ანთროპოლოგი, ლევან შენგელია, სოციალურ ქსელში, წერს:
“ერთმა ახლობელმა ებრაელმა მიამბო წლების წინ – ჩვენო კულაშიდან ვართო. ბოლშევიკები რომ შემოდიოდნენ საქართველოში, ჯამაათი შეშინებულაო, მაშინ საშინელ ამბებს ამბობდნენ ბოლშევიკებზეო, კაცის ხორცს ჭამენო, კბილებით ცოცხლად გლეჯენო და ათას ტყუილ-მართალსო… დაუწყია მსჯელობა კულაშის ებრაელობას, გავიქცეთ, გავერიდოთ სანამ აქამდე მოაღწევენო. ბაბუაჩემს უთქვამს ორი დღე მაცალეთ და პასუხს გეტყვითო. ორი დღის შემდეგ გამოვიდა სახლიდან და იკითხაო – ბოლშევიკებს კუჭი აქვთო? კიო, უპასუხიათ. აბა, არ გავრბივართ არსად, მოგვარდება ყველაფრიო, უთქვამს! მიხვდით, ხომ?
ებრაელები რომ ბრძენი დ ჭკვიანი ხალხია, ამას ჩემი მტკიცება არ სჭირდება. იმ კაცმა იმ ორ დღეში რა გაიაზრა, რა დაალაგა, რა გამოიცნო, რაზე იფიქრა – ხომ ხვდებით! ანუ, ამით იმის თქმა მინდა, რომ მოვლენების განვითარების გამოცნობას არც ნათელმხილველობა სჭირდება და არც კარტზე მკითხაობა! გონება სჭირდება, ლოგიკა და საკმარისი ცოდნა!
ახლა, რატომ გამახსენდა ეს ამბავი – რასაც ახლა ვიტყვი, იმასთან ამ ამბავს პირდაპირი კავშირი არ აქვს. არც ებრაელობას ეხება და არც გასაბჭოების ისტორიას. გონება და დაფიქრება რომ სჭირდება ყველა საქმეს – იმიტომ მოვყევი!
ჩვენი საქმე ასეა – ვინ რუსის მხარეზეა და ვინ საქართველოსი, კარგა ხანია გარკვეულია უკვე და ამაზე კამათი ზედმეტია ნამდვილად. პრიგოჟინის უდღეურ სამხედრო მარშს რომ მოსწრებოდა ის ჭკვიანი ებრაელი იცით რას იტყოდა? იტყოდა, რომ ამჯერად თუ არ აირია რუსეთი, მალე მაინც აირევაო! ეს აღარ დალაგდება აწი და ამას ვეღარაფერი შეჩერებსო! რადგან მოხდა, ესე იგი ნამეტანი ცუდადაა საქმე და ეს მხოლოდ პირველი ნიშანი იყოო… და ასე შემდეგ.
გადავამოწმე იმ ჩემ ახლობელთან ჩემი ეს ვარაუდი და მითხრა – კიო, ზუსტად ასე იფიქრებდა ბაბუაჩემიო
ებრაელებს ასეთი წყევლა აქვთ – შენი არ იცოდე და სხვისი არ გესმოდესო!
ძნელი გამოსაცნობია ვითომ, რაც დავწერე და რატომაც დავწერე?!”
კომენტარები