ამ წერილს ბევრი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც წერდნენ, რომ ინფორმაცია მცდარია.
“ალიამ” კიდევ ერთხელ გადაამოწმა ინფორმაცია და ისიც გავარკვიეთ, რა შეიცვალა ამ 6 დღეში ბრიტანეთის მოქალაქისთვის.
ნანა კევლიშვილის ბიძაშვილმა, ტატა კევლიშვილმა მარკი სახლში წაიყვანა და უკვე მეორე დღეა მასთან ჰყავს – “ალია” ტატას და ბრიტანელ მამაკაცს ესაუბრა:
მარკი, ტატას სტუმარმა, ყაზახეთიდან ჩამოსულმა ადამიანმა იპოვნა, მაგრამ, რადგან მარკმა რუსული არ იცოდა და ყაზახეთის მოქალაქემ ინგლისური, სახლში დაბრუნდა და ტატა წაიყვანა, რათა გაეგოთ, რა სჭირდა, რატომ ცხოვრობდა ქუჩაში.
59 წლის მარკ ჯევეტ ქვიქლი, ბიო-ფიზიკორი, კემბრიჯის პროფესორი, შვილები არ ჰყავს, ხშირად მოგზაურობს. საქართველოში 11 თვის წინ თურქეთიდან ჩამოვიდა, ბათუმში პასპორტი და პირადი ნივთები მოპარეს. ჩამოვიდა თბილისში ჯიბის ფულით.
მხოლოდ 5 დღე იცხოვრა ვინმე შოთასთან, რომელმაც სახლში წაიყვანა, მაგრამ როგორც ყვება, შოთას დედამ პოლიცია გამოიძახა, არ სურდა მათ სახლში უცხო მამაკაცს ეცხოვრა.
რამდენჯერმე თანხა გადმოუგზავნეს ბრიტანეთიდან ქართველების სახელზე (რადგან მარკს არა აქვს პასპორტი), მაგრამ ეუბნებიან, რომ გადმოგზავნილი თანხები იბლოკება.
მარკმა პირველ რიგში თბილისში პოლიციას მიმართა და დაწერა განცხადება, პოლიციამ გადაამისამართა ბრიტანეთის საელჩოში, სადაც რამდენჯერმე მივიდა, თუმცა, კონსულთან შეხვედრა ვერ მოახერხა. საელჩოში ეუბნებიან, როგორც ყვება, რომ მხოლოდ ვიზის საკითხების განხილვით არიან დაკავებულნი. ბოლო მისვლისას, დაცვამ უკან გამოაგდო და უთხრა, რომ აღარ მისულიყო.
“ალია” დაუკავშირდა ბრიტანეთის საელჩოს, სადაც გვითხრეს რომ მხოლოდ ვიზის საკითხზე შეუძლიათ საუბარი, ხელმეორე დარეკვისას, დალოდება გვთხოვეს და ისევ გაგვითიშეს.
ტატა გვიყვება, რომ გუშინ საღამოს მარკმა “ალექსანდრეს ბაღში” წაიყვანა და აჩვენა ადგილები, სადაც ღამეს ათევდა ზამთარში, სადაც იყინებოდა…
ამბობს, რომ ქუჩაში ფულს არ ითხოვდა, მხოლოდ სიგარეტს და თუ ვინმე საკვებს მიაწვდიდა, მადლობელი იყო.
ამბობს, რომ ძალიან მოსწონს საქართველო, რომ ქართველები ყურადღებიანი და კეთილი ხალხია, ამიტომ, უნდა მათ გააგებინოს, რომ არაფერს იტყუება, მისი ისტორია ნამდვილია და რომ უბრალოდ თავის ქვეყანაში სურს დაბრუნება…
მალე ერთი წელი გავა, რაც მარკმა ქვეყნის საზღვარი გადმოკვეთა და ერთი წლის გასვლის შემდეგ, მას არ დაარეპორტებენ პანდემიის გამო, მაგრამ ოფიციალურად გამოცხადდება არალეგალად და მისი დახმარება კიდევ უფრო გართულდება.
ამჯერად, მარკი ცხოვრობს ტატა კევლიშვილის ბინაში, ტატა ბალერინაა და ქორეოგრაფი.
ტატა გვიყვება, რომ მარკი არის კონტაქტური, ერუდირებული, მოწესრიგებული ადამიანი, ცდილობს ყველა დეტალი მიაწოდოს, შენახული აქვს ბრიტანეთიდან გადმოგზავნილი თანხების (რომლებიც გაიყინა, როგორც ეუბნებიან) ქვითრები.
როგორც “ალიამ” დაადგინა, ამ მომენტში ტატას გადაუხდელობის გამო, ელექტროენერგიის მიწოდება აქვს შეწყვეტილი, საუბარში ამის გამო წუხილი ვერ შევატყვეთ, იმითია ბედნიერი, რომ ადამიანს ეხმარება… აპირებს კიდევ ერთხელ მიმართოს საელჩოს, ბრიტანეთსაც მიაწვდინოს ხმა, ქართულ პოლიციაში მარკის განცხადების ასლი გამოითხოვოს და ყველაფერი გააკეთოს, რომ მარკი სამშობლოში დააბრუნოს. როგორც მისი ბიძაშვილი გვიყვება, ტატას მარკისთვის უთქვამს, ჭერ გპირდები და საწოლს, რაც მექნება გავიყოფთ, პური მექნება, იმას გავიყოფთო…
ტატა და ნანა გვიყვებიან, რომ სოციალურ ქსელში უკვე შეხვდათ პოსტები, ადამიანების, რომლებიც თითქოს მარკის დასახმარებლად თანხას აგროვებენ, თუმცა, მარკმა ამის შესახებ არაფერი იცის და არც ის ადამიანები ჩანს, ვინც თანხის აგროვებას ითხოვს. შესაბამისად, დახმარების მსურველებს, მარკის გაცნობის მსურველებს, იურისტებს, კეთილმა ადამიანებს, დამატებითი დეტალების გასაგებად, შეუძლიათ დაუკავშირდნენ ტატას საკონტაქტო ნომერზე: – 574 04 02 93
ალია
კომენტარები