ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი:
“C რეაქტიული ცილის შესახებ მინდა მცირე კომენტარი გავაკეთო. საქმე იმაშია, რომ ამ კვლევის შედეგზე ბევრად უფრო მეტი აჟიოტაჟია, ვიდრე მისი რეალური ფუნქცია და როლია.
C რეაქტიული ცილა (CRP) არის ნივთიერება, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი წარმოქმნის ანთების საპასუხოდ. ეს არის სრულიად არასპეციფიური ტესტი, რადგან მისი მაჩვენებელი შეიძლება მომატებული იყოს ნებისმიერი ტიპის ანთების დროს – ინფექციის (როგორც ვირუსული, ასევე ბაქტერიული), სიმსივნის, ტრავმული დაზიანების, აუტოიმუნური დაავადებების, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და ა.შ. დროს. ამიტომ ამ მაჩვენებლის მომატება ვერ მიგვითითებს, რისგან არის გამოწვეული ანთებითი პროცესი. ძალიან მკვეთრად მომატებული C რეაქტიული ცილის მაჩვენებელმა (100-ჯერ და მეტად) შეიძლება მძიმე ბაქტერიულ ინფექციაზე მიგვითითოს, თუმცა პირდაპირი მარკერი არ არის.
C რეაქტიული ცილის მომატება ბევრს ძალიან აფრთხობს, არადა, თუ, მაგალითად, ადამიანს სიცხე აქვს, ისედაც ცხადია, რომ ორგანიზმში ანთებითი პროცესი მიმდინარეობს და C რეაქტიული ცილა მომატებული იქნება. ეს ანალიზი ამ შემთხვევაში პაციენტის შეფასებაში დიდ როლს არ ასრულებს. ადამიანებს ასევე აბნევთ სხვადასხვა ლაბორატორიაში სხვადასხვა ნორმები, რაც მითითებულია ხოლმე გამოკვლევის შედეგში.
მაშინ ჩნდება კითხვა, საერთოდ რატომ ვაკეთებთ ამ კვლევას. სასურველია, ეს ანალიზი დანიშნოს ექიმმა, რომ ინტერპრეტაციაც სწორად გაკეთდეს. ექიმები მას ძირითადად ნიშნავენ იმიტომ, რომ შემდეგ დინამიკაში შეადარონ ეს მაჩვენებელი და იმსჯელონ დაავადების მიმდინარეობაზე (გაუმჯობესებაზე ან გაუარესებაზე).
ეს პოსტი კი ძირითადად იმას ეძღვნება, რომ C რეაქტიული ცილის მომატებული მაჩვენებელი საერთოდ არ ნიშნავს, რომ ანტიბიოტიკი უნდა დაინიშნოს. არადა, ამას ძალიან ხშირად ვაწყდებით.”
კომენტარები