საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, საქართველო ონლაინ განათლების მიმართულებით შეფასებულია, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა. ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა მასწავლებლებს და აღნიშნა, რომ ეს სემესტრი არავითარ შემთხვევაში არ ჩავარდება.
„ეკონომიკის თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ჩარჩო-დოკუმენტი, სადაც კორონავირუსის გამო შექმნილი გამოწვევების დასაძლევად საქართველო განათლების მიმართულებით შეფასებულია, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა. ამ დოკუმენტში დეტალურად არის განხილული ყველა ის ღონისძიება, რაც გატარებულია საქართველოში განათლების სამინისტროს მიერ, განსაკუთრებით, გამოყოფილია ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც განათლების სამინისტრო ახორციელებს საქართველოს პირველ არხთან ერთად – პროექტი ტელესკოლა, რომელიც ხელმისაწვდომობის გარანტიას იძლევა, რადგანაც ეს პროექტი განკუთვნილია ყველასთვის განურჩევლად იმისა, აქვთ თუ არა, ჩვენს მოსწავლეებს ინტერნეტთან წვდომა. ამ დოკუმენტში დეტალურად არის განხილული დისტანციური სწავლების სხვა ღონისძიებებიც, კერძოდ, ეს გახლავთ, ის პროგრამები, რომელიც სკოლების მიერ გამოყენებულია დისტანციური სწავლებისთვის, როგორც ონლაინ, ასევე ოფლაინ რეჟიმში, მაიკროსოფტის პროდუქტები, რომლებსაც ჩვენი სკოლები აქტიურად იყენებენ, ასევე სხვა საკომუნიკაციო პლატფორმებიც.
ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ასეთი ენთუზიაზმით არის დისტანციური სწავლების განხორციელებაში ჩართული. განსაკუთრებით, ყველა მასწავლებელს, რომელიც ასე აქტიურად, ასეთი მონდომებით, შემოქმედებითი მიდგომით იღებს მონაწილეობას, როგორც ონლაინ სწავლების ფორმატში, ასევე ტელესკოლის უაღრესად მნიშვნელოვან პროექტში, ყოველივე ეს საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ ეს სემესტრი აუცილებლად შედეგება და არცერთ შემთხვევაში, არ ჩავარდება“
კომენტარები