საერთაშორისო უსაფრთხოების სამართლის დოქტორი, გიგა ლემონჯავა, სოციალურ ქსელში, წერს:
“ერთმა სტუდენტმა მომწერა, ინტერნეტი არ მაქვს და სემინარებზე ვერ ვერთვებიო. კონკრეტული თარიღი და დრო დამითქვა და მითხრა, არ იფიქროთ, რომ რადგან სემინარზე არ გესწრებით, არ ვსწავლობ, ყველაფერს ერთ დღეს ჩაგაბარებთო.
დისტანციური სწავლების პროცესში ინტერნეტზე წუწუნი აპრობირებული ხრიკია ზარმაცი სტუდენტებისთვის. მეც ჩავთვალე, რომ მორიგ სიზარმაცესთან მაქვს საქმე და გაბრაზებულმა ჩავინიშნე თარიღი და დრო.
ერთ დილით მომწერა, მზად ვარო. აღარც მახსოვდა, რომ კონკრეტულად იმ დღეს უნდა ყოფილიყო აღდგენა. ჩართო კამერა და სადღაც მთის წვერზე დგას. ისეთი ქარი უბერავს, ნახევარი არ მესმის, რას მელაპარაკება. აუტანია წიგნები, კონსპექტი და ერთვება განვლილი მასალის ჩასაბარებლად.
მანდ რა გინდა მეთქი, ვკითხე. რაიონში ვარ და მხოლოდ ამ გორის წვერზე იჭერს ინტერნეტიო. მოეწყო ისე, რომ ქარის ხმას ხელი არ შეეშალა და დაიწყო. მსგავსად მომზადებული სტუდენტი იშვიათად შემხვედრია. 30 წუთში მივხვდი, რომ ძალიან მაღალ დონეზე იცის მასალა და ვუთხარი, ყველაფერი გასაგებია, აღარაა საჭირო მეთქი. ძალიან გთხოვთ, ყველა თემას შევეხოთო. 2 საათი ვილაპარაკეთ. მერე რამდენიმე თემაზე შეკითხვები დამისვა.
სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი.
ფაქტია, ამ ქვეყანას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ სამაგალითო იყოს. მეტი გორაზე ამსვლელი ადამიანი გვჭირდება, ვისაც არ ეზარება, იცის რას აკეთებს და რატომ.
თუ ეს ბიჭი ხვალ გადაწყვეტილების მიმღებთა შორის იქნება, მჯერა, რომ მის სოფელში (და ბევრ სხვა სოფელში) ინტერნეტის (და კიდევ ბევრი სხვა) პრობლემა გადაიჭრება.
დიდი მადლობა მას და წარმატებები!”
კომენტარები