ფოტო – ბათუმელები
ბათუმის მერვე საჯარო სკოლაში 6 ოქტომბერს მომხდარი კონფლიქტის შესახებ, „ბათუმელებთან“ დაზარალებული მოსწავლის დედა საუბრობს და ამბობს, რომ მისი შვილის ცემაში 25-მდე პირი მონაწილეობდა, აქედან 10-მდე პირი ამოცნობილია და პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებიან.
„ათი მოზარდი, ვინც ამ ჩხუბის თანამონაწილე იყო, ყველა დასახელებულია პოლიციის მეორე განყოფილებაში. აქედან ჩემი შვილის კლასელი არის ერთი, დანარჩენი იმ კლასელს ჰყავს გამოძახებული. ზოგიერთი სრულწლოვანიც არის ამათგან.
როგორც გავიგე, გ.ჟ-ემ ჩემს შვილს კლასში სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა. მასწავლებელი ამბობს, რომ კლასში დააშოშმინა სიტუაცია, მაგრამ მე იქვე (სკოლის) ბუფეტში ვმუშაობ და ხომ შეიძლებოდა ეთქვა ამის შესახებ? ხომ შეიძლებოდა ეთქვა, რომ ასეთი შემთხვევა იყო და რომ არ გაგრძელდეს, მიაქციე ყურადღება ბავშვსო.
აი, ამაზე მტკივა გული, რომ არ გამაგებინეს და ამის შესახებ ვთქვი კიდეც სკოლაში.
ჩემი ორი შვილი ერთ კლასში სწავლობს, როცა გაკვეთილი დასრულდა, ის მოსწავლე ადრე გამოვიდა კლასიდან, როგორც ჩანს, ბიჭები შეკრიბა და როცა ჩემი შვილიც გავიდა გარეთ, დაუძახა საქმე მაქვსო. ჩემს შვილს მისი მეგობარი კლასელიც ახლდა თან. სკვერში გადაიყვანეს ბავშვი, სადაც ვიდეოთვალი არ არის. ჩემი გოგო რომ გამოვიდა ამ დროს სკოლიდან და დაინახა, რომ მისი ძმა სკვერში გადაიყვანეს, პოლიციას დაურეკა და მეც გამაგებინა. ეს მოხდა 12:07 საათზე. მე რომ მივედი, ბავშვი ძირს იყო დაგდებული, ათი წამით გონებაც ჰქონდა დაკარგული. ბავშვს ტვინის შერყევა აქვს, ცხვირი გატეხილი აქვს, ყბა აქვს დეფორმირებული, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის ყბა-სახის ქირურგი ჩარეული, სრული კომპიუტერული გამოკვლევა არ აქვს ჩატარებული, რომ შინაგანი დაჟეჟილობა აქვს თუ არა, ეს ვიცოდეთ, ან შინაგანი სისხლდენა ხომ არ აქვს, ეს რომ დავინახოთ. შეიძლება ტვინის შერყევის და ტუჩის გაბზარვის გარდა არც ჰქონდეს სხვა მძიმე დაზიანებები, მაგრამ ხომ უნდა დავრწმუნდეთ ამაში“
პირველადი ინფორმაციით, რასაც დედაც ადასტურებს, მოზარდებს შორის დაპირისპირება ტელეფონის დასამუხტს მოჰყვა.
წყარო – ბათუმელები
კომენტარები