ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის მამამ განაცხადა, რომ საფრანგეთის მოქალაქეობის მიღებაზე განცხადება შეიტანა იმ მიზნით, რომ „ბრექსიტის“ შემდეგ ევროკავშირთან კავშირი შეინარჩუნოს.
სტენლი ჯონსონი ევროპარლამენტის ყოფილი წევრია. ის ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას ეწინააღმდეგებოდა და 2016 წლის რეფერენდუმში „ბრექსიტს“ მხარი არ დაუჭირა. რადიო RTL-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მან თქვა:
„თუ სწორად მესმის, მე ფრანგი ვარ. დედაჩემი საფრანგეთში დაიბადა, მისი დედა სრულად ფრანგი იყო. ასევე ფრანგი იყო მისი პაპაც. ასე რომ, ჩემთვის ეს უბრალოდ იმის დაბრუნებაა, რაც უკვე მაქვს. ეს მე ძალიან მახარებს“, – თქვა 80 წლის ჯონსონმა ფრანგულ ენაზე.
„მე ყოველთვის ევროპელი ვიყავი, ნამდვილად. არავის შეუძლია უთხრას ბრიტანელ ხალხს, რომ ისინი ევროპელები არ არიან. ევროკავშირთან კავშირების ქონა მნიშვნელოვანია“, – თქვა ჯონსონის მამამ.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი 2016 წელს ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის გავლენიანი მხარდამჭერი და საჯარო სახე იყო.
ახალი წლის ღამეს ახალი ერა დაიწყო ევროპის კონტინენტზე, ბრიტანეთისა და ევროკავშირისთვისაც. მართალია, გაერთიანებულმა სამეფომ ევროკავშირი გასული წლის 31 იანვარს დატოვა, მაგრამ წევრობა და სავაჭრო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები ოფიციალურად კვლავ გრძელდებოდა 2020 წლის ბოლომდე.
ოთხ-ნახევარი წლის, სამი პრემიერ-მინისტრის და ორი არჩევნების შემდეგ, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი საბოლოოდ გაყრაზე შეთანხმდნენ.
ბრიტანელებმა ევროკავშირის დატოვებას მხარი 2016 წლის რეფერენდუმით დაუჭირეს.
amerikiskhma.com-ის მიხედვით
კომენტარები