატეხვას ლევან ხაბეიშვილის მხრიდან.
ლევან ხაბეიშვილს კარგად მოეხსენება, რომ საკრებულოს ტენდერში გამარჯვებული კერძო კომპანიის თანამშრომლები ალაგებენ, რომ საკრებულოს გარდა ეს ქალბატონები კომპანიას სხვა ორგანიზაციებშიც ჰყავთ დასაქმებული და საკრებულოს არანაირად არ შეუძლია კერძო კომპანიას სახელფასო განაკვეთი განუსაზღვროს, თუმცა ეს სხვა საკითხია.
კონფლიქტის მიზეზი ლევან ხაბეიშვილის მხრიდან პირადი შეურაცხყოფაა. ჩემი აღშფოთება და ემოციური სიმშვიდის დაკარგვა სწორედ ამ თავხედობას და უზრდელობას უკავშირდება. გაერთიანებული კომისიების სხდომის მიმდინარეობისას ისევ აგრძელებდა ცინიკური პასუხების გაცემას, რამდენჯერმე შევეცადე მისი ყურადღება მიმექცია და პასუხად მივიღე ისევ ცინიკური განცხადებები, ამის შემდეგ მე განვახორციელე მის მიმართ ის მსუბუქი დამამცირებელი ჟესტი, რომელიც საზოგადოებამ იხილა. ეს ჩემი მხრიდან შეიძლება ნამდვილად არ იყო მიზანშეწონილი ქმედება, მაგრამ სამწუხაროდ თავი ვეღარ შევიკავე.
ჩემთვის, როგორც ერთი ადამიანისთვის, წარმოუდგენელია პოლიტიკური ქულების და სპეკულაციების გამო ხაზი გადაუსვა ყველანაირ მორალს, სინდისს და ღირსებას.
ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას ამ ინციდენტის ხილვის გამო, მაგრამ, ნამდვილად არ მიცხოვრია ისე, რომ ვინმეს, მით უმეტეს ლევან ხაბეიშვილის მხრიდან სიტყვა არაკაცი და ფარჩაკი მეკუთნოდეს.
ცხადია, ძალადობას მორალური არგუმენტით ვერ და არ გავამართლებ, თუმცა საზოგადოებამ მინდა იცოდეს, რომ ასეთი იყო პრე-ისტორია და ასეთია ჩემი პოზიცია“
კომენტარები