გიორგი ჯავახაძე, ალია
არჩევნებამდე ერთი კვირა დარჩა – ამიტომ, ვისაც სადმე ბინძური საცვალი დარჩა, ვინც ვინმეს ბინძური საცვალი გადაინახა – ყველას ახლა გამოფენენ, სამწუხაროდ, უკვე სტანდარტად დამკვიდრდა, რომ წლობით ინახავენ ყველა სიბინძურეს და სწორედ მაშინ იყენებენ, როცა მათთვისაა მომგებიანი.
გამოდის და გამოდის სუს-იდან ფაილები და ერთი ხეირიანი განცხადებაც არ გაუკეთებია სუს-ს. ფაილების ერთი დასტის გამოტანა უკვე გარდაცვლილ ყოფილ თანამშრომელს გადააბრალეს და სოციალურ ქსელში თუ გაიხედ-გამოიხედავენ სუს-ელები, ნახავენ, რომ მათი ყოფილი თანამშრომლის თვითმკვლელობის არავის სჯერა, ზოგი თვლის, რომ მოკლეს, როცა გაიგეს, რომ ფაილები გამოიტანა, ზოგი კი თვლის, რომ წაასწრო გატანის ფაქტს და მაგიტომ მოკლეს – ასეა, თუ ისე, ამ მთავრობის პირობებში, ამ საქმის გამოძიება ვერ მოხდება, არც ამ საქმეზე ჭორაობა შეწყდება, სანამ სიმართლე არ დადგინდება.
საზოგადოება პირგველი დარტყმის შემდეგ, თითქოს წამით მოდუნდა, მაგრამ ახლა სხვადასხვა ტელევიზია გვეუბნება, რომ მათთან სუს-ის მოქმედ თანამშრომლებსაც მიაქვს ახალი ფაილები, ზოგ არხზე კი სუს-ის მოქმედი თანამშრომლის ინტერვიუ გადის სკანდალური დეტალებით, როგორ უსმენენ ექიმებს, რათა მათი პაციენტების ისტორიები გაიგონ, როგორ უსმენენ ადვოკატების საუბრებს კლიენტებთან და ა.შ.
ერთი შეხედვით, ისე ჩანს, რომ თითქოს ესეც მოგვწყინდა და მეტი ექშენი და სიმძაფრე გვინდა, განსაკუთრებით ამ ბოლო კვირაში მაგრამ, ჩანაწერების გამოტანამ თავისი საქმე მაინც გააკეთა, საერთო პანიკა უკვე დაითესა, ადამიანებმა გაიგეს, რომ ვიღაც მაშინაც უსმენს, როცა ნამცხვრის რეცეპტს კარნახობს მეგობარს, ვიღაც ზის და მის ლაიქებს ითვლის, ვიღაც მის კომენტარებს აკოპირებს – მოკლედ, ადამიანებმა იციან, რომ მარტო არ არიან მაშინაც კი, როცა მარტონი არიან და ეს თავისთავად იწვევს დაძაბულობას და პანიკას, მით უფრო, პანდემიის პირობებში, როცა პირდაპირი კონტაქტი შეზღუდა ხალხმა.
„ჯგუფში მოსმენებზე რომ ვდებ ინფორმაციას, ის მასალა „მკვდარია“, ნაკლები აქვს ლაიქიც და გაზიარებაც, როგორც ჩანს, ადამიანებს, მოქალაქეებს ეშინიათ მოსმენების შესახებ ინფორმაციის გაზიარების, ან მასზე რეაქციის გამოტახვის, ერიდებიან სუს-ზე ხუმრობებსაც. არ ვგულისხმობ პოლიტიკოსებს, ვსაუბრობ საჯარო მოხელეებზე, ექიმებზე, მასწავლებლებზე“ – უყვება „ალიას“ სოციალურ ქსელში რამდენიმე დიდი სოციალური ჯგუფის ადმინისტრატორი.
შიში იმიტომ ითესება, რომ პანიკა გამოიწვიო და პანიკას იწვევ იმიტომ, რომ ადვილად მართო – არაფერია ამაში ახალი, ახლა ვინ როგორ გამოიყენებს უკვე ფესვებგამდგარ პანიკას – ესაა საქმე. ერთი რამ ცხადია, ამ შიშში ცხოვრებას ადამიანები აღარ მოინდომებენ, ეს შიში ამოხეთქავს.
„დღეს შაბათია, არჩევნებამდე დარჩა ზუსტად ერთი კვირა, სწორედ მომდევნო შაბათს, 2 ოქტომბერსაა არჩევნები. დღეს, შაბათს, ერთდროულად ორ სატელეფონო ოპერატორს შეეზღუდა კავშირი, როგორც სოციალურ ქსელში წერენ და როგორც მე ვნახე. ოპერატორმა ინფორმაცია გაავრცელა და თქვა, რომ მობილურ ქსელში ტექნიკური შეფერხებაა და სპეციალისტები მუშაობენ, თუმცა, რამ გამოიწვია ტექნიკური შეფერხება არ უთქვამთ. შეფერხება შეიძლება გამოწვეული იყოს ხელოვნურადაც. მაგალითად, შესაძლებელია ვირუსით გამოწვიო მარტივად. რა ხდება, როცა კომუნიკაცია დაბლოკილია – პანიკა და პანიკის მასშტაბებზე დაკვირვება. ვის არ ჰქონდა კომუნიკაციის საშუალება? იმ ადამიანებს, რომლებიც იყვნენ ქუჩაში, ვისაც არ ჰქონდა წვდომა ვაიფაიზე, ვინც მხოლოდ მობილური ინტერნეტით და ტელეფონის ნომრით სარგებლობდა. ამ შემთხვევაში, უპირატესობა იყო იმ ადამიანების ხელში, ვინც იყვნენ სახლებში, უფრო მასშტაბურად კი, უპირატესობა იქნება იმათ ხელში, ვისაც აქვს ინფორმაცია, რომ მსგავსი რამ იგეგმება და აღჭურვილია რაციით, შტაბებთან მათ უპრობლემოდ ექნებათ კავშირი. რისი გაკეთება, რისი გაფუჭება შეგიძლია სანამ კომუნიკაცია შეზღუდული და დაბლოკილია? უამრავი რამის, მონაცემთა ბაზის გადმოწერიდან დაწყებული, ნებისმიერი მანიპულაციით დასრულებული, შეგიძლია მხოლოდ შენ გქონდეს კავშირი შენ შტაბთან, ცესკოსთან და ა.შ. გააჩნია ვინ არის დამკვეთი და რას ითხოვს, მე მაინც მაქვს ეჭვი, რომ ეს იყო ტესტი და მე რომ გამეკეთებია მსგავსი ტესტი, აუცილებლად ორ ტესტს გავაკეთებდი, ერთს არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, ზუსტად იგივე დღეს, რა დღესაც არჩევნებია, ანუ, შაბათს, დღეს (ინტერვიუ ჩაწერილია შაბათს, 25 სექტემბერს) და მეორეს შუა კვირაში, მაგალითად – სამშაბათს. ასე მეტი ინფორმაცია მექნებოდა კომუნიკაციის დაბლოკვის და პანიკის მასშტაბებზეც. როგორ შეიძლება ამის მოწონება, მაგრამ ტექნიკური თალსაზრისით პროფესიონალურადაა მოფიქრებული, ახლა მთავარი კითხვაა, ვინ როგორ გამოიყენებს ამ ინფორმაციას და ამ გზას და გამოიყენებს, თუ არა? აქვე უნდა ვთქვათ ისიც, როგორ შეიძლება მსგავსი პრობლემის გადაჭრა – როუმინგში ჩართული უცხო ქვეყნის ოპერატორის ნომრით, მაგალითად.“ – უყვება „ალიას“ ამ საქმეებში ჩახედული პირი.
კომენტარები