რიგ დაავადებებს, სამწუხაროდ, ადამიანები გართულებამდე სერიოზულად არ ეკიდებიან. ალბათ, რომ იცოდნენ, რა საფრთხის შემცველია ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის მისი გართულებული შემთხვევა, პრევენციასაც მეტ ყურადღებას მიაქცევდნენ და დროულ მკურნალობასაც. ერთ–ერთი ასეთი დაავადებაა ბუასილი, რომელიც, გარდა იმისა, რომ თავადაც დიდ და სერიოზულ პრობლემებს იწვევს გართულებისას, იმითაც არის სახიფათო, რომ მისი ჩივილები, ძალიან ჰგავს, სხვა, ასევე სერიოზული, დაავადებების ჩივილებს.
„ალიას“ ესაუბრება „ნიუ ჰოსპიტალსის“ ქირურგი, პროქტოლოგი, 32–წლიანი პროფესიული გამოცდილებით, მამუკა გრიგალაშვილი. ბატონი მამუკა საქართველოს კოლოპროქტოლოგთა ასოციაციის წევრია, გადამზადების კურსი ლაზერული აპარატით ქირურგიული მანიპულაციების ჩატარების შესახებ გავლილი აქვს თურქეთსა და გერმანიაში.
– ბატონო მამუკა, ვიცი, რომ 32 წლიანი პროფესიული გამოცდილება გაქვთ. ეს ძალიან დიდი დროა და პაციენტთან გატარებული ათასობით საათი. რატომ ექიმობა და რა არის თქვენი პროფესიის მთავარი სირთულე?
– ამ კითხვაზე ჩემი პასუხი შეიძლება ძალიან ტრივიალური მოგეჩვენოთ. სკოლაში სწავლის პერიოდში, ყველა წარმატებული მოსწავლის მომავალი მოიაზრებოდა სამედიცინო სფეროში, ასე ჩავაბარე სამედიცინო ინსტიტუტში. ჩემი პროფესიის არჩევანი განსაზღვრა დედამ, რომელიც სხვა დარგის წარმომადგენელი იყო – პროფესორი, მშენებელ–კონსტრუქტორი ლამარა ლურსმანაშვილი. იმ თვისებების და ცოდნის უდიდეს ნაწილს, რაც მაქვს, სწორედ მას ვუმადლი.
ქირურგია ჩემი არჩევანი იყო, ვიწრო სპეციალობა კი – დედის. დედის არგუმენტი, რომ პროქტოლოგია საინტერესო და აქტუალური დარგია ჩემთვის მისაღები იყო და არასოდეს მინანია. ჩემი პროფესიული გზის დასაწყისიც ძალიან საინტერესო იყო. გამიმართლა და ჩემი პედაგოგი გახლდათ შესანიშნავი ქირურგი, ამავე დროს ძალიან კარგი ადამიანი გელა მუხაშავრია. დღემდე მადლობელი ვარ პირველ რიგში ბატონი გელასი და ყველა იმ პროფესიონალის, ვის გვერდითაც ვმუშაობდი.
რაც შეეხება პროფესიის სირთულეს, ექიმი პრაქტიკულად საკუთარ თავს არ ეკუთვნის, ტელეფონი სულ ჩართული უნდა გქონდეს, რაც უნდა დაღლილი იყო, მაქსიმალურად სიმშვიდის შენარჩუნებით უნდა უპასუხო სრულიად განსხვავებულ კითხვებს და მოთხოვნებს.
– რა ფუნქცია აქვს ჰემოროიდულ კომპლექსს ჩვენს ორგანიზმში? რა არის ბუასილი, როგორ წარმოიქმნება?
– ჰემოროიდული კომპლექსი, წარმოადგენს ვარიკოზულად გაგანიერებულ ადგილს, სადაც ხდება არტერიების და ვენების შერწყმა. ჰემოროიდული კომპლექსი ასრულებს საკმაოდ მნიშვნელოვან ფუნქციას ჩვენს ორგანიზმში, ჰერმეტიზმის ხარჯზე სხვა ანატომიურ სტრუქტურებთან ერთად, ხელს უწყობს აირების, თხიერი განავლოვანი მასების შეკავებას.
გარკვეული ფაქტორების ხარჯზე ირღვევა სწორი ნაწლავის სისხლძარღვებში სისხლის გადინება, ხდება შეგუბება, სისხლძარღვთა კედელი თხელდება, ქვეითდება ელასტიკურობა, ადვილად ატარებს სისხლს, კვანძი იმატებს მოცულობაში, დეფეკაციის დროს იწყებს პროლაბირებას (გარეთ გამოვარდნას), შესაბამისად, უკვე გადასულია დაავადებაში, რომელსაც ვეძახით ბუასილს და რომელსაც ახასიათებს მთელი რიგი არასასიამოვნო ჩივილები.
– როგორია ჰემოროიდული დაავადების სიმპტომები და რა შემთხვევაში უნდა მიაკითხოს პაციენტმა ექიმს?
– ეს სიმპტომებია: დისკომფორტი, წვა და ქავილი უკანა ტანის არეში, სისხლიანი გამონადენი წვეთების ან ნაკადის სახით, სიმძიმის და უცხო სხეულის შეგრძნება. გართულების შემთხვევაში (თრომბოზი) მწვავე ტკივილი. დაავადების პროგრესირებასთან ერთად ადგილი აქვს კვანძების გამოვარდნას დეფეკაციის დროს (ზოგჯერ სიმძიმის აწევის ან სიარულის დროსაც), გამონადენს ლორწოს სახით, არასრული დაცლის შეგრძნებას დეფეკაციის დამთავრების შემდეგ. ხანდაზმულ ასაკში გახანგრძლივებულმა ბუასილმა შეიძლება გამოიწვიოს ანალური სფინქტერის უკმარისობა, ნაწლავის შიგთავსის შეუკავებლობა.
სასურველია პაციენტმა პირველივე ნიშნებისას მიაკითხოს ექიმს, ვინაიდან უკანა ტანის არეში არის სხვა დაავადებებიც (ანალური ნაპრალი, აბსცესი, სიმსივნე და ა.შ), რომელთა სიმპტომები რაღაც ეტაპზე ემთხვევა ბუასილის სიმპტომებს, მაგრამ ესაჭიროება შესაბამისი მკურნალობა და ინდივიდუალური მიდგომა, რომ არ მოხდეს მათი კიდევ უფრო გართულება.
– რამდენად საშიშია ბუასილი და რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს?
– თუ საშიშროებაში გულისხმობთ ბუასილის სიმსივნეში გადაგვარებას – ასეთი რამ არ ხდება, ამის სტატისტიკური მაჩვენებლები პრაქტიკაში არ არსებობს.
რაც შეეხება გართულებებს:
დროთა განმავლობაში სისხლდენის სიხშირის და მისი ინტენსივობის გაზრდის ფონზე, შეიძლება განვითარდეს მეორადი ანემია, რომელსაც თან ახლავს მთელი რიგი სიცოცხლისთვის საშიში გართულებები.
მეორე გართულება რაც შეიძლება მოჰყვეს – ეს არის თრომბოზი. ამ დროს ხდება ჰემოროიდულ კვანძებში სისხლის შეგუბება, სფინქტერი ახორციელებს მასზე ზეწოლას მოჭერის სახით (განსაკუთრებით თუ პაციენტი მიმართავს ცივ პროცედურებს, ყინულის დადება და სხვა). პაციენტს აღენიშნება მკვეთრი დისკომფორტი და ტკივილი, არადროული და შესაბამისი მკურნალობის არ ჩატარების შემთხვევაში, შესაძლებელია მოხდეს ჰემოროიდული კვანძების აბსცედირება, დანეკროზება.
მესამე გართულება – ბუასილის გართულებული ფორმების შემთხვევაში, როცა ადგილი აქვს ჰემოროიდული კვანძების გამოვარდნას, პაციენტი ახორციელებს მთელ რიგ პროცედურებს მათი უკან დაბრუნების მიზნით, ეს ყველაფერი მოქმედებს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, ხდება ცხოვრების ხარისხის მკვეთრი დაქვეითება, რასაც თან ახლავს შრომის უნარის გაუარესება.
– რომელი ასაკობრივი ჯგუფები არიან ბუასილით ავადობის რისკ-ჯგუფებში?
– ბუასილი ძირითადად თავს იჩენს 35-40- წლიდან, 50-დან 65 წლამდე ასაკში სტატისტიკურად აღენიშნება დაახლოებით 40 -50%-ს, მამაკაცებში და ქალებში გვხდება თანაბარი თანაფარდობით.
– რა გამოკვლევები ტარდება ბუასილის დასადგენად?
– დაავადება ძირითადად დგინდება ანამნეზის და თითით გასინჯვის ხარჯზე, კეთდება პროქტოსკოპია ან რექტოსკოპია, საჭიროების შემთხვევაში კი კოლონოსკოპია.
– როგორ ხდება ბუასილის მკურნალობა თანამედროვე მეთოდებით ნიუ ჰოსპიტალსში?
– პირველი და მეორე სტადიის დროს რეკომენდებულია კონსერვატიული მკურნალობა-ვენოტონური მედიკამენტებით, ადგილობრივად ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო მალამოებით და სანთლებით.
საშუალო ზომის ჰემოროიდული კვანძების შემთხვევაში ნიუ ჰოსპიტალსში კეთდება ოპერაციები მცირე ინვაზიური მეთოდებით.
ა) ეს არის ოპერაცია ჰემოროიდული კვანძების დეზარტერიზაცია (HaL RAR), როცა ხდება ჰემოროიდული კვანძების მკვებავი ფეხის გადაკვანძვა, რის ხარჯზეც ადგილი აქვს ჰემოროიდების განლევას.
ბ) ლაზერული ჰემოროიდოპლასტიკა (LHP®), რა დროსაც ადგილი აქვს ჰემოროიდული კვანძების ლორწქვეშა თერმოდესტრუქციას დიოდური ლაზერის დახმარებით.
ორივე შემთხვევაში პოსტოპერაციული პერიოდი მიმდინარეობს გაცილებით იოლად ჭრილობების არ არსებობის გამო და როდის რომელი ოპერაციის დაგეგმვა სჯობს, ამას ვწყვეტთ ინდივიდუალურად, დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე.
შორსწასული ჰემოროიდული დავადების დროს, როცა ჰემოროიდული კვანძები ვარდებიან ყოველი დეფეკაციის დროს, რეკომენდებულია ოპერაციის წარმოება ტრადიციული მეთოდით, ამ შემთხვევაში რეციდივის ალბათობა, ფაქტობრივად, ნულის ტოლია.
– როგორია პოსტოპერაციული სარეაბილიტაციო პერიოდი?
– პოსტოპერაციული პერიოდი ინდივიდუალურია, სრულ შეხორცებას ესაჭიროება 1.5-2 თვე, თუმცა, ფიზიკური აქტივობა გაძნელებულია საშუალოდ მხოლოდ 1-დან 3 კვირამდე.
– არსებობს პრევენცია? გზა რომლითაც ბუასილს თავიდან ავიცილებთ? აქვე გკითხავთ, საჭიროა პრევენციული კვლევა?
– პრევენციული კვლევა ალბათ ყველა დაავადებისთვის არის სასურველი, თუმცა, პროქტოლოგიური კუთხით, ეს როგორც წესი არ კეთდება, მეტიც, ჩვენთან სანამ ძალიან არ გაურთულდებათ დაავადება პაციენტი, სამწუხაროდ, არ აკითხავს ექიმს.
რაც შეეხება რისკ ჯგუფში შემავალ ადამიანებს, მათ შორისაა ორსული ქალბატონები, პროსტატის ადენომის მქონე მამაკაცები, ჯდომითი სამუშაოს მქონე ადამიანები, მძიმე ფიზიკური სამუშაოს მქონე პირები, ადამიანები ვისაც აქვს მიდრეკილება ყაბზობისა და დიარეისკენ. მათთვის გასათვალისწინებელია დეფეკაციის დარეგულირება ჯანსაღი კვებით, ბოჭკოებით მდიდარი საკვების მიღებით, რომელთა წყაროა ხილი, ბოსტნეული, თხილეული. არ არის მიზანშეწონილი მარილიანი, ცხარე, ცხიმიანი პროდუქტის მიღება. ღორის და ცხვრის ხორცი, ალკოჰოლი, (განსაკუთრებით შავი ღვინო და ლუდი). რეკომენდებულია 2 ლიტრამდე წყლის დალევა, რაც ხელს უწყობს განავლის დარბილებას, ეს კი ამცირებს ბუასილის კვანძებზე დატვირთვას. ასევე სასურველია ჯანსაღი ცხოვრების წესი, ფეხით სიარული, ცურვა და ა.შ.
ასევე, გასათვალისწინებელია დეფეკაციის აქტის შესრულება სურვილის გაჩენისთანავე, ვინაიდან დაყოვნების დროს ხდება განავლოვანი მასების გამაგრება, ყაბზობა კი მოგეხსენებათ იწვევს ჰემოროიდული დაავადების პროგრესირებას.
(R)
კომენტარები