ამერიკაში მცხოვრები ექიმი ნანა გეგეჭკორი, სოციალურ ქსელში, წერს:
“რემდესევირი…
კოვიდ-19 ნამდვილ კოშმარად ექცა უამრავ ოჯახს. დღე არ გავა, წერილს არ წავაწყდე თხოვნით, რემდესევირის მოძიებაში დავეხმარო მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტის ახლობელს.
მკურნალობის ამა თუ იმ მეთოდზე ჩემი წარმოდგენები და გადაწყვეტილებები ყოველთვის ემყარება სამეცნიერო კლვევებით დადასტურებულ მტკიცებულებებს. ასეა რემდესევირის შემთხვევაშიც. ამ ჩანაწერში შევეცდები კოლეგებისთვის ავხსნა, რა მტკიცებულებები გვაქვს რემდესევირის ეფექტებზე დღეისათვის არსებული კვლევების შედეგებიდან გამომდინარე.
რემდესევირი არის ნუკლეოტიდების კლასის ანტივირუსული მედიკამენტების უახლესი ანალოგი, რომელმაც აჩვენა in vitro პოზიტიური აქტივობა კორონავირუსის (SARS-CoV-2) წინააღმდეგ. დღემდე არსებულმა ვერცერთმა კვლევამ ვერ დაადასტურა მისი ცალსახა სარგებლიანობა პაციენტისთვის უმნიშვნელოვანესი პარამეტრების, სიკვდილიანობისა და მართვითი სუნთქვის საჭიროების რისკებთან მიმართებაში.
რემდესევირის კლინიკურ პრაქტიკაში დანერგვასთან დაკავშირებით ერთგვარი წინააღმდეგობაა ამერიკულ და ევროპულ გაიდლაინებში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ უწევს რეკომენდაციას რემდესევირის გამოყენებას კოვიდ-19-ით დაავადებული პაციენტების მკურნალობაში. ამერიკის ინფექციური დაავადებების ასოციაცია და საკვებისა და წამლის სააგენტო რემდესევირით მკურნალობას დასაშვებად თვლის ჟანგბად-თერაპიაზე მყოფ პაციენტებში. რემდესევირის გამოყენება შედარებით მიზანშეწონილად ითვლება დაბალი დოზით ჟანგბად-თერაპიაზე დამოკიდებულ პაციენტებში. რაც შეეხება მძიმედ მიმდინარე კოვიდ-19-ით გამოწვეულ რესპირატორული დისტრესის სინდრომს, რემდესევირმა ვერ აჩვენა მნიშვნელოვანი კლინიკური სარგებელი ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებში.
• SOLIDARITY – მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ექსპერტების მიერ ჩატარებული ინტერნაციონალური, ე.წ. „სიკვდილიანობის კვლევის“ (mortality trial) ფარგლებში შეფასდა ოთხი ანტივირუსული აქტივობის პრეპარატის (რემდესევირი, ჰიდროქსიქლოროქვინი, ლოპინავირი, ინტერფერონ ბეტა-1) გავლენა კოვიდ-19-ით დაავადებული ჰოსპიტალიზირებული პაციენტების სიკვდილიანობაზე. ანალიზმა დაადასტურა, რომ ვერც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი პრეპარატის გამოყენება კლინიკურ პრაქტიკაში მნიშვნელოვანად ვერ ამცირებს კოვიდ-19-ით გამოწვეულ სიკვდილიანობას ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებში. 301 პაციენტი (2743-დან) გარდაიცვალა რემდესევირის ჯგუფში და საკონტროლო ჯგუფის 2708 პაციენტიდან 303 შემთხვევა დასრულდა ლეტალურად (rate ratio, 0.95; 95% , CI, 0.81 to 1.11; P=0.50). ანალიზისთვის გამოყენებული იყო 11,330 პაციენტზე დაკვირვების შედეგად მიღებული მონაცემები, 30 ქვეყნის 405 ჰოსპიტლიდან. სიკვდილიანობის მაჩვენებელი რემდესევირმა ვერ შეცვალა ვერც მართვით სუნთქვაზე მყოფ პაციენტებში.
• ACTT-1 მულტიცენტრულ, რანდომიზირებულ, პლაცებო-კონტროლირებულ კვლევაში, რომელიც მოიცავდა 1062 პაციენტს, რემდესევირმა გამოჯანმრთელების დრო შეამცირა საშუალოდ 15-დან 10 დღემდე. გამოჯანმრთელებად კვლევა გულისხმობდა ჰოსპიტლიდან გაწერას, ან ჟანგბადზე დამოკიდებულების მოხსნას ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაციის პირობებში (გამოჯანმრთელების თანაფარდობით 1.29, 95% CI 1.12-1.49). ამავე კვლევაში, მექანიკურ ვენტილაციაზე ან ECMO-ზე მყოფ პაციენტებში, გამოჯანმრთელების დღეების რაოდენობა ერთნაირი იყო რემდესევირის და პლაცებოს ჯგუფში (rate ratio for recovery 0.98, 95% CI 0.70-1.36). Post-hoc ანალიზმა აჩვენა, მსუბუქად ჟანგბადდამოკიდებულ, ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებში (ჟანგბადს საჭიროებდნენ მაგრამ არა ვენტილაციის ინვაზიური თუ არაინვაზიური მეთოდებით (ordinal scale 5, hospitalized, requiring any supplemental oxygen)) სიკვდილიანობა რემდესევირის ჯგუფში 4 პროცენტი იყო პლაცებოს ჯგუფის 12.7 პროცენტთან შედარებით (HR 0.30, 95% CI 0.14-0.64). ამ კვლევაში რემდესევირი გამოიყენებოდა დაავადების დაწყებიდან საშუალოდ 9 დღის განმავლობაში. დაკვირვების სრული პერიოდის განმავლობაში სიკვდილიანობის იგივე ტრენდი ვერ შენარჩუნდა და ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა პლაცებოსთან შედარებით (11.4 vs 15.2 პროცენტი პლაცებოსთან შედარებით, hazard ratio [HR] 0.73, 95% CI 0.52-1.03). 4 ამდენად ქვეჯგუფში ნანახი სიკვდილიანობის ტრენდის სუსტი კვალის კლინიკური ღირებულება საეჭვოა.
• ორმაგად დაფარული (double blinded), რანდომიზირებული, ჰუბეის კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ კოვიდ-19-ით დაავადებული პაციენტების მკურნალობისას, რემდესევირის 10-დღიანმა კურსმა მნიშვნელოვნად ვერ შეცვალა კლინიკური გაუმჯობესების მაჩვენებელი პლაცებოსთან შედარებით (HR 1.23 [95% CI 0.87-1.75]). რემდესევირის ჯგუფი სტატისტიკურად მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა პლაცებოსგან, გამოჯანმრთელების დროის თვალსაზრისითაც (hazard ratio 1·52 [0·95–2·43]). ამავე კვლევის შედეგებმა ვერ აჩვენა რემდესევირის ჯგუფში ვირუსული დატვირთვის შემცირება მკურნალობის მეხუთე დღისთვის, რაც მის ანტივირუსულ ეფექტს საეჭვოს ხდის (4·7 log10 ასლი (SE 0·3) რემდესევირის ჯგუფი vs 4·7 log10 copies per mL (0·4) პლაცებოს ჯგუფი (p=0.0672)). კვლევა ნაადრევად შეწყდა რემდესევირის ჯგუფში გვერდითი ეფექტების სიჭარბის გამო (18 (12%) პაციენტი პლაცებოს ჯგუფის 4 (5%) პაციენტთან შედარებით).
• 587 პაციენტზე ჩატარებულ რანდომიზირებულ კვლევაში რემდესევირით მკურნალობის 5-დღიანი და 10 დღიანი კურსი შედარებული იყო სტანდარტულ მკურნალობასთან. კვლევის შედეგების თანახმად რემდესევირის 5 დღიანი კურსის შემთხვევაში კლინიკური გამოსავალი ოდნავ განსხვავდებოდა სტანდარტული მკურნალობის ჯგუფთან შედარებით მაგრამ ამის კლინიკური ღირებულება უმნიშვნელო იყო. ამ მედიკამენტით მკურნალობის 10 დღიანი კურსით მიღებული შედეგი მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა სტანდარტულ ჯგუფთან შედარებით.
რემდესევირი სტეროიდებთან კომბინაციაში, დღეს არსებული კვლევების მონაცემებით შესწავლილი არ არის.
ამ დრომდე გამოქვეყნებული ვერც ერთი კლინიკური კვლევა ვერ ადასტურებს რემდესევირის მნიშვნელოვან როლს კოვიდ-19-ით დაავადებული პაციენტების სიკვდილიანობის ან ხელოვნური ვენტილაციის დღეების შემცირებაში. ამერიკის საკვებისა და წამლის ასოციაციამ რემდესევირს ავტორიზაცია მიანიჭა კლინიკურად ნაკლებეფექტური, გამოჯანმრთელების დროის მინიმალური ცვლილების გათვალისწინებით. იგივე მიზეზით ამ მედიკამენტმა ვერ მოიპოვა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია.
რამდენიმეთვიანი კოვიდ ისტორია ჩემს პროფესიულ და პირად ცხოვრებაში ალბათ ყველაზე მძიმე ტრამვად დარჩება. როცა სიკვდილ-სიცოცხლის სასწორზე ერთ პინაზე კორონავირუსია მეორე მხარეს დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პაციენტის მოვლის მედიკამენტოზური თუ ტექნოლოგიური საშუალებები, ექიმის გამჭრიახი გონება, გამოცდილება და პატიოსნება გჭირდება რომ წონასწორობა სიცოცხლის მხარეს გადახარო… ამ სასწორზე, სიცოცხლის მხარეს თუნდაც მისხალი წონაც რომ დაამატო გამარჯვების ალბათობა პაციენტისთვის მატულობს. სწორედ ამ მისხლის ძიებაში გამოიცადა უამრავი პრეპარატი თუ მიდგომა უმოკლეს დროში. აბსოლუტური უმრავლესობა უწონო აღმოჩნდა და ვერ დამკვიდრდა კლინიკურ პრაქტიკაში…
რამდენადაც ვიცი რემდესევირი საქართველოშიც ხელმისაწვდომი გახდა. ჩემი კოლეგები მალე თვითონ მიხვდებიან ცვლის თუ არა მისი გამოყენება წონასწორობას სიკვდილ-სიცოცხლის სასწორზე…
გამოყენებული ლიტერატურა:
1. Wang M, Cao R, Zhang L, et al. Remdesivir and chloroquine effectively inhibit the recently emerged novel coronavirus (2019-nCoV) in vitro. Cell Res 2020; 30:269.
2. Clinical management of COVID-19. Interim guidance. World Health Organization.
3. Infectious Diseases Society of America Guidelines on the Treatment and Management of Patients with COVID-19 https://www.idsociety.org/…/covid-19-guideline…/ (Accessed on September 22, 2020).
4. Beigel JH, Tomashek KM, Dodd LE, et al. Remdesivir for the Treatment of Covid-19 – Final Report. N Engl J Med 2020; 383:1813.
5. Wang Y, Zhang D, Du G, et al. Remdesivir in adults with severe COVID-19: a randomised, double-blind, placebo-controlled, multicentre trial. Lancet 2020; 395:1569.
6. WHO Solidarity Trial Consortium, Pan H, Peto R, et al. Repurposed Antiviral Drugs for Covid-19 – Interim WHO Solidarity Trial Results. N Engl J Med 2020.
7. Rochwerg B, Agarwal A, Zeng L, et al. Remdesivir for severe covid-19: a clinical practice guideline. BMJ 2020; 370:m2924.
8. Wilt TJ, Kaka AS, MacDonald R, et al. Remdesivir for Adults With COVID-19 : A Living Systematic Review for an American College of Physicians Practice Points. Ann Intern Med 2020.
9. Khristoph D., Spinner CD., Gottlieb RL., Criner GJ., et al. Effect of Remdesivir vs Standard Care on Clinical Status at 11 Days in Patients With Moderate COVID-19: A Randomized Clinical Trial. JAMA 2020; 324:1048.
10. NIH. Covid-19 Treatment Guidelines. Last update November 3, 2020.
11. Johns Hopkins COVID-19 guides. Last updated November 30, 2020.
12. UpToDate Coronavirus disease 2019 (COVID-19): Management in hospitalized adults. Last updated December 7, 2020.”
კომენტარები