რამდენი ენაც იცი, იმდენი კაცი ხარო, ამბობენ და მართლა როგორი სასიამოვნო პროცესია, როცა ორიგინალში შეგიძლია წაიკითხო წიგნი, უყურო ფილმს, ესაუბრო ადამიანს თარჯიმნის გარეშე. –იმდენი ვიცოდე, გაქცეული მოვაბრუნოო, რომ იტყვიან, ეგაც კი, სხვა ენაზე მოსაუბრე ადამიანთან როგორი გამოსადეგია და ახლა წარმოიდგინე, რამდენიმე ენას რომ სრულფასოვნად ფლობდე?
მე არ მაქვს დიდად ნიჭი უცხო ენის სწავლის, მაგრამ თარგმნის ნიჭი მაქვს. ეგ როგორო, გაგიკვირდება, ალბათ, ხომ? თარგმნა და ენის ცოდნა ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. გარდა იმისა, რომ ის ენა უნდა იცოდე კარგად, რომლიდანაც თარგმნი, ის ენაც კარგად უნდა იცოდე, რომელ ენაზეც უნდა თარგმნო და რაც მთავარია, თარგმანმა ისე არ უნდა გაგიტაცოს, რომ სიტყვა–სიტყვით თარგმნო.
მაგალითად, ბოლო დროს, ძალიან ხშირად გვესმის სიტყვა – განხორციელება. ეს სიტყვა ამ სიხშირით, იმ ენებში გამოიყენება, სადაც მისი წახმარების გარეშე, აზრის გადმოცემა შეუძლებელია, ან გართულებული, ქართულს უმეტესად ამის საჭიროება არ აქვს. რატომ უნდა ვთქვა – თარგმნა განვახორციელეო, როცა შემიძლია ვთქვა, რომ ვთარგმნე?
რამდენიმე წლის წინათ, ერთ სააგენტოზე ნიუსი წავიკითხე, სადაც წერდნენ, რომ მექსიკაში, შემთხვევით გაუვარდა პირს იარაღი, ტყვია მოხვდა გოგონას, თუმცა, გადარჩა და უვნებელია, რადგან ტყვია მოხვდა, თარგმანის მიხედვით „ყალსაბამად გადაკეთებულ ჯვარს“ – ასე ეწერა ზუსტად. დამაინტერესა, რას ნიშნავს ყელსაბამად გადაკეთებული ჯვარი, გავყევი ამ ნიუსს, ვნახე ორიგინალში, გუგლმა მართლაც ასე მითარგმნა ეს წინადადება, შემდეგ, წინადადება დავყავი და სათითაოდ სიტყვები ვთარგმნე, დასაზუსტებლად ბოლოს პროფესიონალთანაც გადავამოწმე და აღმოჩნდა, რომ ერთადერთი ვინც რამე გადააკეთა, მთარგმნელი იყო, ორიგინალში კი ეწერა, რომ გოგონა სიკვდილს გადაარჩინა ჯვარმა, რომელიც ყელსაბამდე ეკიდა. არადა, იმ პირმა, ვინც ეს ნიუსი თარგმნა, უცხო ენა იცის, მე – არა, ის საუბრობს ამ ენაზე – მე არა.
იცოდი, რომ ბუზი, მაგალითად, ქართული ენის მიხედვით, ჭერზე ზის, ინგლისური ენის მიხედვით კი – დგას, ან გერმანელი თუ გეტყვის, რომ კარადაში ყველა თარო თავის ადგილას არ გაქვს, ნიშნავს, რომ რაღაც მთლად ადეკვატურად ვერ იქცევი?
ასე რომ, პირველ რიგში, დამეთანხმე, რომ ენის ცოდნა, თარგმნის ცოდნას არ ნიშნავს.
თარგმნის კიდევ ერთი თავისებურებაა სტილი – შეიძლება სიტყვებიც სწორად იყოს ნათარგმნი და წინადადებებიც, ერთი შეხედვით, მაგრამ ზოგს მეცნიერული ნაშრომის თარგმნა უნდა, ზოგს სამართლებრივი დოკუმენტის და ზოგსაც ლიტერატურული ნაწარმოების. შესაბამისი უნდა იყოს თარგმანიც, სტილი უნდა იყოს მაქსიმალურად დაცული, იქნება ეს საქმიანი, თუ ფამილარული.
სპეციალური ტერმინოლოგია – სამეცნიერო, ტექნიკური, სამედიცინო, თუ იურიდიული ტექსტები, როგორც წესი, სტილისტურად ყველაზე მშრალი და ნეიტრალურია, სჭარბობს სპეციფიკური ტერმინები. ამ შემთხვევაში, მთარგმნელის ამოცანაა, გარდა იმისა, რომ აზრი გადმოსცეს სწორად, სტილისტურადაც მასალა სხვა ენაზე სწორად გადაიტანოს. ხშირია შემთხვევები, როცა თარჯიმანი ერთ წინადადებას სამი წინადადებით თარგმნის – ეს არაა პროფესიონალიზმის ნიშანი. კარგი მთარგმნელი იპოვის გზას, როგორ თარგმნოს ტექსტი, თითქმის იგივე ზომის წინადადებებით.
ხელწერა – იცოდი, რომ ყველა კარგ მთარგმნელს აქვს თავისი ხელწერა? რომელიც გამოიხატება თარგმანში ინდივიდუალური მიდგომით, წერის მანერით, რის შედეგადაც ვიღებთ დედნის არაიდენტურ, პრაქტიკულად, მეორე დედანს?
ახლა, წესით, უნდა იკითხო – უნდა ჰგავდეს თარგმანი ორიგინალს, ბოლოს და ბოლოს, თუ არ უნდა გავდეს? იდენტური უნდა იყოს, თუ არ უნდა იყოს? აკი, ზემოთ დავწერე, რომ სტილისტურადაც არ უნდა შეცვალოს თარგმანით დედანი?
ორივე – უნდა ჰგავდეს თარგმანი დედანს და იდენტური არ უნდა იყოს, ზუსტად უნდა გამოხატავადეს მის აზრს და სტილს, თუმცა, ენის თავისებურებებიდან გამომდინარე, კარგ მთარგმნელს შეუძლია საკუთარი ხელწერა დაგვანახოს. ყველაზე დიდი სირთულე მაინც, ორ ენას შორის საჭირო შესატყვისთა პოვნა და სწორად გამოყენებაა.
კიდევ ერთხელ უნდა დამეთანხმო, ამჯერად, იმაში, რომ მხოლოდ თარგმნის სპეციფიკის მცოდნე, ვერ გამოდგება მთარგმნელად, ისევე, როგორც მხოლოდ ენის კარგად მცოდნე, კარგ მთარგმნელს ორივე თვისება ერთნაირად სჭირდება.
ყველა სახის თარგმანზე მჭირდება პროფესიონალი?
პირველ რიგში, უნდა მითხრა რას ეძებ.
ტექსტის თარგმნა გინდა. თუ ვიდეო, ან აუდიო ფაილის? – ხო, კი, ეგაც შესაძლებელია.
იქნებ, ლიტერატურული ტექსტის თარგმნა გსურს? ან სამეცნიერო ნაშრომის? ან სადოქტორო ნამუშევრის?
იქნებ იურიდიული დოკუმენტია, მაგალითად, სარჩელი ევროპული სასამართლოსთვის, ან სამედიცინო მასალები, ან მარკეტინგული, იქნებ, საფინანსო, ან ბუღალტრული?
იქნებ, ხელოვნებას ეხება? – მაგალითად, ნატახის, მუსიკალური ნაწარმოების აღწერაა?
რომელი ენიდან, ან რომელ ენაზე? – ჩინური, ინგლისური, ფრანგული, გერმანული, პოლონური, აზერბაიჯანული, თურქული, ივრითული, უკრაინული, იტალური, თუ ?
ხო, რა ვიცი, სიმართლე გითხრა, სულ ერთია, მნიშვნელობა არ აქვს, რისი თარგმნა გსურს, რომელი ენიდან და რა ენაზე. ყველანაირი მასალის თარგმნის სპეციალისტი შეგიძლია იპოვო.
და მაინც, რატომ უნდა იპოვო სპეციალისტი?
რა სპეციალისტი უნდა ახლა ფორმა100–ის თარგმნას, მაგალითად? – იცოდი, რომ ერთი დეტალის არასწორ თარგმანს, ერთ არასწორ წინადადებას კი არადა, სიტყვასაც კი, შეიძლება ფატალური შედეგი მოჰყვეს? იცი კი, რამდენი შემთხვევაა, სამწუხაროდ, მსგავსი?
კარგი, სამედიცინო დოკუმენტი გასაგებია და რად უნდა, მაგალითად, იურიდიულ დოკუმენტს სპეციალისტი? – არც არაფრად, თუ ეს სარჩელია, ალბათობა იმისა, რომ არ მიიღებენ, გაიზრდება, თუ ეს ნაშრომია, ალბათობა იმისა, რომ საერთოდ ვერ გაიგებენ რაზეა – მაღალი იქნება და ა.შ.
ბუღალტრულ დოკუმენტს რაღად უნდა პროფესიონალის თარგმნა, მანდ ხომ უმეტესად რიცხვები და ციფრებია? იცი, რა განსხვავებაა რიცხვს და ციფრს შორის? – თუ იცი, გილოცავ. მგონი, უკვე მიხვდი, რომ პროფესიონალი აქაც გჭირდება.
მოკლედ, პროფესიონალი რომ აუცილებელია, ვფიქრობ, ამაშიც უნდა დამეთანხმო.
მე არ ვიცი რა უნდა ვთარგმნო
იცოდი, რომ ასეთი შემთხვევებიც არსებობს?
არიან ადამიანები, რომლებსაც სჭირდებათ თარჯიმნები, ოღონდ, სათარგმნი ტექსტი არ აქვთ მზად, მაგალითად, უნდათ სხვა ენაზე cv ან სამოტივაციო წერილი, – მაგრამ არ იციან, როგორ შეადგინონ ეს წერილები მშობლიურ ენაზე. არ უნდა გაგიკვირდეს უკვე, თუ გეტყვი, რომ არც ეგაა პრობლემა, დღეს იმის თარგმნაც შეიძლება, რაც დაწერილი, ნათქვამი არაა, დღეს იმის თარგმნაც შეიძლება, რისი დედანიც არ არსებობს ჯერ კიდევ. მთარგმნელობითი ბიუროების უმრავლესობა გეხმარება მშობლიურ ენაზე ტექსტის სწორად შედგენაში და შემდეგ გითარგმნის.
და თუ ნოტარიულადაც მინდა დამოწმება?
თარგმნელობითი ბიუროების სრული უმრავლესობა ამ სერვისს უკვე უპრობლემოდ გთავაზობს, არ გჭირდება რიგში დგომა, მთარგმნელის ძებნა ცალკე და ნოტარიუსის ძებნა – ცალკე, ყველაფერი ერთ სივრცეში, კომფორტულად, დროის და ენერგიის დაზოგვით.
სად ვიპოვო პროფესიონალი?
ცხადია, იქ, სადაც ათეულობით განცხადებაა თავმოყრილი. აუცილებლად იკითხე გამოცდილებაზე, სთხოვე, გაჩვენოს ნიმუში, დააზუსტე დრო, რამდენად სწრაფად შეძლებს დაგიმზადოს. რიგი თარგმანების მისაღებად, მისვლაც არ დაგჭირდება, შეგიძლია ონლაინ მიაწოდო და მოგაწოდოს.
გაუფრთხილდი დროს და ფიზიკურ რესუსრს, ნუ მოივლი ქუჩებს, როცა შეგიძლია სავარძელში მოთავსდე, განცხადებები დაათვალიერო, დარეკო განცხადებების ავტორებთან, აუხსნა რისი თარგმნა გინდა და შეუთანხმდე.
რის მიხედვით შევარჩიო?
მე პირადად, ადგილმდებარეობის მიხედვით ვარჩევ. თუ მისვლა მიწევს ადგილზე, არ მინდა საცობებში დაბერება, ამიტომ, იმას ვირჩევ, რომელიც ჩემს სახლთან, თუ სამსახურთან ახლოსაა. ადრე, პროფესიონალიზმის მიხედვით ვირჩევდი და ზოგჯერ ქალაქის ერთი უბნიდან მეორეში გავდიოდი ამის გამო, ახლა მთარგმნელობითი ბიუროები ცდილობენ პროფესიონელები დაიქირაონ და ეს პრობლემა ნაკლებად მხვდება.
ფასი?
ფასი დამოკიდებულია მასალაზე, მის სირთულეზე, სიდიდეზე. თუმცა, რაკი უკვე დამეთანხმე წინა ორ ნაწილში და იმედი მაქვს, მესამეშიც, რაკი, ერთ სივრცეში არჩევ მთარგმნელს, აქ ფასის კონკურენციაცაა, თითოეულმა განმცხადებელმა იცის, რომ მისი განცხადების გვერდით, სხვა ბიუროს განცხადებაცაა მოთავსებული და კარგად, ხარისხიანად, ადეკვატურ ფასად თუ არ მოგემსახურება, მომსახურე ბიუროს შეცვლა არ გაგიჭირდება. სწორედ ამიტომაც, როცა ერთ სივრცეში არჩევ მომსახურებას, მთავარი ბერკეტი შენ ხელშია და აღარ ხარ იძულებული ერთ პირს, ერთ გუნდს მოერგო.
და ბოლოს, არ დაგავიწყდეს კომენტარების გადახედვა, სხვა პირთა „ცოცხალი“ გამოცდილება, ძალიან წაგადგება.
არ დაგავიწყდეს, პროფესიონალიზმი ყველა საქმეში აუცილებელი, განსაკუთრებით თარგმანში, თუ არ გინდა Warsaw – გითარგმნონ როგორც – ნანახი ომი და Myth Machine -ქალბატონი მანქანა.
(R)
კომენტარები