ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება სამხედრო პოლიტოლოგი, ვახტანგ მიასაია.
– ბატონო ვახტანგ, როგორ შეაფასებთ იმას, რაც რუსეთში მოხდა? დასრულდა ყველაფერი თუ კიდევ უნდა ველოდოთ პროცესების გაგრძელებას და სახელმწიფო გადატრიალების მორიგ მცდელობას?
– ეს იყო სამართლიანობის მარში, როგორც ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა. კი, ეს იყო სამხედრო ამბოხის გზით სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. პუტინმა ამ ეტაპზე შეძლო მანევრირებადი ქმედებებით ვითარების განმუხტვა. თუმცა, პუტინის რეიტინი ძალიან დაეცემა. რუსეთში ხალხს სუსტი ლიდერები არ უყვარს, რაც მოხდა, ამან კი პუტინის ბევრი სუსტი მხარე გამოაჩინა. პუტინმა პრიგოჟინთან მოსალაპარაკებლად ბელარუსის პრეზიდენტი, ლუკაშენკო ჩართო და მოლაპარაკებამ შედეგი გამოიღო. მოსკოვიდან 200 კილომეტრში მყოფი პრიგოჟინი გაჩერდა და მიიღო ის შეთავაზება, რაც პუტინისგან მოდიოდა ლუკაშენკოს პირით. ლუკაშენკოს გამოჩენა ძალიან მოულოდნელი იყო. ფაქტია, ამით მისი რეიტინგი გაიზრდება. სამწუხარო ფაქტია, რომ რუსეთში რაც ხდება, არ იციან არც ჩვენი ექსპერტების დიდმა ნაწილმა, არც სახელისუფლებო წრეების ზედა და ქვედა დონეზე. ამიტომაც არის, რომ რუსეთთან ყველა სახის ბრძოლას ვაგებთ. ჩვენმა წინაპრებმა უფრო მეტი იცოდნენ, რა ხდებოდა „ოქროს ურდოში“ და უფრო კარგი ანალიზი ჰქონდათ, ვიდრე ჩვენ ექსპერტებს, საზოგადოებისა და ხელისუფლების წარმომდგენლებს – ესენი გარტყმაში არ არიან, რა ხდება რუსეთში. რუსეთში კონტაქტები ძალიან დაბალ დონეზე აქვთ და ეს კიდევ სხვა პრობლემაა. ბევრი რამ აუხსნელია, რაც რუსეთში განვითარდა, იმ მოვლენებიდან. ლუკაშენკოს გამოჩენა საერთოდ უცნაური იყო. ვფიქრობ, პუტინი თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას შეცვლის, შოიგუს გადააყენებს. ეს პრიგოჟინის ერთ–ერთი მოთხოვნაც არის, მაგრამ არა ამის გამო. პუტინმა ნათლად დაინახა, რომ თავდაცვის სამინისტროში ბევრი რამ რიგზე არ არის. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია – პუტინი აპირებს წასვლას. ამ სახელმწიფო გადატრიალების ფონზე, პუტინი ძალიან სუსტად გამოჩნდა, დილით „ვაგნერელებისა“ და პრიგოჟინის წინააღმდეგ სახელმწიფო ღალატის მუხლით აღძრა საქმე და საღამოს გააუქმა – პოლიტიკური ამნისტია გამოსცა და პრიგოჟინსა და „ვაგნერელებს“ ხელშეუხებლობის გარანტია მისცა. კი, პრიგოჟინმა ვერ მიაღწია დასახულ მიზანს, მოსკოვში ვერ შევიდა მარშით, მაგრამ მაინც გამარჯვებული გამოვიდა. ნახეთ, პრიგოჟინმა განაცხადა, მოსკოვზე იერიშს იმიტომ არ მივიტან, რომ რუსი ხალხი, ჩემი თაანამემამულეები დაიღუპებიანო. ამით რუსების გულიც მოიგო და დანებდა, მაგრამ ბოლო ბრძოლაც მოუგო პუტინს ვფიქრობ, ახალ წლამდე პუტინი დაასახელებს თავის მემკვიდრეს. ვინ იქნება მემკვიდრე, ჯერ უცნობია, მაგრამ დიდი ალბათობით, შესაძლოა ეს იყოს ტულის გუბერნატორი, 50 წლის ალექსეი დიუმინი. პუტინი მის მიმართ განსკუთრებული სიმპათიით არის განწყობილი, გენერალ– მაიორის წოდებაც მიანიჭა. დიუმინი 25 წელი ძალოვან სტრუქტურებში მუშობდა, რუსეთის სპეცოპერაციათა ძალების სარდალი იყო. ასევე, პუტინის გარემოცვა მას კარგად უყურებს. ნიშანდობლივია, რომ დიუმინი პუტინმა პრიგოჟინთან მოლაპარაკებებში ჩართო და სხვას არ ენდო. დიუმინს ყველაზე მეტი შანსი აქვს რუსეთის პრეზიდენტობისა. ჩათვალეთ, ეს ჩემი ექსკლუზივია. თუმცა, ბოლოდროინდელი მოვლენების მერე, ბევრი რამ შეიცვლება. შესაძლოა, ისე წავიდეს საქმე, მარტო პუტინის გადასაწყვეტი აღარ იყოს, მომავალი პრეზიდენტის ვინაობის დასახელება.
– ბევრი ექსპერტი აცხადებს, რომ პრიგოჟინს დროულად არ შეუერთდნენ პუტინის მმართველობით უკმაყოფილო სამხედრო ნაწილები, სამოქალაქო პირები და იმიტომ ვეღარ გარისკა მოსკოვზე შტურმი. ამ ხალხს იარაღი რომ დროულად აეღო ხელში და „ვაგნერელებს“ დასდგომოდგნენ გვერდში, პრიგოჟინი აიღებდა მოსკოვსო. მოკლედ, დროში წააგო პრიგოჟინმაო. ასეა?
– არა, ასე არ არის. პრიგოჟინის მხარეს ბევრი სამხედრო ნაწილი გადავიდა, ბევრმა გადასვლის სურვილი გამოთქვა და ბევრმაც უარი განაცხადა „ვაგნერთან“ დაპირისპირებაზე. სამოქალაქო პირებმაც მხრი დაუჭირეს, როსტოვში და ვორონეჟში ყვავილებით დახვდნენ პრიგოჟინს და მათგან ბევრმა სურვილიც გამოთქვა, ხელში იარაღი აეღო და „ვაგნერელებთან“ ერთად შეეტია მოსკოვისთვის. პოლიტიკური პარტიების ნაწილმაც პრიგოჟინის მხარდაჭერა გამოხატა, განსაკურებით „ლიბერალ–დემოკრატიულმა პარტიამ“ და „სამართლიანმა რუსეთმა“. რამდენიმე სენატორმა გამოხატა ორჭოფული პოზიცია, რაც პრიგოჟინის მხარდაჭერა იყო. კადიროვმაც კი ფეხი აითრია და როსტოვში ხუთსაათიანი დაგვიანებით ჩავიდა. კადიროვიც კი შეეცადა, რომ „ვაგნერთან“ დაპირისპირება როგორმე თავიდან აერიდებინა და ბოლოს, ასეც მოხდა. ეს კადიროვის მიერ პუტინის ერთგულებას ნამდვილად არ ადასტურებს. გენერალი სერგეი სუროვიკინიც, ფაქტიურად, პრიგოჟინის მხარეს იყო. როდესაც სუროვიკინმა განცხადება გააკეთა და მოუწოდა შეიარაღებულ ძალებს, რომ პრიგოჟინის მხარეს არ გადასულიყვნენ, დასაწისში თქვა, რომ ამ განცხდებას თავდაცის სამინისტრო დავალებით აკეთებდა. ამით სუროვიკინმა მიანიშნა, რომ დამოუკიდებლად სხვა შინაარსის განცხდებას გააკეთებდა, ან საერთოდ არაფერს იტყოდა. სუროვიკინიც უკმაყოფილოა შოიგუთი და სიტუაცია რომ გამწვავებულიყო, დაუდგებოდა გვერდით პრიგოჟინს. თან, ამ განცხადებიდან ცოტა ხანში, სუროვიკინი როსტოვის საოლქო სამხედრო შტაბში იყო და ტყვედ აიყვანა პრიგოჟინმა. მე ვფიქრობ, 1–2 დღეც რომ გაგრძელებულიყო ეს ამბები, სუროვიკინი გადაუდგებოდა პუტინს და პრიგოჟინთან გადავიდოდა, პრიგოჟნის მხარეს გადავიდა გენერალ–პოლკოვნიკი მედენცევი, ეს კაცი არის პუტინის სამხედრო ტვინი, ეროვნული თავდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი. ამ ცენტრის მეშვეობით, პუტინი უშუალოდ მართავს შეიარაღებულ ძალებს. მედენცევი გახდა პრიგოჟინის მარჯვენა ხელი.ფაქტიურად, პრიგოჟინმა დაანახა პუტინს, ძალა ვის მხარეს არის. ამ ბრძოლაში პუტინი დამარცხდა, მოსკოვი ვერ აიღო პრიგოჟინმა, მაგრამ თავს ლაფი დაასხა პუტინს, საქვეყნოდ სამასხარაო გახადა. შეარცხვინა რუსეთის შეიარაღებული ძალები, რადგან უკრაინიდან ვორონეჟში ისე ჩავიდა, წინააღმდეგობა არ შეხვედრია. 4 ვერტმფრენი და ერთი სამხედრო თვითმფრინავი გამოიყენეს „ვაგნერის“ წინააღმდეგ და ისინიც როსტოვში ჩამოაგდეს „ვაგნერელებმა“. კი, პუტინმა, როგორც გამოცდილმა პოლიტიკოსმა, შესაძლოა, ამ ვითარებიდან ლავირების გზით გამოძრომა და თითქოს „პიროსის გამარჯვება“ მოიპოვა, მაგრამ საბოლოოდ, მას პოსტის დატოვება მოუწევს. მთავარი რა არის, იცით? პუტინი მაშინ მოვიდა ხელისუფლებაში, როდესაც ქვეყანაში არეულობა იყო, სხვა და სხვა შეიარაღებული ბანდები დათარეშობდნენ რუსეთში და მუდმივად არსებობდა ელცინის სამხედრო თუ სხვა გზით დამხობის საფრთხე – ელცინმა სამჯერ აიცილა სამხედრო გზით დამხობა. არც ბიზნესს, არც მოსახლეობას, არც ძალოვან სტრუქტურებს და პოლიტიკოსებს სტაბილურობის განცდა არ ჰქონდათ. პუტინმა მოუტანა რუსეთს სტაბილურობა და იმიტომ ჰქონდა მუდამ მაღალი რეიტინგი. დღეს რუსეთის მოსახლეობამ, პოლიტიკოსებმა, ბიზნესმა, პუტინის გარემოცვამ, დაინახა, რომ პუტინი ვერ არის სტაბილურობის გარანტი. შესაბამისად, რუსეთში გაჩნდა მოხოვნა ახალ და ისეთ ლიდერზე, რომელიც სტაბილურობის გარანტი იქნება და ეს ყველაზე მეტად, პუტინის პოლიტიკურ და სამხედრო გარემოცვას და ოლიგარქებს სჭირდებათ, რომელთაც აქვთ რესურსი, პუტინი დაამხონ. აქედან გამომდინარე, უნდა ველოდოთ პუტინის მემკვიდრის გამოჩენას და ეს მალე მოხდება.
– პრიგოჟინი მარტო მოქმედებდა თუ მას ჰყავდა ფარული პოლიტიკური მოკავშირეები, პუტინის უახლოეს გარემოცვაში თუ არა, რუსეთის პოლიტიკურ ელიტაში?
– გამორიცხულია, რომ პრიგოჟინი მარტო მოქმედებდა. ზუსტად ძნელია თქმა, რა დონის პოლიტიკური მოკავშირები ჰყავდა მას, მაგრამ აუცილებლად ეყოლებოდა. ვფიქრობ, პუტინი, მისი სპეცსამსახურები მალე გაშიფრავენ ამ ხალხს და გავიგებთ, ვინ იყვნენ ეს ადამიანები. სერიოზული პოლიტიკური მხარდაჭერის გარეშე, პრიგოჟინი ამდენს ვერ გაბედავდა. მეორე მომენტია, დასჯის თუ არა პუტინი მოღალატეებს თუ უბრალოდ მოიშორებს, უცხოეთში წასვლას აიძულებს. ეს იყო პუტინისთვის სილის გაწვნა იყო, მას ახლა კატასტროფული რეიტინგი აქვს. ეს რაუნდი პრიგოჟინმა მოუგო პუტინს, შეარცხვინა და ძნელი სათქმელია, რას იზამს პუტინი. ნუ დაგვავიწყდება, რომ იმ გარემოცვაში, ვინც პუტინს უღალატა, შესაძლოა, ისეთი ხალხიც აღმოჩნდეს, ვისაც კერძო სამხედრო კომპანიები ჰყავს. მე მგონია, ახლა პუტინი ვითარების დაშოშმინებას ეცდება და თუ ვინმე დასასჯელი ეყოლება, მათ მომავალში დასჯის.
– რა ბედი ელით პრიგოჟინსა და „ვაგნერს“?
– პრიგოჟინი ბელარუსშია და ვფიქრობ, იქ „ვაგნერის“ მსგავს სამხედრო შენაერთს შეუქმნის ლუკაშნკოს, ამაზე უკვე არის ლაპარაკი. ეს ლუკაშენკოს რეჟიმის გამყარებაში დაეხმარება. „ვაგნერის“ ნაწილი გადავა ბელარუსში და ნაწილი რუსეთში დარჩება, ჯერ ასეა დაგეგმილი. თუმცა, „ვაგნერელებში“ განხეთქილებაა, ერთი დაჯგუფება პრიგოჟინს დაუპირისპირდა და მოღალეტეს ეძახის. განცხადებაც გაავრცელა ამ ხალხმა და ისინი, „ვაგნერის“ შექმნიდან მის შემადგენლობაში არიან. ამ ხალხს არ სჯერა პუტინის, რომ არ დაიჭერს და ციხეში არ ჩასვამს. მეტიც, რომ მათ არ მოკლავენ. თუ ეს დაპირისპირება გაღრმავდა, მაშინ „ვაგნერი“ ორად გაიყოფა, პრიგოჟინი ამ სამხედრო კომპანიის ნაწილით ბელარუსში დარჩება და მისით უკმაყოფილო ნაწილი აღარ წავა უკრაინაში საომრად. 25 000 „ვაგნრელის“ უკრაინის ფრონტის ხაზიდან მოშორება კი უდიდესი შვება იქნება უკრაინის შეირაღებული ძალებისთვის“. „ვაგნერელები“ ხომ ყველაზე პროფესიონალი და თავდადაბული მებრძოლები არიან, რომელთაც მართალია, რამდენიმე თვიანი ბრძოლისა და დიდი მსხვერპლის შემდეგ, მაგრამ მაინც აიღეს ქალაქი ბახმუტი და არა მარტო ბახმუტი.
– პრიგოჟინს სასიკვდილო საფრთხე ელის?
– არაფერია გამორიცხული, შესაძლოა, ბელარუსში მოიშოროს პუტინმა. ვიდრე შეიარაღებულ ძალებსა და ხალხში პრიგოჟინის მხარდაჭერა დიდია, ის მაინც საფრთხეს წარმოადგენს პუტინისთვის. თუმცა, თუ პუტინმა შეუსრულა დაპირებები პრიგოჟინს, მოხსნა თავდაცვის მინისტრი შოიგუ, გენშტაბის უფროსი გერასომოვი და ორივე ციხეში გაუშვა, მაშინ უფრო რეალური იქნება ის ვივარაუდოთ, რომ შეთანხმება შედგა და სანაცვლოდ პრიგოჟინი პუტინის წინააღმდეგ აღარ იმოქმდებს. თუმცა, პუტინმა კარგად იცის, რომ საუკეთესო მტერი, მკვდარი მტერია და ესეც გასათვლისწინებელია.
– პრიგოჟინის მშვიდობინმა მარშმა დაგვანახა, რომ რუსეთში სახელმწიფო გადატრიალებისთვის ნოყიერი ნიადაგია. რაც დღეს არ გამოუვიდა პრიგოჟინს, ხვალ გამოუვა სხვას, არა?
– პრიგოჟინი მოსკოვამდე 200 კილომეტრში გაჩერდა და თითქმის ტულამდე ისე მივიდა,წინააღმდეგობა არ შეხვედრია. ამით ყველაფერია ნათქვამი. მართალი ბრძანდებით. შესაძლოა, ახლო მომავალში რომელიმე გენერალმა, სერიოზული სამხედრო ძალით მოინდომოს პუტინის დამხობა. შესაძლოა, ეს რამდენიმე გენერალი იყოს და პოლიტიკური დასაყრდენიც ჰქონდეთ. ასეთ შემთხვევაში, ან დაამხობენ პუტინს, ან სამოქალაქო ომი დაიწყება. ახლა ჩვენ რომ ამ ვერსიას განვიხილავთ, პუტინის პოლიტიკური და სამხედრო გარემოცვა ამაზე არ ფიქრობს? ცხადია, ფიქრობენ, განიხილავენ და ანალიზსაც გააკეთებენ. ეს საფრთხე კიდევ ერთი მიზეზია იმისა, რაც ვთქვი – პუტინი წავა და რუსეთში ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება მოხდება.
– თუ არ წავა და მართლა დაამხობენ.
– ფაქტობრივად, უკვე დამხობილია. პუტინი ეცდება პირადი და ოჯახის უსაფრთხოება შეინარჩუნოს, ამის გარანტიები მიიღოს და დატოვოს პოსტი. საუკეთესო შემთხვევაში, შესაძლოა, გარკვეული არაფორმალური გავლენები შეინარჩუნოს, ოღონდ დიდ პოლიტიკაში მას აღარავინ ჩაახედებს.
– გაასწროს, ვიდრე მოკლავენ.
– გენიალური ფრაზაა და უზუსტესი შეფასებაა. ბევრ ჩვენს ექსპერტზე უფრო სწორი და ლაკონური შეფასებები გაქვთ – ჩემი ეს ნათქვამი დატოვეთ, გთხოვთ, თორემ მეწყინება. დიახ, ზუსტად ამ მდგომარეობაშია პუტინი – თუ არ გაასწრებს, მოკლავენ. სიკვდილის საფრთხე ძალიან სერიოზულია და როდესაც ჩვენ შესაძლო სამხედრო გადატრიალებაზე ვლაპარაკობთ, უმრავლეს შემთხვევაში, ვისაც გადატრიალებას უწყობენ, ცოცხალს არ სტოვებენ. პუტინისთთვის საუკეთესო გამოსვალია, გადადგეს, მიიღოს ხელშეუხებლობის გარანტიები, დაუტოვონ ის ქონება, რაც რუსეთის ძარცვით იშოვნა და მშვიდი და უსაფრთხო სიბერე ჰქონდეს. ზუსტად იგივე გარანტიები მისცა პუტინმა ბორის ელცინს და ვაღიაროთ, რომ პუტინმა სიტყვა შეასრულა. ვფიქრობ, ეს ტრადიცია რუსეთში გაგრძელდება და ამჯერად ახალი პრეზიდენტი მისცემს პუტინს გარანტიებს.
–დასავლეთი იყო ჩარეული ამ ამბებში? ბევრი ამბობს, რომ პრიგოჟინის უკან ამერიკა იდგაო.
– არა, ეს ტყულია. დასავლეთის გავლენა რუსეთზე ნულია, ამერიკისაც. ამერიკის პრეზიდენტი ბაიდენი რომ გამოვიდა და რუსეთში მიმდინარე მოვლენებზე გააკეთა განცხდება, მაშინ გამოჩნდა, რომ ბაიდენი აზრზე არ იყო, რომ ასეთი რამ მოხდებოდა რუსეთში. ამერიკა რომ მდგარიყო პრიგოჟინის უკან, დამიჯერეთ, ის მოსკოვში შესვლას აუცილებლად შეეცდებოდა…
კომენტარები