საქართველოს კულტურის მინისტრის თეა წულუკიანისადმი პროტესტის ნიშნად, ლიტერატურული კონკურსიდან „ლიტერა“ თავისი წიგნი მწერალმა მათე სარალიშვილმაც მოხსნა.
მათე სარალიშვილი:
გუშინ გზაში გავიგე “ლიტერას” კონკურსის შესახებ. აქამდე პოსტი არ დამიწერია. გამომცემლობასთან შეთანხმების შემდეგ ჩემს აზრს ვაჟღერებ.
მე დებიუტანტი მწერალი ვარ. კონკურსები და მსგავსი გამოწვევები ჩემთვის და ჩემი წიგნისთვის უცხო ხილია. ახლა ყოველი ნაბიჯი ძვირფასია და ფასეული.
ლიტერატურული კონკურსის, “საბას” შემთხვევაში ჩემი სადებიუტო რომანი, რატომღაც, ერთგზის და ორგზის ლაურეატთა გვერდით, წლის საუკეთესო რომანის სახელისთვის მოასპარეზე აღმოჩნდა და ამჯერად “ლიტერაში” სადებიუტო რომანებთან ერთად ნომინირებაზე უკეთეს შესაძლებლობად არაფერი მესახებოდა, მაგრამ ასე არ გამოვა. ვისაც “მივიწყებულნი” წაუკითხავს, მიხვდება, რატომ ვტოვებ კონკურსს.
“მივიწყებულნი” 19 წლისამ დავწერე და 21 წლისამ გამოვეცი. წერის დროს დაგროვილი და გამოხატული ტკივილი ზუსტად ამ პროექტის მაორგანიზებელი ორგანოს, მსგავსი მიდგომის მქონე უკულტურო და ახალგაზრდების წინააღმდეგ მოქმედი პირების ბრალია. ჩემს წიგნს ვერ ვუღალატებ.
ამაზე ფიქრისას Toresaს პოსტი შემომხვდა. ტორესამ სწორი ნაბიჯი გადადგა. ვინც ბოლო დროის ქაოსს, უკულტურობას და უსამართლობას გულრწფელად განიცდის, “კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს” სახელით ჩატარებულ კონკურსში მონაწილეობას არ და ალბათ ვერ მიიღებს.
“ეძღვნება ყველას, ვინც უსამართლოდ დასაჯეს,
სხვისი ტვირთი აჰკიდეს ზურგზე.
ეძღვნება ყველა მოსწავლეს, მასწავლებელსა და მათ მომავალ თაობებს.
ასევე იმათ, ვისაც ოცდამეერთე საუკუნის ყოველდღიური აყალმაყალი აწუხებს და მით უმეტეს მათ,
ვისაც არაფერი აწუხებს ამ ქვეყანაზე.”
სიიდან ჩემს რომანს ვშლი.”
კომენტარები