ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს.
ეროვნული სატყეო სააგენტოს ცნობით, ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. საჯარიმო სანქციების ოდენობა 500-დან 1000 ლარამდეა, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 1000 ლარს, აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე. თითოეულ გამოვლენილ კანონდარღვევაზე გატარდება მკაცრი სანქციები.
“ბზა შესაძლებელია მოპოვებული იყოს მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებულ სანერგეებიდან, ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას, ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოსა და კერძო სანერგეებში გამოყვანილ ბზას სთავაზობს.
ქვეყნის ტერიტორიაზე ბზის ხმობა ბოლო რამდენიმე წელიწადია განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს. პათოგენური სოკოს გარდა, კოლხური ბზის ბუნებრივი წარმოშობის კორომებს დიდ საფრთხეს უქმნის ინვაზიური მავნებელი – ბზის ალურა.
ეროვნული სატყეო სააგენტო, მართვას დაქვემდებარებულ ტყის ტერიტორიაზე არსებული დაზიანებული კოლხური ბზის კორომებში კომპლექსურ ღონისძიებებს 2016 წლიდან ახორციელებს, რაც მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის გარდა სახეობის საკონსერვაციო ქმედებებსაც მოიცავს,”- აღნიშნულია ეროვნული სატყეო სააგენტოს განცხადებაში.
კომენტარები