მწერალი, ლუკა ბაქანიძე, სოციალურ ქსელში, გვერდზე, Lukrecio Bakanidze, წერს:
“თანამედროვე მწერლებს აქილიკებენ მავანნი, გადავაწყდი ფბ-ზე აქა-იქ.
ჰოდა, მკითხველო, სინამდვილეში, 21 საუკუნის ქართული მწერლობა გაცილებით მრავალმხრივი და პროდუქტიულია, თავისი სტილისტური ძიებებით და ექსპერიმენტებით, და ასევე, მხატვრული თვალსაზრისით მრავალგზის საინტერესოა, ვიდრე გასული საუკუნეების, სტილისტური კეკლუცობის და ლიტერატურული პროვინციალიზმის „უკვდავი“ ნიმუშები, აშკარად გამოხატული ზეგავლენებით – ჰემინგუეია ლამის მთელი 20 საუკუნის ბოლო ნახევრის პროზა, სხვა გავლენებზე რომ არაფერი ვთქვათ.
ბოლივუდის ფილმებს ჰგავს ძველი ქართული მწერლობა – საყვარელი და თბილია, მაგრამ საშუალოობას ვერგაცდენილი… ტექსტუალური ღირებულების მსოფლიო „შკალით“, თითქმის ვერცერთი, ჩვენში აღიარებული ეროვნული კლასიკოსი – მომიტევეთ გულწრფელობა, ვიცი, ძვირფასია ჩემთვისაც და თქვენთვისაც – სინამდვილეში, ვერ აკმაყოფილებს ნაღდი, დიდი მწერლობის, მშრალად რომ ვთქვათ, კრიტერიუმებს.
ესე არს სიმართლე და სხვა ყველაფერი, ქართული ტარასკონიადაა, ფოკუსარეული ლინზით დანახული, გაუკუღმართებული რეალობა, ეროვნული „ეგოს“ ფხანა. ასე რომ, კეთილი ინებე, მკითხველო და მოყვასო, და დააფასე ეპოქა ესე ლიტერატურისა, და 21 საუკუნის მწერალი!
თქვენ კიდევ, კრიტიკოსნო, მოეშვით ნაფტალინიანი კარადების ქექვას და ისწავლეთ და გაბედეთ თქვენთვის ეგზომ უცხო და სახიფათო, ხშირად აკადემიური ნორმებიდან გასული ფრაზეოლოგიის ცნობა, შეფასება და აღიარება, ასე თუ ისე. ისე თუ ასე, თუ გინდათ, რომ მიმდინარე ლიტერატურული პროცესების მეგობარნი იყოთ და არა მტერნი, რამეთუ, გარკვეულწილად, თქვენ ქმნით საყოველთაო აზრს ლიტერატურის, და ამ შემთხვევაში, თანამედროვე ლიტერატურის შესახებ!
პატივისცემით – ლუკა ბაქანიძე. მეთევზე.”
კომენტარები