საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებთან ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა:
“ჩვენ ეს 12 პუნქტი უნდა შევასრულოთ, ამას წყალი არ გაუვა. ჩვენ ოპოზიციის ხმების გარეშე ვერავის ავირჩევთ, ესეც წყალგაუვალი ჭეშმარიტებაა. 90 მანდატია საჭირო ომბუდსმენის ასარჩევად, რაც “ქართულ ოცნებას” ხელთ არ უპყრია. ამიტომ აუცილებელია დიალოგი და მსჯელობა, რომელიც დღეს დაიწყო. ამისგან გარიდება, ვიღაცის ზურგს უკან ამოფარება, რომ აპრიორი ამას (არასამთავრობო სექტორის მიერ შერჩეულ კანდიდატს) დავეთანხმებით, იქნებ ცუდ კანდიდატს წარმოადგენენ, მაინც ეთანხმებიან? ამგვარი ახირება და აღტკინება ჩემთვის წარმოუდგენელია. მაშინ კონსტიტუციაში ავსახოთ ეს ყველაფერი და გადავაქციოთ ცხოვრების წესად, რომ რასაც არასამთავრობო სექტორი იტყვის, ისე უნდა ვიცხოვროთ. ეს ხომ წარმოუდგენელია. მე არ ვეთანხმები არ მიდგომას. ამიტომ მოვიწვიეთ ყველა სასაუბროდ, რა გზას დავადგეთ, რომ მოვუპოვოთ მხარდაჭერა ადამიანს, რომელიც დეკემბერში უნდა ავირჩიოთ სახალხო დამცველად, რა მოთხოვნები უნდა წავუყენოთ და ვინ უნდა იყოს ეს ადამიანი. ამაზე სასაუბროდ შევიკრიბეთ და რა გააკეთეს? მიატოვეს სამუშაო ჯგუფი. სხვათა შორის, “ნაციონალურმა მოძრაობამაც” და “სტრატეგია აღმაშენებელმაც” თანხმობა განაცხადა, “სტრატეგია აღმაშენებელში” ორი ადამიანია პარტიაში, ორმა ადამიანმა ერთმანეთს ვერ გააგებინა ვინ სად უნდა წავიდეს და როგორ უნდა წავიდეს, ერთმანეთში ვერ გაურკვევიათ ვინ სად უნდა მივიდეს და პროცესს შლიან. გაერიდონ ამ პროცესს, ჩაიკეტონ, მუშტი მოგვიღერონ, თანაც დაგვამუნათონ, გვითხრან – თუ არ გააკეთებთ იმას, რასაც გეუბნებით, ქუჩაში გავცვივდებით და ცხელ შემოდგომას მოგიწყობთ. 12 პუნქტში პირველი დეპოლარიზაციაა და ამ ადამიანებს დეპოლარიზაციისკენ მიჰყავთ საქმე?! ეს რას ნიშნავს, როცა ადამიანები მხოლოდ მუქარის ენით გესაუბრებიან, რომ თუ ამას არ გააკეთებ რუსთაველს გადავკეტავ, ეტყობა ჩარკვიანისგან ლეიბებს ისესხებენ თუ იჩუქებენ და გაკოტრიალდებიან ერთად, კოლექტიურად რუსთაველზე. ამით ვერავის შეაშინებ ამ ქვეყანაში, მით უმეტეს ამ ხელისუფლებას”
კომენტარები