მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტის სოსო ჯაჭვლიანის ცოლის განცხადებით, მას ქუჩაში ნიღბიანი პირი დაემუქრა. მისივე განცხადებით, მუქარა ეხებოდა ოჯახს, თუმცა ირმა ჯაჭვლიანს პოლიციისთვის არ მიუმართავს, რადგან, როგორც თავად ამბობს, სამართალდამცავ ორგანოს ის არ ენდობა.
თავად ჯაჭვლიანი მომხდარს კალაძის ცოლის ძმის მხირდან მუქარას უკავშირებს:
“ერთი ადამიანის პირით შემომითვალა გიორგი არეშიძემ მე, რომ საერთოდ თავი დაანებეო. შენ მართალი ხარ თუ მტყუანი, ტელევიზიები ჩვენი არისო და შავ პიარს აგიგორებთო. მერე გახსოვთ, რაც მოხდა, გამგეობის სხდომა ტარდებოდა, იქ შემოვარდნენ, იყო წივილ-კივილი, ვითომ ამ გამგეობის ჩაშლა უნდოდათ, ამ თემაზე მე საერთოდ არ ვილაპარაკებდი, მაგრამ მოთმინების ფიალა ივსება იქ, როცა ოჯახის წევრს, თან ქალს, მეუღლეს ვიღაც ქუჩაში დახვდება და დაემუქრება”, – განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
აღნიშნულ ფაქტს და საკუთარ ცოლის ძმასთან დაკავშირებულ ბრალდებას თბილისის მერი კახი კალაძე სისულელეს უწოდებს.
შეგახსენებთ, რომ გამგეობის სხდომაზე რამდენიმე დღის წინ დაპირისპირება მოხდა, სადაც მკლავჭიდელებმა ჯაჭვლიანს კვერცხები დაუშინეს და წყალი შეასხეს. ისინი ჯაჭვლიანის თანამდებობის დატოვებას ითხოვდნენ.
კომენტარები