გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისში“ ტარდებოდა ექიმთა კონფერენცია, გავრცელებული ინფორმაციით, მონაწილეობას იღებდა კონფერენციაში 400 ექიმი, მას შემდეგ, რაც „ავერსის“ ექიმს დაუდასტურდა კორონავირუსი, კონფერენციაში მონაწილე ექიმი „გაიტესტა“, მეტიც, სასტუმროს ყველა სტუმარს ჩაუტარდა ტესტი და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, არავის აღმოაჩნდა კორონავირუსი.
კონფერენცია იყო „სამედიცინო განათლების და მტკიცებითი მედიცინის ასოციაციის“ ორგანიზებით, თუმცა, ჯანდაცვის სამინისტროს მის ჩატარებაზე თანხმობა ჰქონდა გაცემული, მეტიც, კონფერენციის მონაწილე იყო და სიტყვით უნდა გამოსულიყო, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია. მას შემდეგ, რაც ადამიანები უარყოფითად გამოეხმაურნენ ექიმების ხალხმრავალ კონფერენციას, მინისტრმა, განაცხადა, რომ იგი მომხრეა ონლაინ კონფერენციების და ექიმები უნდა იყვნენ მოქალაქეებისათვის მაგალითი.
უნდა იყოს თუ არა მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია მოქალაქეებისთვის მაგალითი და რატომ მიდის იმ კონფერენციაზე, რომლის ჩატარების ფორმატსაც, თურმე არ ეთანხმებოდნენ, გაუგებარია. „ამირან გულში მღერის“ ხდება სამინისტროში?
უნდა იყოს თუ არა მინისტრი მოქალაქეებისთვის მაგალითი, როცა შეზღუდვების დროს, თავად არღვევს რეგულაციებს – არც მაგაზე უსაუბრია ტიკარაძეს.
უბრალოდ, ჯერ გასცა თანხმობა და მერე უარჰყო, ჯერ უშვებდა პირველ მოადგილეს და მერე აუკრძალა, ჯერ დაეთანხმა და მერე ტელევიზიით მიაძახა, არ გეთანხმებოდით, მოგატყუეთო…
სიმართლისთვის უნდა ვთქვათ, რომ ამ მომენტისათვის ქვეყნის მასშტაბით არ არის აკრძალული ფორუმები, კონფერენციები, დენდროლოგიურ პარკთან კილომეტრიანი რიგები, „მზიურის“ გახსნაზე ასეულობით ადამიანი ერთად და ასე შემდეგ. შესაბამისად, კანონი ექიმებს არ დაურღვევიათ, მოქალაქეები მათ ედავებიან მორალურ მხარეს – მაშინ როცა ჩვენ გვეუბნებიან, რომ შეგვიძლია შევიკრიბოთ, მაგრამ იქვე აყოლებენ, რომ არ გვიკრძალავენ, მაგრამ არც გვირჩევენ, არც გვაჯარიმებენ და არც რეკომენდაციას გვაძლევენ – ხო, ამ ფონზე, ნამდვილად სჯობდა თავის შეკავება და ონლაინ ფორმატში ჩატარება.
რამდენი სტუმარი იყო სინამდვილეში კონფერენციაზე, როგორ გრძელდება ახლა, რისთვის სჭირდებათ ამ ტიპის კონფერენციები ექიმებს – ამ და სხვა კითხვებზე „ალიას“ კონფერენციის სამეცნიერო დირექტორი, თსსუ-ს სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის აკადემიკოსი, იმუნოლოგი, ბორის კორსანტია პასუხობს:
-ეს კონფერენცია იყო თქვენი ორგანიზებული, მაგრამ, როგორც ვიცით, გქონდათ სამინისტროს ნებართვაც, ასეა?
-ჩვენ ორგანიზაციას აქვს რამდენიმე ათეული წლის გამოცდილება, წელიწადში ვატარებთ სამ კონფერენციას, ჩაქვში, ბაკურიანში და ბოლო 5 წელია, ასევე დავიწყეთ ჩატარება „პარაგრაფში“. ვინაიდან დიდი მნიშვნელობა აქვს კრედიტქულებს, ყოველთვის ტარდება ჯანდაცვის სამინისტროს ეგიდით – სამინისტროს ვუგზავნით საბუთებს, ვატყობინებთ თემატიკას, ვასახელებთ, რომელი სპეციალობების ექიმები მიიღებენ მონაწილეობას, რამდენი დღით გაგრძელდება და ასე შემდეგ.
-კრეტიდქულები კონფერენციაში მონაწილეობითაც ემატებათ? პრინციპი, როგორია ექიმებისთვის კრედიტქულების აგროვების?
-ექიმები აგროვებენ კრედიტქულებს, ამას ჰქვია პოსტდიპლომური განათლება. უნდა შეაგროვონ რაღაც გარკვეული ოდენობის ქულები. ამ ქულების შეგროვების გზებია: – მასტერკლასები, ლექციები, პრაქტიკული მეცადინეობა და ასევე კონფერენციები. თუ კონფერენცია არის საერთაშორისო და მონაწილეობას იღებენ უცხოელი პროფესორები, მაშინ, მსხვილი ქულები ემატებათ, დავუშვათ 5 ქულის ნაცვლად, 10. თუ რომელიმე კათედრის მოხსენება და პრეზენტაციაა, იმას აქვს, დავუშვათ, 1 ქულა. თუ არ აგროვებ ქულებს, არც ეგაა პრობლემა, შენი ნებაა, მაგრამ ამ შემთხვევაში, უნდა ჩააბარო საკმაოდ რთული გამოცდები. შეგიძლია წახვიდე, ერთად ჩააბარო გამოცდები და არ დაგჭირდება ქულების დაგროვება.
-კონფერენციის თანხას ვინ იხდის?
-საგზურია, ასე ვთქვათ. ეს მსოფლიოში გავრცელებული პრაქტიკაა და არ არის ჩვენი მოგონილი. მონაწილეობას იღებენ სურვილისდა მიხედვით. ვისაც სურს მონაწილეობის მიღება, ან თავად ყიდულობს საგზურს, ან ამ საგზურის ფულს იხდის რომელიმე ფირმა, ან გრანტი მოიგეთ და იმ გრანტით დაგაფინანსეს, ან ვინმე გასპონსორებთ.
-როგორც მივხვდი, სამინისტრო ავალდებულებს ექიმებს, რომ მათ კრედიტქულები დააგროვონ…
-ეს არის მთელ მსოფლიოში მიღებული პრაქტიკა. როგორც უკვე აგიხსენით, შეგიძლიათ ქულები შეაგროვოთ, ან ჩააბაროთ გამოცდები.
-რა გამოცდებს აბარებს ის, ვინც ქულებს არ აგროვებს?
-რამდენიმეს, მაგალითად, ტრავმატოლოგი აბარებს გამოცდას ტრავმატოლოგიაში და ზოგად ქირურგიაში. სიმართლე გითხრათ, არ მაქვს ამ თემაზე ზუსტი ინფორმაცია, მაგრამ ჯამში რამდენიმე გამოცდის ჩაბარება რომ უწევთ, ეგ ვიცი. რაღაც პერიოდში ერთხელ სჭირდება ან კრედიტქულების მოგროვება, ან გამოცდის ჩაბარება.
-იმ შემთხვევაში, თუ ექიმს შეცდომა მოუვიდა, უჩივლა პაციენტმა ჯანდაცვის სამინისტროში და კომისიამ დაადგინა, რომ ექიმს მართლაც მოუვიდა შეცდომა, კრედიტქულა აკლდება?
-არა, არ აკლდება ქულები. სხვადასხვა სფეროა. ლოგიკურად მესმის, შეგიძლიათ თქვათ, რომ რადგან შეცდომა დაუშვა, მოდით, სამი თვის წინ რომ ქულები მიიღო, ის წავართვათ. თუ უნდა დავსაჯოთ, მაშინ დიპლომიც ხომ არ წავართვათ?
-რით განსხვავდებოდა ეს კონფერენცია წინა წლებში ჩატარებული კონფერენციებისგან? რა წესები დაემატა?
-ტრადიციულად, ივლისში ვატარებთ კონფერენციას. წელს, პანდემიის გამო, არ ვიცოდით, რას ვიზამდით, გავდიოდით კონსულტაციებს, ვიგებდით, როდის იქნებოდა დაშვებული კონფერენციების ჩატარება. როცა თქვეს, რომ გაიხსნა რესტორნები, სასტუმროები და ფორუმები, კონფერენციები უკვე იქნა დაშვებული ქვეყანაში, ვინაიდან უკვე ვაგვიანებდით და საბუთების შესადგენად მცირე დრო იყო დარჩენილი, ვინაიდან, ქვეყანაში იყო სტრესული გარემო, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ამ კონფერენციაზე კრედიტქულები არ გვექნებოდა. თუ კრედიტ ქულა არ არის, ინტერესიც ცოტა ნაკლები იქნება, ხომ სწორია? საერთოდ, წინა კონფერენციებზე ჩვენ დღეში 6 საათი ვმუშაობდით, ეს 6 საათი მინიმუმ იყო 6 ქულა, ამჯერად დავწერეთ, რომ მხოლოდ 3 საათი ვიმუშავებდით, ესეც თავის დაზღვევის მიზნით. ასევე, მკაცრად გვქონდა დაცული დისტანცია და პირადი ჰიგიენა. 50 ადამიანზე მეტნი ერთ სივრცეში, თუნდაც ღია სივრცეში, არ ვსხდებოდით. იცით, რამდენი ადამიანი ჩამოვიდა კონფერენციაზე?
-400 ექიმი, არა?
-არაფერიც, ეს მოგონილია. ჩვენთან ოფიციალურად ჩამოვიდა დაახლოებით 300 ადამიანი. აქედან ექიმი, რომელიც იღებდა მონაწილეობას, იყო 175-მდე. დანარჩენი იყო ოჯახის წევრები, ბავშვები და ის ადამიანები, ვისაც უნდა დასვენება ჩვენი ეგიდით. ვიმეორებ, სულ იყო 175 ექიმი ჩამოსული. მერე ისე, ვისაც დასვენება უნდა და ჩამოვიდა, ეს ჩვენი საქმე არ არის. იხდიდნენ სასტუმროში ფულს და ჩამოდიოდნენ. ჩვენი იყო საორგანიზაციო შენატანი, სადღაც 80 ლარი, დანარჩენს უხდიდნენ სასტუმროს. როცა ადრე ვატარებდით კონფერენციებს, დარბაზში 200 ადამიანი მაინც იჯდა. შევამცირეთ 50-მდე. იცით, რომ გუშინ და გუშინწინ აქ ქორწილები იყო გამართული? გუშინ მაგალითად 4 საათიდან 1 საათამდე იყო ქორწილი. დაახლოებით რამდენი ადამიანი იქნებოდა, როგორ ფიქრობთ?
-ალბათ, 200 ადამიანი?
-ბევრად მეტი. დაშვებულია, არავის აუკრძალავს, ათ-ათნი ისხდნენ, მაგრამ 200-ზე მეტი ადამიანი იყო შეკრებილი. ჩვენ კი ვიკრიბებოდით 50 ადამიანი, მეტნი არა. რაც შეეხება ჰიგიენას, სასადილოში შევდიოდით პირბადით, ხელთათმანებით, დისტანციით, არ გვქონდა მიმტანთანაც კი შეხება. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ შეიძლებოდა კონფერენცია ჩაგვეტარებია ონლაინ ფორმატით, ან, შერეული ფორმატით (ნაწილობრივ ონლაინ) რადგან არ ვიცოდით, რა ვითარება დაგვხვდებოდა დარბაზში. როგორც სურათზე ხედავთ, სკამებს შორის დაშორება იყო მინიმუმ 2 მეტრი. იყვნენ ბათუმიდან და ქობულეთიდან წარმომადგენლები, კერძოდ, ეპიდემიოლოგები და ადევნებდნენ ისინიც თვალყურს. ერთ მაგიდაზე იყო გადასაფარებელი და გვთხოვეს, აგვეღო, რადგან შეიძლებოდა დაბინძურებულიყო და მერე თავის მხრივ წყარო გამხდარიყო რამე ინფექციის. ასე ვაქცევდით ყველა წვრილმანს ყურადღებას.
-ახლა როგორ გრძელდება კონფერენცია? ორგანიზაციის წერილი ვნახე, სადაც მადლობას ეუბნებით ჯანდაცვის მინისტრს და უკაცრავად, რატომ? მან ჯერ მოგცათ თანხმობა, მერე თქვა, რომ სჯობდა ონლაინ ჩაგეტარებიათ, რისთვის უხდით მადლობას?
-ჩვენ გვქონდა კონტაქტი ამირან გამყრელიძესთან, გვქონდა კონსულტაციები ცერცვაძესთან და რა თქმა უნდა, ასევე მინისტრთან. რომ არ მოგატყუოთ, მადლობა ვუთხარით იმიტომ, რომ მოგვცეს საშუალება, მეორე ნაკადიც მიგვეღო, ნახეს და დარწმუნდნენ, რომ რეკომენდაციების სრული დაცვის ვატარებთ კონფერენციას. ჩამოვიდა მეორე ნაკადი და გაგრძელდა კონფერენცია. მოგვცეს რეკომენდაცია, რომ ონლაინ რეჟიმზე გადავიდეთ, რადგან, ბათუმში იწყება მეორე ტალღა, რაც სერიოზულია და არ შეიძლება ამის გაუბრალოება. მე როგორც, ვირუსოლოგმა და იმუნოლოგმა, ვიცი, რაც არის ეპიდემია. ვთვლი, რომ ასეთ სიტუაციაში, ზიხარ ნაღმზე და თავის დაზღვევა სჯობს. ამიტომ, პირიქით, ვთვლი, რომ სწორი რეკომენდაცია მოგვცა მინისტრმა. ამ სიტუაციაში, რაც ახლა ბათუმშია შექმნილი, მართებულია თავის დაზღვევა.
-კონფერენციის მეორე ნაკადის დროს რამდენი ექიმი ჩამოვიდა?
-ძალიან ბევრს შეეშინდა. დღენახევარი დავკარგეთ, როცა დავიწყეთ ტესტირება, მეორე დღეს უკვე ვიცოდით, რომ არ გვყავდა ინფიცირებულები და გავაგრძელეთ კონფერენცია, მაგრამ თბილისში ხომ იცოდნენ უკვე მომხდარზე, ფირმებს შეეშინდათ, ჩამოვიდა სადღაც 60-მდე ადამიანი, მაშინ როცა ველოდებოდით 218 ექიმს. გვყავდა 15 მომხსენებელი, ახლა ჩამოვიდა 4 მომხსენებელი, ერთი ჯგუფი საერთოდ არ ჩამოვიდა, ბათუმიდან ველოდებოდით, ვერც ისინი ჩამოდიან, ბათუმიდან უკვე საშიშია ჩამოსვლა. ახლა კიდევ უფრო მობილური პროგრამა გვაქვს, 2-საათიანი. ვცდილობთ, რომ შეცდომა არ მოგვივიდეს. ვიჩენთ მაქსიმალურ სიფრთხილეს.
-ვიცი, რომ 50-წლიანი შტაჟი გაქვთ, მინიმუმ, ექიმად მუშაობის, როგორ თვლით, როდის უფრო მარტივი იყო ექიმისთვის მუშაობა და განვითარება, 50 წლის წინ, თუ ახლა? რა სარგებელს აძლევს კრედიტქულები ექიმებს?
-კრედიტ ქულები შემოვიდა 3 წლის წინ. მთავარი აქ ორი რამეა, როგორ გასწავლიან და როგორ გინდა შენ სწავლა. რომ ვუყურებ ჩემ სტუდენტებს, 100 დან 3-4 სწავლობს, დანარჩენებს არ აინტერესებს. უხერხულია ამაზე საუბარი, მაგრამ რეალობა ასეთია. სამედიცინო არის განსაკუთრებული სფერო, თუ სტუდენტს არ უნდა, არაფერი შველის. კრედიტქულების სისტემა არის კიდევ ერთი გზა კვალიფიკაციის ამაღლების. არ კითხულობს ბევრი წიგნებს, ნაკლებად ინტერესდება ახალი მედიკამენტებით, აქვს თავისი სქემა მკურნალობის, თავისი რეცეპტები და იმით ცხოვრობს, რა თქმა უნდა, ყველაზე არ ვამბობ. მერე ჩამორჩებიან. არ უნდა დაკარგონ კონტაქტი ახალ მეთოდებთან, ინოვაციებთან, მკურნალობის ისეთი მეთოდები არსებობს დღეს, ისეთი კვლევები არსებობს, ეს თუ არ დააინტერესებს ექიმს, კატასტროფა იქნება.
-ხშირად გვწერენ მოქალაქეები, რომ ექიმები ახალგამოსულ და ძვირადღირებულ მედიკამენტებს უწერენ – მაგალითად, მიიღე ანტიბიოტიკი და ექიმი გეუბნება, რომ გინიშნავს, სოკოვანის საწინააღმდეგო წამალს, ოღონდ არა „ნისტატინს“, რომელსაც თუ იშოვნი სააფთიაქო ქსელში, კაპიკები ღირს – არამედ, რაღაც ახალ, ძვირიან წამალს, 200 ჯერ რომ უფრო ძვირი ღირს – სწორი მიდგომაა ეს?
-ჩემი ყველაზე დიდი ტკივილია, ეს არის ფარმაცევტული ფირმების პრაქტიკა, მოგების მისაღებად. ამ ბრძოლას ადვილად ვერავინ მოიგებს. ხომ იცით რა ქვია ჩვენ ასოციაციას? სამედიცინო განათლებისა და მტკიცებითი მედიცინის ასოციაცია. მტკიცებითი მედიცინა და განათლება მთავარია. მედიცინა ეს არის მეცნიერულად და პრაქტიკულად დამტკიცებული, მედიკამენტს სჭირდება დიდი მუშაობა, ბევრი კვლევა. მაგალითს მოგიყვანთ, დიდი ხანია არსებობს აპარატი, რომელიც წყლისგან ამზადებს საწვავს და მანქანა წყალზე დადის – გესმით? ეს არის დამალული ფაქტი და ამ გამოგონების ავტორების უმეტესობა მოკლეს. ნავთობი ახლა არის ყველაზე დიდი ოქრო. ქიმიურად ძალიან ადვილია მერე წყლიდან საწვავის მიღება, მაგრამ ის აპარატია მთავარი, გაქრება გამოგონების ავტორი და ქრება აპარატიც. ბევრი წამალია ასევე, რომელიც არ არის დაშვებული გაყიდვაში, ხალხური მედიცინა, მაგალითად.
-ამბობენ, რომ სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტებიც გამოგონილია, თუმცა, არც ისაა გაყიდვაში, რადგან ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა ყველაზე ძვირადღირებულია.
-კი, ყველაფერის წამალი არის. სამწუხაროდ, ეს დარჩა საუბრის დონეზე, ახლა მე გკითხავთ, რატომ არ დამისვით მთავარი შეკითხვა?
-რომელი?
-იყო თუ არა კალაძის სიდედრი კონფერენციაზე და მერე გაიპარა თუ არა? დამირეკეს „ტვ პირველიდან“ და მთავარი კითხვა ჰქონდათ, იყო თუ არა კალაძის სიდედრი და გააპარეთ თუ არა. ვხედავდი ქალბატონ ნინოს, ვუყურებდი და მაგ დროს მისვამენ ამ კითხვას. დამირეკეს „მთავარიდან“, მკითხეს კონფერენციაზე, 10 წუთი ვესაუბრე, არ დაუსვამთ კითხვა კალაძის სიდედრზე, მართლა გეუბნებით. საღამოს, მირეკავენ, ნახე შენი ინტერვიუო. ვუყურებ, ჩემი ფოტოა ეკრანზე, ტელეფონით ჩამწერეს, ვისმენ კითხვას – ამბობენ, რომ კონფერენციაზე იყო კალაძის სიდედრი და ის გაიპარა. პასუხად ჩემი ხმა მესმის, „ვპასუხობ“ – რას ამბობთ, როგორ გეკადრებათ, რატომ გაგიკვირდათ? – სად დაიკარგა ჩემი ათწუთიანი ინტერვიუ, არ ვიცი, ან საიდან გაჩნდა ჩანაწერში კითხვა, რომელიც ინტერვიუს დროს საერთოდ არ დაუსვამთ, არც ეგ ვიცი. შეიძლება მე ვუპასუხე, რატომ გიკვირთ კონფერენცია, სხედან 2 მეტრის დაშორებით – ამოიღეს ჩემი ტექსტიდან – რატომ გიკვირს, დანარჩენი წაშალეს და გამოიყვანეს ის პასუხი, რაც უნდოდათ. იმაზეც მადლობელი დავრჩი, მგონი, რომ ისე არ გამოიყვანეს ჩემი პასუხი, თითქოს დავეთანხმე. როგორც ჩანს, მათთვის ეს იყო მთავარი კითხვა.
თამო კეშელავა, ალია №32
კომენტარები