„ერი და სახელმწიფოს“ დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე:
„1) ბუნებრივი კატაკლიზმები ხდება ყველა ქვეყანაში და მომხდარ ტრაგედიაში ხელისუფლების დადანაშაულება არასწორია. სამაშველო ვერტმფრენი ნამდვილად უნდა ჰყავდეს სახელმწიფოს, თუმცა სამაშველო სპეციალური ვერტმფრენი ველოსიპედი არ არის, მაღაზიაში რომ შეიძინო, ხდება შეკვეთა და მის დამზადება–ჩამოტანას დრო სჭირდება. გარდა ამისა, ეგ ვერტმფრენი რომც გვყოლოდა, ვერც ამ ტრაგედიას აგვაცილებდა და ვერც გარდაცვლილებს გაარჩენდა, ერთადერთი რაც შეეძლო სტიქიას გადარჩენილებს დროულად ჩამოიყვანდა ონში.
2) რაშიც ხელისუფლების დადანაშაულება ნამდვილად შეიძლება, ეს სეისმურად აქტიურ ზონაში და ღვარცოფულ მდინარეებზე ჰესების აშენების სურვილია, სწორედ მდინარე ჭანჭახზე აპირებდნენ რამდენიმე ჰესის აშენებას 2020 წელს და მაშინ ჩავედით და აქციების ჩატარება დაგვჭირდა რაჭის სოფლებში (გლოლა, შოვი, ღები), ასევე 2020 წლის 17 მარტს, გახარიას პრემიერობის დროს, მაშინდელმა გარემოს დაცვის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გასცა ნებართვა, რაჭაში მდინარე რიონზე ონის ჰესების კასკადის მშენებლობაზე. რამდენიმე თვეში, ზაფხულში ჩავატარეთ აქციები ონში და საბოლოო ჯამში, საპროტესტო აქციებით შევძელით ონის კასკადის მშენებლობის შეჩერება. რამდენი გვლანძღავდა მაშინ, თურმე ჩვენ ენერგოდამოუკიდებლობას ვუშლიდით ხელს! ახლა წარმოიდგინეთ, ეგ კაშხალი რომ აშენებულიყო, სტიქია გაცილებით მასშტაბური იქნებოდა. ასევე მიუღებელია რაჭის ტყეების (რაჭის ტერიტორიის მესამედი) გადაცემა ბიზნესმენ ხიდაშელისთვის.
3) რამდენიმე დღის წინაც დავწერე, რომ საზოგადოებაში მკვეთრად აგრესიული ფონია და ეს აურა არსად იკარგება, გვიბრუნდება ბუმერანგის პრინციპით, ამიტომ ყველანი უნდა დავფიქრდეთ და ზიზღის, ბოღმის და აგრესიის გამოვლინებისგან თავი მაქსიმალურად შევიკავოთ, მათ შორის სოციალურ ქსელშიც.
ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, ღმერთმა გაანათლოს გარდაცვლილთა სულები!“
კომენტარები