ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობი ბრედ პიტი თავის ყოფილ ცოლს ანჯელინა ჯოლის სასამართლოში უჩივის, პიტი ირწმუნება, რომ ჯოლიმ კომპანია Château Miraval SA-ში წილი მასთან შეუთანხმებლად გაყიდა. ეს მეღვინეობის კომპანია საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში ვენახებს ფლობს. ამის შესახებ nypost.com იუწყება.
პიტმა სარჩელი კალიფორნიის უზენაეს სასამართლოში შეიტანა.
პიტმა და ჯოლიმ საფრანგეთში ვენახი და სახლი როგორც ოჯახური ბიზნესი, ისე შეიძინეს. ისინი შეთანხმდნენ, რომ Miraval-ის წილებს ურთიერთთანხმობის გარეშე არ გაყიდდნენ,“ – წერია სარჩელის დოკუმენტებში. შესაბამისად ბრედი ანჯელინას ამ შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს.
„ვენახი პიტის ნამდვილი გატაცება გახდა. ასევე, ეს ძალზე მოგებიანი ბიზნესი იყო – პიტის ხელმძღვანელობით მას მილიონობით დოლარის მოგება მოჰქონდა და ეს კომპანია მსოფლიოში ვარდისფერი ღვინის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელი გახდა. ამავდროულად ჯოლის კომპანიის წარმატებისთვის არაფერი გაუკეთებია. პიტმა ბიზნესში ინვესტიციებიც განახორციელა, და წილის გაყიდვისას ჯოლის, პირველ რიგში, ის სწორედ ბრედ პიტისთვის უნდა შეეთავაზებინა“, – აცხადებენ ბრედ პიტის ადვოკატები.
ანჯელინა ჯოლიმ კი 2011 წელს საკუთარი წილი კომპანია Tenute del Mondo-ს მიჰყიდა, რომელიც Miraval-ის პირდაპირი კონკურენტია და ამ ბიზნესის ხელში ჩაგდებას ცდილობდა. Mondo რუს ოლიგარქთან იური შეფლერთან არის დაკავშირებული, რომლის ბიზნესი – არაყი Stolichnaya უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ სანქციების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.
ბრედ პიტი აცხადებს, რომ მას ჯოლის წილის ყიდვის უპირატესი უფლება ჰქონდა, რაც დოკუმენტურად იყო გაფორმებული და ის მზად იყო ყოფილი მეუღლის წილი გამოესყიდა.
ბრედ პიტის თქმით, ანჯელინა ჯოლისთან განქორწინების შემდეგ მან და ჯოლიმ ამ წილის შესახებ წინასწარ შეთანხმებასაც მიაღწიეს, მაგრამ პიტის მიერ ბავშვებზე მეურვეობის უფლების მიღების შემდეგ ჯოლიმ განუცხადა, რომ ისინი Miraval-ში წილთან დაკავშირებით მოლაპარაკებას წყვეტენ.
კომენტარები