დღეს, 2 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ვალუტის დაბადების დღეა. ლარი 25 წლის გახდა. ლარი 1995 წლის 2 ოქტომბრიდან გახდა გადახდის კანონიერი საშუალება საქართველოს ტერიტორიაზე.
თუმცა, 25 წლის ლარს წელს არც თუ ისე სახალისო დაბადების დღე აქვს – აქეთ პანდემია, იქეთ ინფლაცია და გვეეჭვება ტორტზე დანთებული სანთლის ჩასაქრობი ძალა ჰქონდეს დარჩენილი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვინმე მიულოცავს…
სოციალურ ქსელში, ლარზე ბევრ ხუმრობას ნახავთ, მაგალითად, ამბობენ, რომ მხოლოდ თეთრებს ვერ მოუხდინეს პირბადე, თორემ…
ქუთაისლებმა კი ლარის წაქცევის ფაქტი გააპროტესტეს – “ქუთეისში, ძამა, ლარი არ წაქცეულა, ჩაჩუცქულიაო…”
ხოდა, ჩაცუცქული, წამოწოლილი და წაქცევის პირას მისული ლარის დაბადების დღეა დღეს…
წყალი რომ წყალია, ისიც გაძვირებული დავხვდა 5 თეთრით, ალბათ, ყველა გაყიდული ბოთლიდან მოგების ახალი წილი, ხელფასების მომატებაზე გადანაწილდება, ან ალბათ, წყალსაც დოლარებში ვყიდულობთ, ექსპორტია და ლარის კურსმა მასზეც იმოქმედა, რას გავიგებთ.
რაც უნდა ბევრი ხუმრობა დაიწეროს ლარზე სოციალურ ქსელში, იმაზე მეტ სასაცილოს ვერავინ მოიფიქრებს, რასაც ფინანსთა მინისტრი, ირაკლი კობახიძე და სხვანი გვეუბნებიან – ერთი ამბობს, ლარი მყარად დგას აზერბაიჯანულ მანეთთან მიმართებაში და ამ დოლარს და ევროს რას მისჩერებიხართო, მეორე გვეუბნება, ახლა თქვენ დაუდექით ლარს გვერდში და მერე დაუდგება ლარი ქართულ ეკონომიკას გვერდშიო – ეკონომიკა რომ არ გვაქვს, იმ ქვეყნის მმართველი ძალა გვეუბნება ამას და კი დავუდგებოდი მაინც ლარს გვერდით, მაგრამ, არ გვაქვს, ბატონო, ლარი, აღარ გვაქვს და ვერც ვპოულობთ – რანაირად ამოვუდგეთ გვერდით?
საერთოდაც, ივანიშვილმა დღეს თქვა, ეკონომიკური სიდუხჭირე და სიღატაკე, ფესვებს 30 წლის წინანდელი მოვლენებიდან მოყოლებული იღებსო და გაგიჟდა ლარი, ჯერ 25 წლისაც არა ვარ, 30 წლის წინ რანაირად მნახა მაგ შეჩვენებულმაო…
ხო, ლარის გაუფასურება, სიღატაკე, გაჭირვება, 30 წლიდან კი იღებს ბატონო შეიძლება ფესვებს, მაგრა, ამ გრაფიკს რა ვუყოთ? პირველ ფოტოზე გრაფიკი გაჩვენებთ, როგორ გაუფასურდა ლარი ბოლო თვეების მანძილზე, მეორე ფოტოზე კი ხედავთ 2012 წლიდან დღემდე, 2020 წლამდე რა დაემართა ლარს:
ამბობენ, საარჩევნოდ 500 ლარიანი კუპიურა გამოდის მიმოქცევაშიო. 1000 ლარიანი კუპიურის გამოშვებასაც გეგმავდნენ ბიძინა ივანიშვილის ფოტოთი, მაგრამ ივანიშვილს პირბადეში გადაღებული ფოტო არ უნდა კუპიურაზე რომ მოხვდეს და ამიტომ 1000 ლარიანის გამოშვება პანდემიის დასრულებამდე გადაიდო.
საშინელი წინააღმდეგობა გაუწია ეროვნულმა ბანკმა ბიძინა ივანიშვილს, თურმე, 1000 ლარიანს თქვენი ფოტოთი ვერ გამოვუშვებთ, თქვენი ფოტო მხოლოდ მილიონიან კუპიურას მოუხდებაო, მით უფრო, რომ საარჩევნოდ ლარი დოლართან მიმართებაში 4.00 ნიშნულზე ავაო, ამბობენ და მილიონიანი კუპიურა მალე დაგვჭირდება, ასე თუ გაგრძელდა, შორს აღარ იქნება ის დრო, როცა პური ეღირება 1 მილიონი ლარი, ანუ, 1 ბიძინა, წყალი, ნახევარი მილიონი, ანუ, ნახევარი ბიძინა, სიგარეტი – ბევრი ბიძინა და ა. შ. ამბობენ, მილიონიან კუპიურაზე, ბიძინას ფოტოს ფონად ასი აგუგუნებული ქარხანა იქნება გამოსახულიო, თუმცა, “ალია” მაინც ქარის წისქვილებს გირჩევთ.
სიტყვა „ლარი“, ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს ზოგადად განძს, ქონებას. სახელწოდება „ლარი“ ქართული ფულის ერთეულის დასახელებად 1991 წელს წამოაყენა აკადემიკოსმა ვასილ ჩანტლაძემ მინისტრთა კაბინეტისათვის შედგენილ პროექტში.
1999 წელს სრულყოფის თვალსაზრისით მოდიფიცირებულ იქნა 1995 წლის ემისიის ყველა ნომინალის ბანკნოტები, 2002 წელს 1999 წლის ემისიის მხოლოდ 1, 2, 5, 10 და 20 ლარის ღირებულების ბანკნოტები, ხოლო 2004 წელს 50 და 100 ლარის ღირებულების ბანკნოტები.
- 1-ლარიანზე — ნიკო ფიროსმანი — 2006 წლიდან ბანკნოტი ჩაანაცვლა მონეტამ
- 2-ლარიანზე — ზაქარია ფალიაშვილი — 2006 წლიდან ბანკნოტი ჩაანაცვლა მონეტამ.
- 5-ლარიანზე — ივანე ჯავახიშვილი
- 10-ლარიანზე — აკაკი წერეთელი
- 20-ლარიანზე — ილია ჭავჭავაძე
- 50-ლარიანზე — თამარ მეფე
- 100-ლარიანზე — შოთა რუსთაველი
- 200-ლარიანზე — ქაქუცა ჩოლოყაშვილი
- 500-ლარიანზე — დავით აღმაშენებელი — არასდროს ჩაშვებულა ოფიციალურ სავაჭრო მიმოქცევაში.
2007 წლის აპრილში მიმოქცევაში შემოვიდა ახალი 200 ლარიანი კუპიურა. ბანკნოტის ერთ მხარეს გამოსახულია საქართველოს ეროვნული გმირის ქაქუცა ჩოლოყაშვილის პორტრეტი, მეორე მხარეს კი — სოხუმის ხედი. კუპიურას ფონად ქართული კულტურის ძეგლების რელიეფურ გამოსახულებათა ფრაგმენტები აქვს.
კომენტარები